Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 360

კლიმაქსი  – Klimax – климакс

მიზეზები და განვითარების მექანიზმი. მოზარდობიდან მენოპაუზამდე პერიოდს რეპროდუქციულს უწოდებენ. მხოლოდ რეპროდუქციულ ასაკში ფუნქციონირებს ქალის სასქესო ჯირკვალი – საკვერცხე. განსაზღვრულ პერიოდში (საშუალოდ – 4 კვირაში) ერთხელ საკვერცხეში ფოლიკული მწიფდება, შემდეგ სკდება და კვერცხუჯრედს ათავისუფლებს. ამავე დროს ფოლიკული გამოიმუშავებს ქალის ძირითად სასქესო ჰორმონს – ესტროგენს, რომელიც  ციკლის პირველ ფაზაში იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანის ზრდას. გამსკდარი ფოლიკულისგან წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც გამოყოფს ქალის მეორე სასქესო ჰორმონს – პროგესტერონს. მისი ზემოქმედებით საშვილოსნოს ლორწოვანში მიმდინარეობს გარდაქმნები, კერძოდ, მომზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისამაგრებლად. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ყვითელი სხეული უკუვითარდება. ამის შედეგად მკვეთრად ქვეითდება სისხლში პროგესტერონის დონე, რასაც საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოფცქვნა  და მენსტრუაცია მოჰყვება. ამასობაში საკვერცხეში მწიფდება მომდევნო კვერცხუჯრედი და იწყება ახალი ციკლი.
საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლის ასაკი დასასრულს 35-დან 50 წლამდე პერიოდში უახლოვდება (ეს ყველასთვის ინდივიდუალურია). თანდათანობით მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედი უფრო და უფრო იშვიათად მწიფდება, რის გამოც მენსტრუაციული ციკლი არარეგულარული ხდება. საკვერცხეების ფუნქციას თავის ტვინში მდებარე ცენტრი არეგულირებს. მათი ფუნქციის დაქვეითებას ცენტრი მასტიმულირებელი ჰორმონების მომატებით პასუხობს. განსაზღვრული ხნის განმავლობაში საკვერცხეები ახერხებენ უკანასკნელი რეზერვების მობილიზაციას, მაგრამ დგება დღე, როდესაც მათი ფუნქციონირება წყდება. ზოგ ქალს მენსტრუაცია შესაძლოა წინასწარი დარღვევების გარეშეც შეუწყდეს.
მენოპაუზის ასაკი ინდივიდუალურია, საშუალოდ 51 წელს უდრის, უმეტესად კი 45-დან 55 წლამდე მერყეობს. თუ მენოპაუზიდან 1 წლის ან უფრო მეტი ხნის შემდეგ ქალს სისხლდენები დაეწყო, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. მართალია, ეს უმეტესად ჰორმონული ბალანსის მერყეობის შედეგია, მაგრამ არ არის გამორიცხული, საშვილოსნოს კიბოს გამოვლინებაც იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებული კიბოსგან განკურნება შესაძლებელია, დაგვიანების შემთხვევაში კი პროგნოზი არასაიმედოა.
საკვერცხეების ფუნქციის მარეგულირებელი ცენტრი,  ჰიპოთალამუსი, უკავშირდება თავის ტვინის სხვა უბნებს, მათ შორის – ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრებს, რომლებიც სისხლის მიმოქცევას და სხეულის ტემპერატურას არეგულირებს, ასევე – ლიმბურ სისტემას, რომელიც “გრძნობათა ცენტრს” წარმოადგენს. ამიტომ არის, რომ მენოპაუზით განპირობებული ჰორმონული ცვლილებები შესაძლოა ფსიქოვეგეტატიური დარღვევების მიზეზად იქცეს. საბედნიეროდ, ეს დარღვევები ყოველთვის არ ვითარდება. მენოპაუზის პერიოდში შემაწუხებელ მოვლენებს ქალების მხოლოდ მესამედი უჩივის. მესამედს მსუბუქი ფორმები აღენიშნება, ხოლო მესამედი კლიმაქსურ პერიოდში საერთოდ ვერ გრძნობს ცვლილებას. იმის წინასწარ განსაზღვრა, რომელ მესამედში მოხვდება ქალი, შეუძლებელია. ეს პიროვნულ თავისებურებებზე არ არის დამოკიდებული.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კლიმაქსის დროს ორი ტიპის დარღვევებია მოსალოდნელი:

  • ფსიქოვეგეტატიური დარღვევები – ალები, ოფლიანობა, უძილობა, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აგზნება, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება, მგრძნობელობის დარღვევა სხეულის ამა თუ იმ ადგილას (პარესთეზიები), შფოთვა – ჰორმონული ფონის ცვლილების შედეგია. მათ შესაძლოა ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინონ თავი. რა უსიამოვნოც უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქადის და გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისთავად გაივლის.
  • გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონების ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, ნელა მიმდინარეობს და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ოსტეოპოროზი, შარდის ბუშტის პრობლემები (შარდის შეუკავებლობა და სხვა). ეს პათოლოგიები, ფსიქოვეგეტატიური დარღვევებისაგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალს აწუხებს.
    მეცნიერებმა ერთი საინტერესო რამ აღმოაჩინეს: იაპონელ, ჩინელ და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ქალებს კლიმაქსურ პერიოდში ნაკლებად აწუხებთ ალები. იშვიათია მათ შორის ოსტეოპოროზიც. თურმე ამის მიზეზი მათი რაციონია: ისინი უხვად მიირთმევენ ცხიმით ღარიბ და მცენარეული ესტროგენების შემცველ სოიის პროდუქტებს. შეიძლება ითქვას, იაპონელი ქალებისთვის სოიის ხაჭო ესტროგენული პლასტირის როლს ასრულებს.

ჰორმონების დეფიციტი და ძვლები
ესტროგენები ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ასტიმულირებს. მენოპაუზის შემდეგ სისხლში ესტროგენების კონცენტრაცია ეცემა, ძვლები კალციუმით ღარიბდება და ოსტეოპოროზი ვითარდება. ოსტეოპოროზს ჩუმ მძარცველს უწოდებენ – მისთვის დამახასიათებელია ძვლების ნელ-ნელა განლევა, რაც თავდაპირველად არავითარ უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს. ოსტეოპოროზი პირველად ხერხემლის არეში სიმკვრივედაკარგული მალების ტკივილებით ვლინდება. შემდეგ ხერხემალი მოკლდება და დეფორმაციას განიცდის. მოგვიანებით ვლინდება ოსტეოპოროზის ყველაზე მძიმე ფორმა – ბარძაყის ყელის მოტეხილობა.
ოსტეოპოროზის მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივია. გაცილებით ეფექტურია მისი პროფილაქტიკა. ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად ზრუნვა კლიმაქსამდე 20-25 წლით ადრე უნდა დაიწყოს.

ჰორმონების დეფიციტი და სისხლძარღვები
სისხლძარღვთა პროგრესირებადი გამკვრივება უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობასა და შრომის უნარზე, ხოლო მათ დახშობას მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი მოჰყვება. ამ დაავადებებს სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მთელ მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. ათეროსკლეროზი (სისხლძარღვების გამკვრივება), ოსტეოპოროზის მსგავსად, თავდაპირველად შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მამაკაცებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შესაძლოა უფრო მცირე ასაკშიც გამოაჩნდეთ, ქალებში კი პრაქტიკულად მხოლოდ 50 წლის შემდეგ გვხვდება. ამის მიზეზიც ესტროგენების დეფიციტია: ეს ჰორმონები ხელს უწყობს ქოლესტერინის ისეთი ფრაქციების წარმოქმნას, რომლებიც არ აზიანებს სისხლძარღვებს და ამგვარად ათეროსკლეროზისგან იცავს. გარდა ამისა, ესტროგენები, ვიტამინებისა და ზოგიერთი მიკროელემენტის მსგავსად, სისხლძარღვთა კედლებს იცავს თავისუფალი აგრესიული რადიკალებისაგან, აფართოებს სისხლძარღვთა სანათურს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მენოპაუზის პერიოდში ესტროგენების დეფიციტი ყველა ამ დამცავი მექანიზმის მოქმედების დაქვეითებას, შემდეგ კი შეწყვეტას იწვევს, რასაც ჯანმრთელობის გაურესება მოჰყვება.
უნდა ითქვას, რომ ყველა ის ღონისძიება, რომლებიც ძვლების კალციუმით გაღარიბებას უშლის ხელს, სისხლძარღვთა ჩაკირვასაც ეწინააღმდეგება.

ჰორმონების დეფიციტი და შარდის ბუშტი
მენოპაუზის შემდეგ თავს იჩენს შარდის შეუკავებლობა. იგი ესტროგენების დეფიციტის ფონზე აღმოცენებული შარდის ბუშტისა და შარსადენის კუნთოვანი და ლორწოვანი შრეების ატროფიითა და სისხლძარღვთა ცვლილებებით არის განპირობებულ.

სხვა გამოვლინებები
ესტროგენების დეფიციტის გამოვლინებაა კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე. კანის სიმშრალე კანის დანაოჭებას იწვევს, საშოს ლორწოვანისა – მტკივნეულობას სქესობრივი კავშირის დროს, ხოლო თვალის ლორწოვანისა – ქრონიკულ კონიუნქტივიტს.
ესტროგენები ხელს უწყობს სახსრებში სინოვიური სითხის ანუ სახსრების საცხის წარმოშობას, ამიტომ კლიმაქსურ პერიოდში ესტროგენების ნაკლებობა სახსრების ტკივილის მიზეზიც არის.
ესტროგენების დეფიციტსა და ზემოთ აღწერილ კლიმაქსურ დარღვევებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობას ადასტურებს მათი გაქრობა ესტროგენებით ჩატარებული ჩანაცვლებითი თერაპიის შედეგად.

კლიმაქსური დარღვევები მამაკაცებში
ქალისგან განსხვავებით, მამაკაცმა შვილოსნობის ფუნქცია შესაძლოა მთელი სიცოცხლის მანძილზე შეინარჩუნოს. მაგრამ ჰორმონთა დეფიციტი, კერძოდ, ძირითადი ანდროგენული ჰორმონის ტესტოტერონის დონის დაქვეითება, ასაკის მატებასთან ერთად მაინც აღინიშნება. ტესტოტერონის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახისა და სიძლიერის ფსიქოემოციური დარღვევები და ორგანული დაზიანებები, პირველ ყოვლისა, სქესობრივი პოტენციის დაქვეითება, რაც ზოგჯერ მძიმე დეპრესიის მიზეზად იქცევა.

კლიმაქსთან ბრძოლა
სადღეისოდ დადგენილია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმით:
I. ჰორმონების დეფიციტის შევსებით;
II. ჯანსაღი ბალანსირებული კვებით;
III. სათანადო ფიზიკური აქტივობით.
ჰორმონების დეფიციტის შევსებით იზრდება ძვლების სიმკვრივე, თითქმის ნახევრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ხოლო შარდის ბუშტთან დაკავშირებული და საშოს სიმშრალის პრობლემების მოგვარება ადგილობრივი მკურნალობითაც (ესტროგენშემცველი კრემები და საშოს სანთლები) არის შესაძლებელი.
ჯანსაღი ბალანსირებული კვება ამ პერიოდში გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას (თუმცა ესტროგენების დაუხმარებლად კალციუმი ძვლებში ვერ შეკავდება), ცხოველური ცხიმისა და ცომეულის შეზღუდვას. რაციონი სიმსუქნის თავიდან აცილებასაც უნდა ითვალისწინებდეს, ვინაიდან ყოველი ზედმეტი კილოგრამი ზრდის მენჯის ფუძის კუნთების დატვირთვას და აძლიერებს შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლას.
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად გამოიყენება მენჯის ფუძის კუნთების მიზანმიმართული ვარჯიშიც.

 

 

კიფოსკოლიოზი – Kyphoscoliosis – кифосколиоз

კიფოსკოლიოზი არის ხერხემლის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს გამრუდების შერწყმა ბუნებრივ კიფოზთან – გულმკერდის ნაწილის მოხრილობის გაძლიერებასთან. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თუ კიფოსკოლიოზი თანდაყოლილია, პარალელურად შესაძლოა დარღვეული იყოს შინაგანი ორგანოების ფიქსაცია და განვითარება.
კიფოსკოლიოზის მიზეზად შესაძლოა იქცეს დისპლაზია ანუ ძვალსახსროვანი სტრუქტურის განუვითარებლობა, ტრავმა, ბავშვობაში გადატანილი პოლიომიელიტი ან ანთებითი პროცესები.
კიფოსკოლიოზის დროს მცირდება ფილტვების ტევადობა, ძნელდება გულმკერდის ყაფაზის მოძრაობა, იზრდება სასუნთქი კუნთების დატვირთვა, მცირდება ფილტვის პარენქიმის წევადობა, ფილტვის ნარჩენი ფუნქციური ტევადობა. გამოხატული კიფოსკოლიოზის დროს ირღვევა აიროვანი ცვლა, შეიმჩნევა ალვეოლური ჰიპოვენტილაცია და CO2-ის ზრდა. კიფოსკოლიოზი გულმკერდის კედლის ზომიერი (გულის ფუნქციის დარღვევის კლინიკური ნიშნების გარეშე) დეფორმაციის შემთხვევაშიც კი იწვევს ფილტვის ჰიპერტენზიას ფიზიკური დატვირთვის დროს (ზოგჯერ – მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი).
გარდა ამისა, დამახასიათებელია ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს და ტკივილი ხერხემლის დაზიანებულ ნაწილში ნერვის მიჭყლეტის გამო.
დაავადების გვიანდელ სტადიაში მოსალოდნელია განვითარდეს ხანგრძლივი ჰიპოქსემიის გართულება – ფილტვის ჰიპერტენზია, გულის მარჯვენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა, ფილტვისმიერი გული.
გულმკერდის არეში ხდება შემდეგი ცვლილებები: ხერხემლის გამრუდებულ მხარეს ნეკნები ფართოვდება და ზურგისკენ ბრუნდება, შედრეკილ მხარეს კი ერთად არის თავმოყრილი და წინ არის წამოწეული.
დაავადების ხასიათის განსაზღვრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მის მიზეზს, ასევე მიმდინარეობის თავისებურებებს (პროგრესულია თუ არა) და შინაგან ორგანოთა ფუნქციებზე გავლენას.
დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ხერხემლის რენტგენოგრაფია, ზოგჯერ – ტომოგრაფიაც. მდგომარეობა უმეტესად მკურნალობას ექვემდებარება.

კიფოსკოლიოზის მკურნალობა ითვალისწინებს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მიმართულია დაავადების გამოვლინებათა შემცირებისკენ, ხერხემლის დაზიანებული ნაწილის, ასევე – მისი გავლენით ფუნქციაშეზღუდული შინაგანი ორგანოების ფუნქციათა აღდგენისკენ. ეფექტურია სამკურნალო ფიზკულტურა, სამკურნალო მასაჟი და მანუალური თერაპია, რომელთა მიზანია:

  • კუნთების ჰიპერტონუსის მოხსნა;
  • ხერხემლის პრობლემურ ნაწილში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება;
  • გამრუდებული ხერხემლის გასწორება და ტკივილის მოხსნა მიჭყლეტილი ნერვის გათავისუფლების გზით.

კიფოსკოლიოზის შორს წასულ სტადიებში (II და IV ხარისხის სკოლიოზი) შედეგიანია ოპერაციული ჩარევა, თუმცა ოპერაცია საკმაოდ რთულია და პირდაპირი ჩვენების არსებობის გარეშე არ ტარდება. ქირურგიული ჩარევისას ხერხემლის ლოკალური ფიქსაციის მიზნით გამოიყენება ლითონის ღერძი. ოპერაციის შემდეგ პაციენტი რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებს თაბაშირის კორსეტს. ოპერაცია სრული გამოჯანმრთელების გარანტიას არ იძლევა.

 

 

კისტა შუასაყარის  – Mediastinal cyst – киста средостения

შუასაყარის კისტებს მიეკუთვნება:

  • ბრონქოგენული კისტა;
  • საყლაპავის კისტა;
  • ნეიროენტეროგენული კისტა;
  • პერიკარდიუმის კისტა;
  • თიმუსის კისტა;
  • გულკერდის ლიმფური სადინარის კისტა.

ბრონქოგენული კისტა
ბრონქოგენული კისტა შუასაყარის კისტებს შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული. მისი მიზეზია ფილტვის ემბრიონულ პერიოდში აღმოცენებული დეფექტები. თუ დარღვევა ჩანასახის განვითარების ადრეულ ეტაპზე მოხდა, შუასაყარის კისტა ყალიბდება, თუ გვიანდელზე – ფილტვისა. ბრონქოგენული კისტა ყველაზე ხშირად ტრაქეის ბიფურკაციის ადგილას მდებარეობს. ზოგჯერ ის თან ახლავს ფილტვის სეკვესტრაციას, დაუნის სინდრომს და ფილტვის დამატებით წილებს.
ბრონქოგენული კისტა კლინიკურად დიდხანს არ მჟღავნდება. მოგვიანებით ყალიბდება განსაზღვრული სიმპტომოკომპლექსი. ყველაზე ხშირია მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის სინდრომი და ინფიცირება.
ბრონქოგენული კისტა ყველაზე უკეთ რენტგენოკომპიურეტული ტომოგრაფიით დიაგნოსტირდება, თუმცა ფილტვების სტანდარტული რენტგენოგრაფიაც არანაკლებ ინფორმაციულია.
ბრონქოგენული კისტის არსებობისას დიდია ალბათობა, დროთა განმავლობაში მოხდეს ზეწოლა ბრონქებზე, საყლაპავზე, მათი ინფიცირება, ამიტომ უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაშიც კი კისტის ამოკვეთაა მიზანშეწონილი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ უსიმპტომო მიმდინარეობის სტადიაში ოპერირება გაცილებით იოლია. ინფიცირებისა და ორგანოებზე ძლიერი ზეწოლის შემთხვევაში შესაძლებელია კისტის გაკვეთა და მისი შიგთავსის გამოღება.

საყლაპავის (ენტეროგენული) კისტა
საყლაპავის კისტა ძალიან ჰგავს ბრონქოგენულს, მაგრამ მასზე იშვიათად გვხვდება. მდებარეობს საყლაპავის ახლოს, ხშირად – მის ქვედა მესამედში. ბრონქოგენული კისტისგან მის გასარჩევად ჰისტოლოგიურ გამოკვლევას მიმართავენ, თუმცა ზუსტი დიაგნოზის დასმა არც ისე მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმონაქმნი ნებისმიერ შემთხვევაში ამოკვეთას საჭიროებს.
საყლაპავის კისტა უმეტესად ერთკამერიანია და ლორწოვანი შიგთავსი აქვს. შესაძლოა, მდებარეობდეს საყლაპავის კედელში ან მის ლორწქვეშა შრეში.
საყლაპავის კისტა თავდაპირველად უჩინარია. ზრდასთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს მეზობელ ორგანოებზე (ბრონქებზე, ფილტვებზე, საყლაპავზე) ზეწოლა, გართულდეს ინფექციით ან გასკდეს. მოსალოდნელია ასევე სისხლდენა კისტის სანათურში.
საყლაპავის კისტის სადიაგნოსტიკოდ საუკეთესო მეთოდია რენტგენულ-კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა ფილტვების ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიაც შედეგიანია. ზოგჯერ საჭიროა ეზოფაგოსკოპია, თუმცა ყველაზე ინფორმაციულ მეთოდად ენდოსონოგრაფია ითვლება.
მკურნალობა, თუ სიცოცხლისთვის საშიში უკუჩვენება არ არსებობს, ოპერაციულია.

ნეიროენტეროგენული კისტა
ნეიროენტეროგენული კისტა ხშირად ერთვის ხერხემლისა და ზურგის ტვინის განვითარების მანკებს. ის, ჩვეულებრივ, დაბადებისთანავე ვლინდება. თუ ბავშვობაშივე არ იჩინა თავი, დიდხანს უსიმპტომოდ განაგრძობს არსებობას. დროთა განმავლობაში მისი ზრდის კვალად, ხდება საყლაპავის მიჭყლეტა და შესაძლოა, პროგრესირებადი სკოლიოზიც კი განვითარდეს.
სიმპტომებიდან აღსანიშნავია ტკივილი, მოტორიკის მოშლა, მგრძნობელობის დაქვეითება და პარაპლეგია.
სადიაგნოსტიკოდ წამყვანი მნიშვენლობა ენიჭება რენტგენულ-კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ხერხემალთან კავშირის დასაზუსტებლად ტარდება მაგნიტურ-ბირთვულ-რეზონანსული კვლევა, ხოლო ზურგის ტვინის პროცესში ჩართვის ხარისხის გასარკვევად – მიელოგრაფია.
კისტის მთლიანად ამოკვეთა აუცილებელია. თუ პროცესში ზურგის ტვინი ან ხერხემალიც არის ჩართული, ოპერაციას იწყებს ორთოპედი ან ნეიროქირურგი და ასრულებს თორაკოქირურგი.

პერიკარდიუმის კისტა
პერიკარდიუმის კისტა უმეტესად მარჯვენა კარდიოდიაფრაგმული კუთხის მიდამოში ან დიაფრაგმის გასწვრივ მდებარეობს. არცთუ იშვიათად ის თიაქარში ერევათ. პერიკარდიალური კისტა შესაძლოა ძალიან გაიზარდოს და რამდენიმე ლიტრ სითხეს შეიცავდეს, თუმცა უმეტესად მომცრო ფორმები გვხვდება. დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და კისტას გულმკერდის პროფილაქტიკური რენტგენოგრაფიის დროს შემთხვევით აღმოაჩენენ.
თუ დიაგნოზი უტყუარია, კისტის ამოკვეთა აუცილებლობას არ წარმოადგენს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმონაქმნი მეტისმეტად დიდია). თუ დიაგნოზი საეჭვოა, ოპერაციული ჩარევა აუცილებელია. ზოგ შემთხვევაში ეფექტურია კისტის შიგთავსის ასპირაცია, თუმცა ზოგი მკურნალობის ამ მეთოდს არ ეთანხმება.

თიმუსის კისტა
თიმუსის კისტა იშვიათია. ის, წესისამებრ, შუასაყარში, წინა მხარეს მდებარეობს. შესაძლოა, ყელის მიდამოშიც გამოვიდეს. იზრდება ძალიან დიდი და ვრცელდება დიაფრაგმამდე. დიაგნოსტირება ხდება რენტგენულ-კომპიუტერული ტომოგრაფიით და სკანირებით. კისტის კედელი ხშირად კალცინატებს შეიცავს. მკურნალობა ქირურგიულია.

გულმკერდის ლიმფური სადინარის კიტა
გულმკერდის ლიმფური სადინარის კისტა ძალიან იშვიათია. ის შუასაყარის უკანა ნაწილში მდებარეობს და საყლაპავსა და ტრაქეაზე ზეწოლის სინდრომით ვლინდება. მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს ცხიმიანი საკვების მიღებისას. სადიაგნოსტიკოდ ტარდება ლიმფოსცინტიგრაფია, თუმცა უმეტესად დიაგნოზი მხოლოდ საოპერაციო მაგიდასთან დაისმის, როდესაც ხდება ქირურგიული ჩარევა შუასაყარის გაურკვეველი ხასიათის სიმსივნის გამო.
მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია. ოპერაციის შემდგომი გართულებაა ქილოთორაქსი – გულმკერდის ლიმფური სადინარის დაზიანების შედეგად ლიმფის პლევრის ღრუში დაგროვება, რაც განმეორებით ოპერაციას საჭიროებს.

 

 

კისტა კბილის – Cysta dentalis – зубная киста

კბილის კისტა ღრუ წარმონაქმნია, რომელიც უმეტესად კბილის ფესვის მწვერვალზე ჩნდება და, წესისამებრ, სითხით არის ამოვსებული. მას ახასიათებს ზრდა, რის შედეგადაც კბილის ფესვის გარშემო ჯანმრთელი ძვლოვანი ქსოვილი მცირდება. ყოველივე ეს საფრთხეს უქადის იმ კბილს, რომლის ფესვთანაც მდებარეობს კისტა. კბილის კისტა ინფექციაზე ორგანიზმის თავისებური პასუხია. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს კბილის არასწორი მკურნალობის დროს. ზოგჯერ კბილის კისტა ვითარდება ჰაიმორიტის ან ისეთი ინფექციური დაავადების შედეგად, რომლის დროსაც პათოგენური მიკრობები სისხლთან ერთად ხვდება ღრძილებში.
კბილის კისტის ფორმირება, ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის მუდმივად იზრდება და ჯანსაღი ძვლოვანი ქსოვილი ზიანდება, ამიტომ პერიოდულად ვიაროთ სტომატოლოგთან. კისტის გამოვლენისა და მკურნალობის სისწრაფეზეა დამოკიდებული კბილის შენარჩუნების ალბათობა. ტკივილი, ტემპერატურა და ფლუსი მხოლოდ გვიან სტადიაში ვითარდება.
ადრეულ სტადიაში შესაძლებელია კბილის კისტის განკურნება თერაპიული მეთოდებით – ექიმი ხსნის ფესვის არხებს და ინფიცირებულ შიგთავსს გარეთ გამოსვლის საშუალებას აძლევს, მერე კი სამკურნალო პრეპარატების მეშვეობით ახდენს ანთებითი კერის ბლოკირებას. თუ ეს უშედეგო აღმოჩნდა, მიმართავენ ქირურგიულ მეთოდებს: ცისტექტომიას, ჰემისექციას, კბილის ფესვის მწვერვალის რეზექციას – ექიმი ამოკვეთს დაზიანებული ფესვისა და ძვლოვანი ქსოვილის ფრაგმენტებს და ყბის ძვლის რეგენერაციისთვის სათანადო პირობებს ქმნის. ქირურგიული ჩარევის უეფექტობის შემთხვევაში საჭიროა კბილის ამოღება.

 

 

კისტა საკვერცხის – Ovarial cyst – киста яичника

საკვერცხის კისტა სიმსივნისებრი წარმონაქმნია, რომელიც კისტურად გადაგვარებულ საკვერცხის ღრუში სითხის დაგროვების შედეგად ვითარდება. დაგროვილი სითხის ოდენობა თანდათან იმატებს, რის გამოც კისტა ნელ-ნელა იზრდება.
საკვერცხის კისტა სხვადასხვა სახისაა. ყველაზე გავრცელებული სახესხვაობებია:

  • ფოლიკულური კისტა;
  • ყვითელი სხეულის კისტა;
  • თეკალუთეინური კისტა;
  • ენდომეტრიოიდული კისტა;
  • დერმოიდული კისტა;
  • პარაოვარიული კისტა.

ფოლიკულური კისტა
საკვერცხის კისტებს შორის ყველაზე ხშირია ფოლიკულური კისტა. ის უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკში ვითარდება. მისი წარმოშობა საკვერცხის ესტროგენული ფუნქციის დარღვევას უკავშირდება, თუმცა განსაზღვრულ როლს ანთებითი პროცესებც ასრულებს.
მცირე ზომის, გაურთულებელი კისტა უმთავრესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოაჩენენ. ჩივილებს მხოლოდ კისტის ფეხზე შემოგრეხა ან მეზობელ ორგანოებზე ზეწოლა იწვევს. ამ დროს აღინიშნება ტკივილი წელის არეში და სიძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში.
დაიაგნოზის დასმა რთული არ არის. ის გინეკოლოგიური კვლევის მონაცემებს ეფუძნება. დიაგნოზის დასაზუსტებლად და საშვილოსნოს სუბსეროზული მიომისგან დიფერენცირების მიზნით ექოგრაფიას მიმართავენ. ასევე საჭიროა ფოლიკულური კისტის დიფერენცირება საკვერცხის კისტომისგან. კისტის დიაგნოზის სასარგებლოდ უმთავრესად მისი მცირე ზომა, ელასტიკური კონსისტენცია და პაციენტის ახალგაზრდა ასაკი მეტყველებს.

მკურნალობა ქირურგიულია. კისტას საკვერცხის ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში ამოკვეთენ, რასაც რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ყვითელი სხეულის კისტა
ყვითელი სხეულის კისტები ფოლიკულურთან შედარებით იშვიათია. მათი წარმოშობის მექანიზმი ასეთია: ოვულაციის შემდეგ ფოლიკული არ იხურება და არ ივსება ლუთეინური უჯრედებით, ღრუ რჩება და სეროზული სითხით ივსება.
ყვითელი სხეულის კისტა ჰორმონულად არააქტიურია. მისი დიამეტრი იშვიათად აღემატება 3-4 სმ-ს. მას გლუვი ზედაპირი და ელასტიკური კონსისტენცია აქვს. ავადმყოფი, ჩვეულებრივ, არაფერს უჩივის, ამიტომ კისტას გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს  შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე.
დიაგნოზის დასასმელად უმეტესად საკმარისია გინეკოლოგიური გამოკვლევა და ექოსკოპია. საჭიროა ყვითელი სხეულის კისტის დიფერენცირება საკვერცხეების ნამდვილი სიმსივნისგან – კისტომისგან. დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს კისტის სასარგებლოდ მეტყველებს შედარებით მცირე ზომა, წარმონაქმნის გაჩენა ან გადიდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში.
თუ ყვითელის სხეულის კისტა იეჭვეს, ოპერაციული  ჩარევას არ ჩქარობენ. ავადმყოფს უწესდება დისპანსერული მეთვალყურეობა, უტარდება დათვალიერება ყოველ 2 თვეში ერთხელ. თუ კისტა არ უკუგანვითარდა ან ზრდა დაიწყო, ოპერაციული მკურნალობა გარდაუვალია, ვინაიდან კლინიკური ნიშნების საფუძველზე საკვერცხის ნამდვილი სიმსივნის გამორიცხვა ძალიან ძნელია. ოპერაციის დროს საკვერცხეს კისტითურთ ამოკვეთენ.
ყვითელი სხეულის კისტა, ფოლიკულურის მსგავსად, რეციდივს იძლევა. პროგნოზი ორივე შემთხვევაში კეთილსაიმედოა.

თეკალუთეინური კისტა
თეკალუთეინური კისტა ტროფობლასტური დაავადებების – ბუშტნამქერისა და ქორიონეპითელიომის დროს ვითარდება. კისტოზური წარმონაქმნები ჩნდება ორივე საკვერცხეში, ფოლიკულების გარსზე მალუთეინიზებელი ჰორმონის დიდი ოდენობით შემცველი ქორიონული გონადოტროპინის მასტიმულირებელი ზემოქმედების შედეგად (მალუთეინიზებელი ჰორმონი გონადოტროპული ჰორმონია, გამომუშავდება ჰიპოფიზის წინა წილში და მონაწილეობს რეპროდუქციიული ფუნქციის ფიზიოლოგიურ რეგულაციაში). ბუშტნამქერის ამოკვეთისა და ქორიონეპითელიომის ქიმიოთერაპიის შედეგად თეკალუთეინური კისტები გაიწოვება, ამიტომ ქირურგიული მკურნალობა საჭირო არ არის.

ენდომეტრიოიდული კისტა
საკვერცხეების ენდომეტრიოზი გენიტალური ენდომეტრიოზის გავრცელებული ფორმაა. ავადმყოფები უმთავრესად უჩივიან ტკივილს, რომელიც მენსტრუაციის დროს ძლიერდება. ზოგჯერ ტკივილის ინტენსივობა იმატებს, თავს იჩენს პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები, რაც ენდომეტრიოიდული კისტების მიკროპერფორაციით  და მათი შიგთავსის  (სისხლის) მუცლის ღრუში მოხვედრით აიხსნება. მუცლის ღრუში სისხლისა და ქსოვილთა ნაწილაკების მოხვედრა მცირე მენჯში შეხორცებითი პროცესების განვითარებას იწვევს.
დაავადების დასაწყისში საშვილოსნოს დანამატების არეში ისინჯება ცალმხრივი, მცირე ზომის, გასინჯვისას მტკივნეული, მრგვალი ელასტიკური წარმონაქმნი. თანდათან კისტა იზრდება, პროცესი მეორე საკვერცხეზეც ვრცელდება, იწყება შეხორცება და წარმოიქმნება ერთიანი კონგლომერატი, რომელიც საშვილოსნოსა და მის დანამატებს მოიცავს. კონგლომერატს აქვს სქელი კაფსულა და უძრავია. პროცესი შესაძლოა გავრცელდეს სიგმოიდურ ნაწლავზეც და მისი სტენოზი გამოიწვიოს.
საკვერცხის ენდომეტრიოზის მქონე ავადმყოფთა უმრავლესობა დიდხანს და უშედეგოდ მკურნალობს ქალთა კონსულტაციებში “ანთებით პროცესს”.
აუცილებელია ენდომეტრიოიდული კისტის დიფერენცირება საკვერცხეების კიბოსგან, ასევე – საშვილოსნოს დანამატების არასპეციფიკური და სპეციფიკური ეტიოლოგიის პარკისებრი ანთებითი წარმონაქმნებისგან. სადიაგნოსტიკოდ უკანასკნელ წლებში ფართოდ გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ სითხის შემცველ სიმსივნურ წარმონაქმნს ავლენს. დიაგნოსტიკის ძალზე ინფორმაციული მეთოდი, განსაკუთრებით – დაავადების ადრეულ სტადიაში, არის ლაპაროსკოპია, რომელიც საკვერცხის ენდომეტრიოიდული წარმონაქმნების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.
დაავადების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლაპაროსკოპიას და ლაპაროტომიის დროს აღებული ქსოვილის მიკროსკოპიულ გამოკვლევას.
ენდომეტრიოიდული კისტის დროს ტარდება ჰორმონული, ქირურგიული, სიმპტომური და ფიზიოთერაპიული მკურნალობა.

დერმოიდული კისტა
დერმოიდული კისტა უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკში ჩნდება. ასიდან 85 შემთხვევაში ცალმხრივია, 15-ში – ორმხრივი. სიმსივნის ზომა 5-დან 20 სმ-მდე მერყეობს. ფორმით მრგვალი ან ოვალურია, აქვს გლუვი ან უსწორმასწორო ზედაპირი, თეთრი ან ოდნავ მოყვითალო, არათანაბარი კონსისტენციის, ზოგან რბილი, ზოგან კი ქვასავით მკვრივი შიგთავსი. სიმსივნის გაკვეთისას იღვრება სქელი ცხიმოვანი სითხე. კისტაში ცხიმთან ერთად პოულობენ თმის ბღუჯას.
კისტის შიგნითა ზედაპირის უდიდესი ნაწილი გლუვია. მხოლოდ ერთი ადგილია ამობურცული. მას პარენქიმული ბორცვი ეწოდება. ბორცვში ხშირად არის კბილები, ძვლები, ორგანოთა ნაწილები, თვალების, ყურებისა და ფარისებრი ჯირკვლის ჩანასახები.
დიაგნოზის დასმას აადვილებს გასინჯვისას სიმსივნის არათანაბარი კონსისტენციის შეგრძნება და ექოსკოპიური გამოკვლევა. ავთვისებიანი გადაგვარება ასიდან 1-2 შემთხვევაშია მოსალოდნელი. მკუნალობა მხოლოდ ქირურგიულია.

პარაოვარიული  კისტა
პარაოვარიული, ანუ საკვერცხის ზედა დანამატის კისტები საკვერცხის ახლოს წარმოიქმნება კოლფის სხეულისგან, რომელიც საშვილოსნოს მილსა და საკვერცხეს შორის, მეზოსალპინქსის ფურცლებში მოთავსებულ ბრმა დაბოლოების მქონე მილაკებს წარმოადგენს. ჩვეულებრივ, ეს მილაკები ობლიტერაციას განიცდის და რუდიმენტული წარმონაქმნის სახე აქვს, მაგრამ სეკრეტის პროდუქციის გამო შესაძლოა კისტოზურად გაფართოვდეს.
პარაოვარიული კისტის კედელი შემაერთებელი ქსოვილისგან შედგება. შიგნითა ზედაპირი გლუვია. კისტა უმეტესად ერთკამერიანია, აქვს ძალიან თხელი კედელი და იოგებს შორის გამჭვირვალეა. ფორმით მრგვალი ან ოვალურია, ზომა 5-დან 25 სმ-მდე მერყეობს.
საკვერცხე პათოლოგიურ პროცესში, ჩვეულებრივ, არ ერთვება. ის კისტის ქვევით და გვერდზეა მოქცეული. საშვილოსნოს მილი ხშირად კისტის ზედაპირზეა გადაჭიმული.
მცირე ზომის პარაოვარიული კისტა პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ავადმყოფი არაფერს უჩივის, მენსტრუალური ფუნქცია არ იცვლება. როდესაც კისტა დიდია, თავს იჩენს მეზობელ ორგანოებზე ზეწოლით  განპირობებული სიმპტომები. განსაკუთრებით ხშირია დიზურიული მოვლენები. გინეკოლოგიური გამოკვლევისას აღმოაჩენენ კისტოზურ წარმონაქმნს, რომლის მოძრაობა შეზღუდულია.
პარაოვარიული კისტის მკურნალობა ქირურგიულია – კისტას ამოკვეთენ. ქირურგიული ჩარევისას შეძლებისდაგვარად ცდილობენ საშვილოსნოს მილისა და საკვერცხეების შენარჩუნებას. პარაოვარიული კისტის ამოკვეთის შემდეგ რეციდივი ძალზე იშვიათია. პროგნოზი კეთილსაიმედოა. უკიდურესად იშვიათია კისტის მალიგნიზაციის შეთხვევებიც.

 

 

კისერმრუდობა – Torticollis – кривошея

კისერმრუდობა კისრის დეფორმაციაა. ამ დროს თავი დახრილია ცალ  მხარეს და ოდნავ უკან არის მიბრუნებული. კისერმრუდობა უმეტესად ცალმხრივია. ორმხრივი ფორმა იშვიათია.
დაავადების განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს ძვლების, რბილი ქსოვილების, სისხლძარღვებისა და ნერვების ნორმალური მდგომარეობის დარღვევა. კისერმრუდობა შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თანდაყოლილ კუნთოვან კისერმრუდობას სიხშირით მესამე ადგილი უკავია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილ დაავადებებს შორის. ის უმეტესად გოგონებს აღენიშნებათ და, წესისამებრ, მარჯვენამხრივია.
თანდაყოლილი კისერმრუდობის მიზეზი ყველაზე ხშირად მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის პათოლოგიაა. ეს კუნთი კისრის ორივე მხარეს მდებარეობს. ზემოდან იგი ემაგრება დვრილისებრ წანაზარდს, რომელიც მდებარეობს ყურის უკან და ქვემოთ, ქვემოდან კი – ლავიწს. მისი ფუნქცია თავის დახრა და ბრუნებაა. თანდაყოლილი კისერმრუდობის დროს, სავარაუდოდ, ერთმანეთს ერწყმის მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთების განვითარების მანკი და მშობიარობის დროს მიღებული ტრავმა. ტრავმას თან სდევს კუნთში სისხლჩაქცევა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ნაწიბური და კუნთი მოკლდება.
დაბადებისთანავე კისერმრუდობა ბავშვების დაახლოებით 1%-ს უვლინდება. ზოგიერთ ახალშობილს ეტყობა მხოლოდ მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის გასქელება ცალ მხარეს ან სახის ასიმეტრია. მოგვიანებით დაავადებულ მხარეს კუნთი ზრდაში ჩამორჩენას იწყებს, ხოლო სიცოცხლის მესამე კვირას უკვე შესამჩნევია თავის დახრა დაავადებულ მხარეს და სახის ჯანმრთელ მხარეს მიბრუნება.
თუ კისერმრუდობას დროულად არ ვუმკურნალეთ, სახის ასიმეტრია გაძლიერდება, ხერხემალი კისრის მიდამოში გამრუდდება და შესაძლოა, შესამჩნევი გახდეს განსხვავება ყურების ნიჟარების ზომასა და ფორმას შორის. ნებაზე მიშვებული კისერმრუდობა 6-7 წლის ასაკში უკვე მკვეთრად არის გამოხატული: ბავშვს თავი მობრუნებული აქვს, მხრები – აწეული, სახე, ყბები და ხერხემლის კისრის ნაწილი – ასიმეტიული, თვალი და წარბი დავადებულ მხარეს უფრო დაბლა მდებარეობს, ირღვევა ხახის განვითარება, იზრდება დვრილისებრი მორჩი, რომელზეც მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთია მიმაგრებული. შესაძლოა, შეიცვალოს სასმენი მილის მიმართულება.
ორმხრივი კისერმრუდობის დროს დაავადებულს თავი უკან აქვს გადაწეული (თუმცა არის წინ დახრის შემთხვევებიც) და მიბრუნება-მობრუნება უჭირს.

იშვიათად გვხვდება კისერმრუდობის შემდეგი ფორმები:

  • ნეიროგენული. ვითარდება კისრის კუნთების დამბლის შედეგად. ეს შესაძლოა იყოს სპასტიკური დამბლა ენცეფალიტის გადატანის შემდეგ. ამ დროს აღმოცენდება კუნთების ტიკისმაგვარი ჰიპერკინეზია – იძულებითი არაკონტროლირებდი შეკუმშვა – და თავის ქნევისმაგვარი მოძრაობები. ასევე შეიძლება გამოიწვიოს გადატანილი პოლიომიელიტის შედეგად განვითარებულმა დამბლამ.
  • დერმატოგენური (კანისა). იწვევს დამწვრობის ან ტრავმის შედეგად გაჩენილი ნაწიბურები.
  • ძვლოვანი. განაპირობებს ხერხემლის კისრის ნაწილის სოლისმაგვარობა ან გაძვალება.
  • დესმოგენური. იწვევს ანთებითი დაავადება (ლიმფური კვანძების ანთება, ფლეგმონა) კისრის არეში.
  • რეფლექტორული. ამ დროს კისერმრუდობას თან სდევს შუა ყურის, სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების ანთება.
  • ტრავმული. ვითარდება ხერხემლის ტრავმის (კისრის ნაწილის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის) შედეგად.

მკურნალობა. კისერმრუდობის ადრეული გამოვლენისას პროგნოზი საიმედოა, ხოლო ნებაზე მიშვებული ფორმის შემთხვევაში, როცა ქალას ასიმეტრიულობა უკვე ფორმირებულია, სასურველი შედეგის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. თუ კისერმრუდობა სამშობიაროშივე გამოვლინდა, ახალშობილს საწოლში თავისებურად – ჯანმრთელი მხარით კედლისკენ – აწვენენ. გარდა ამისა, ბავშვი ისე უნდა ვკვებოთ, რომ თავის დაავადებულ მხარეს მობრუნებას ცდილობდეს. სამშობიაროშივე ინიშნება მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის მასაჟი ორივე მხარეს, სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ კი – სამკურნალო ვარჯიშები, მასაჟი და ფიზიოთერაპია. ზოგჯერ საჭიროა სპეციალური საყელოს ტარება.
კისერმრუდობის გასწორება ხშირად პირველივე წლის მიწურულისთვის ხერხდება. თუ ორი წლისთვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ტარდება დაავადებული კუნთის პლასტიკური ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ პაციენტს თვე-ნახევრით ადებენ თაბაშირს, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კი ბავშვმა სპეციალური თავის დამჭერი უნდა ატაროს, ჩაუტარდეს ფიზიოთერაპიული პროცედურები და სამკურნალო ფიზკულტურა.

 

 

კიბო ფარისებრი ჯირკვლის  – Thyroid cancer – рак шитовидной железы

ფარისებრი ჯირკვლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელებულ ფორმად ვერ ჩაითვლება, თუმცა ბოლო ხანს ის რამდენადმე გახშირდა, განსაკუთრებით – ბავშვთა ასაკში. ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი უფრო მეტად მოხუცები ავადდებიან. 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის კიბოს კვანძების რეგისტრირების სიხშირე ყოველი ათი წლის შემდეგ 10%-ით იმატებს. ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძები და კიბო უმთავრესად ქალებს უვითარდებათ, კვანძის გაავთვისებიანება კი უფრო მამაკაცებს შორის შეიმჩნევა. ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი კარცინომა მემკვიდრეობითი ბუნებისაა.
დაავადებულთა უმრავლესობას კიბოს განვითარებამდე აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (ჩიყვი, ადენომა, პროლიფერაციული ცისტადენომა). კიბო უფრო ხშირად აღირიცხება გავრცელებული ენდემური ჩიყვის გავრცელების რაიონებში. გაავთვისებიანებისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს პროლიფერაციულ პაპილარულ ცისტადენომას.
ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე შენების მიხედვით მეტად ვარიაბილურია. ავთვისებიანობის ხარისხის მიხედვით გამოყოფენ სიმსივნეთა სამ ჯგუფს. ნაკლებად ავთვისებიანი ანუ პოტენციურად ავთვისებიანია პაპილარული ცისტადენომა, რომელსაც, მიუხედავად კეთილთვისებიანი შენებისა, აქვს მიდრეკილება განმეორებითი რეციდივებისა და სისხლძარღვებში ჩაზრდისკენ. მისი გაავთვისებიანების შემთხვევაში ყალიბდება პაპილარული ადენოკარცინომა და ავთვისებიანი ადენომა, რომლებსაც საშუალო ხარისხის ავთვისებიანი სიმსივნეების ჯგუფს მიაკუთვნებენ. უკანასკნელ ჯგუფში შედის ფარისებრი ჯგუფის სხვადასხვა შენების სარკომა, მათ შორის – ლიმფოსარკომაც.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს საწყის სტადიაში კლინიკური სიმპტომატიკა თითქმის შეუმჩნეველია. გასათვალისწინებელია, რომ ხშირად ავთვისებიანი სიმსივნე ვითარდება ხანგრძლივი კეთილთვისებიანი ჩიყვის ფონზე. წარმონაქმნის კარცინომად ქცევის ერთ-ერთ პირველ ობიექტურ სიმპტომს წარმოადგენს უკვე არსებული კვანძის სწრაფი ზრდა, გამკვრივება და ზედაპირის ხორკლიანობა.
ხშირად გასინჯვისას ავადმყოფს ფარისებრ ჯირკვალში უსიმპტომო პროგრესირებად კვანძს აღმოუჩენენ. ასეთ შემთხვევაში ეჭვობენ კარცინომას (მიუხედავად იმისა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ერთეული კვანძი უმეტესად კეთილთვისებიანი ბუნებისაა).
ჯანმრთელ ჯირკვალში სიმსივნური კვანძი ერთ-ერთ წილში, უმეტესად მის ქვედა პოლუსში ვითარდება. სიმსივნე იშვიათად ვრცელდება ორივე წილში. წარმონაქმნი თავდაპირველად მრგვალი, გლუვი და ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილზე მკვრივი კონსისტენციისაა. ზრდის კვალდაკვალ იგი ხორკლიანი ხდება, კარგავს მკვეთრ საზღვრებს და იპყრობს ერთ ან ორივე წილს. ხშირად სიმსივნე უკან, კაფსულაში იზრდება, აწვება შებრუნებით ნერვსა და ტრაქეას, იწვევს ხმის ჩახლეჩას, სუნთქვის გაძნელებასა და ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. საყლაპავის მიჭყლეტის შემთხვევაში ვითარდება დისფაგია (ყლაპვის პროცესის დარღვევა). შემდგომში სიმსივნურ პროცესში ერთვება კისრის კუნთები და სისხლძარღვები. კანზე ჩნდება ვენური ქსელი.
დაზიანების მხარეს ლიმფური კვანძების ზრდა წარმონაქმნის გაავთვისებიანებაზე მიუთითებს. ათიდან 5 შემთხვევაში ბავშვებს კიბოს დიაგნოზს სწორედ კისრის ლიმფური კვანძების გადიდების შემდეგ უსვამენ.
კვანძის მხარეს ხმის იოგების დამბლა იმაზე მიუთითებს, რომ კიბო ინფილტრირებულია ხორხის შებრუნებით ნერვში. ვინაიდან ხმის იოგების დამბლა შესაძლოა ხმის ცვლილებათა გარეშე მიმდინარეობდეს, ხმის ნაპრალი პირდაპირი ლაპაროსკოპიით უნდა დათვალიერდეს.

მეტასტაზები. ჩვეულებრივ, სიმსივნე მეტასტაზირებას არ განიცდის. მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის მაღალდიფერენცირებული კიბო (ფარისებრი ჯირკვლის კიბოს წვრილუჯრედოვანი და ანაპლაზიური ფორები და სხვადასხვა შენების სარკომა) იწვევს მეტასტაზებს – თანაც საკმაოდ ადრე – ფილტვებში, ღვიძლში, თირკმელებში, პლევრაში, ტვინსა და სხვა ორგანოებში. ზომიერი ავთვისებიანობის სიმსივნემ შესაძლოა მხოლოდ კისრის ლიმფური კვანძების მეტასტაზირება გამოიწვიოს.
დიაგნოსტიკა. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის (უპირველეს ყოვლისა – კარცინომის) დასადგენად უნდა ჩატარდეს კვლევათა მთელი წყება.
კიბოზე ეჭვის დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კვლევა არცთუ ისე ინფორმაციულია, ვინაიდან ამ ჯირკვლების ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობას ჰორმონული აქტიურობა არ ახასიათებს. ჰორმონულად აქტიურია თირეოიდული სიმსივნეების მხოლოდ 1%.
ადრეულ სტადიაში დიაგნოზი დაისმის ჯირკვლის ერთ-ერთ წილში სიმსივნური წარმონაქმნის (ან ადრე არსებული ჩიყვის) ზრდის, მისი ზედაპირის ხორკლიანობის, შეზღუდული მოძრაობის, ფარისებრ ჯირკვალში დაჭიმულობისა და მოხრჩობის შეგრძნების საფუძველზე.
დიაგნოსტიკაში დიდი ადგილი უკავია ფარისებრი ჯირკვლის რადიაქტიური იოდით განხორციელებულ რადიოიზოტოპურ სკანირებას, რომლის დროსაც სიმსივნის კერა გამოისახება იზოტოპის ავსების დეფექტის სახით (ავსების დეფექტი – კონტრასტული ნივთიერებით საკვლევი არის არაერთგაროვანი ავსება), მაგრამ რადიოიზოტოპური სკანირება არ იძლევა კეთილთვისებიანი ცივი კვანძის ავთვისებიანისგან დიფერენცირების საშუალებას. არანაკლებ მნიშვნელობას იძენს ეს მეთოდი ფარისებრი ჯირკვლის მეტასტაზების დიაგნოსტირებისას, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ შესწევთ იოდშემცველი პრეპარატების დაგროვების უნარი ან პაციენტს გადატანილი აქვს ოპერაცია და ამოკვეთილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილი.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძების კეთილთვისებიანობისა და ავთვისებიანობის დიფერენციული დიაგნოსტიკის ყველაზე უტყუარი გზაა პუნქციური ბიოფსია. მორფოლოგიური დიაგნოზი დაისმის სიმსივნის ან კისრის მეტასტაზური კვანძების პუნქციის შემდეგ – ეს მანიპულაცია იძლევა ნათელ წამოდგენას სიმსივნის ჰისტოლოგიური ფორმისა და გავრცელების ხარისხის შესახებ. როდესაც კიბოს ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია (მკვეთრი სიმპტომების არარსებობა, წარუმატებელი ციტოლოგიური კვლევა), ჰისტოლოგიური კვლევა უშუალოდ ოპერაციის მსვლელობის დროს ტარდება და მისი შედეგის მიხედვით განისაზღვრება ქირურგიული ჩარევის მასშტაბურობა.
შებრუნებითი ნერვის დაზიანების ხარისხის დასადგენად ტარდება ლაპაროსკოპია (ხორხისა და ხმის იოგების დათვალიერება). ხმის იოგების დამბლის დადასტურება სიმსივნურ პროცესში ნერვის ჩართვას მოწმობს. იმავე მიზანს ემსახურება ბრონქოსკოპია. გარდა ამისა, კვლევის ეს მეთოდი ტრაქეის დათვალიერებისა და მისი შევიწროების ხარისხის დადგენის საშუალებას იძლევა.
ზოგჯერ კვლევის რენტგენოლოგიურ მეთოდსაც მიმართავენ. მას მიეკუთვნება ფარისებრი ჯირკვლის პნევმოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ადგენენ სიმსივნის მიმდებარე ქსოვილებში ჩაზრდის ხარისხს და ანგიოგრაფია, რომელიც ავლენს ავთვისებიანი სიმსივნისთვის მეტად დამახასიათებელ ნიშანს – სისხლძარღვთა ქსელის დაზიანებას. ტრაქეასა და საყლაპავზე სიმსივნის ზეწოლისა და მათში ჩაზრდის დასადგენად ტარდება ტრაქეის რენტგენოგრაფია და საყლაპავის კონტრასტული კვლევა ბარიუმით.
ბოლო ხანს ფართოდ გავრცელდა ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა. მართალია, მისი მეშვეობით ძნელია კიბოს სხვა კვანძოვანი წარმონაქმნებისგან გარჩევა, მაგრამ ვინაიდან მეთოდი ყველაზე უსაფრთხოა, მას მომატებული რისკის მქონე პირების პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის იყენებენ. ულტრაბგერითი კვლევა ფარისებრ ჯირკვლებში ისეთი კვანძოვანი წარმონაქმნების აღმოჩენის საშუალებას იძლევა, რომელთა გამოვლენაც პალპაციით ვერ ხერხდება. ამავე მეთოდის მოშველიებით ტარდება კვანძის დამიზნებითი პუნქციური ბიოფსია.

მკურნალობა. ფარისებრი კიბოს მკურნალობის ტაქტიკა მისი ჰისტოლოგიური შენების, აგრესიულობის, პაციენტის ასაკისა და სხვა ფაქტორების საფუძველზე განისაზღვრება. მკურნალობა ინდივიდუალურია.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის რადიკალური მეთოდია ერთ ან ორივე მხარეს ფარისებრი ჯირკვლის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთა (თირეოიდექტომია) ლიმფურ კვანძებთან ერთად. ბავშვებს, სამომავლოდ ენდოკრინული დარღვევების თავიდან ასაცილებლად, უტოვებენ ფარისებრი ჯირკვლის მცირე, დაუზიანებელ ნაწილს (სუბტოტალური თირეოიდექტომია).
თუ ოპერაციამდე, რომელიც ნაკლებად მასშტაბური იყო, ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის დიაგნოზი არ დაისვა, ტარდება მეორე, რადიკალური ოპერაცია და ამასთან ერთად – ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი დასხივება.
ჩვენებისამებრ, შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის კომბინირებული მეთოდის გამოყენება. მკურნალობის პირველ ეტაპზე ტარდება პირველადი სიმსივნისა და კისერზე არსებული რეგიონული მეტასტაზირების უბნის დისტანციური გამა-თერაპია, მეორე ეტაპზე კი ხდება რადიკალური ქირურგიული ჩარევა.
ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ ჰიპოთირეოზის განვითარების შემთხვევაში პაციენტს მთელი სიცოცხლის მანძილზე მოუწევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული პრეპარატების მიღება.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მრავალი სახეობა მოითხოვს ორგანიზმში თირეოტროპული ჰორმონების გამომუშავების შესუსტებას მედიკამენტების დახმარებით.
ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის თავისებურებას წარმოადგენს მისი შორეული მეტასტაზების აქტიური მკურნალობა. სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეთა შორეული (განსაკუთრებით – მრავალრიცხოვანი) მეტასტაზების შემთხვევაში რადიკალური ჩარევა გამორიცხულია.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეტასტაზირების დროს საკმაოდ შედეგიანია რადიაქტიური იოდით მკურნალობა. ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემთხვევაში ამ პრეპარატის ზემოქმედებით ხშირად სრულიად ქრება მეტასტაზები ფილტვებში და საგრძნობლად ფერხდება მათი ზრდა ძვლებში. რადიაქტიური იოდის გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის შედეგებს შესამჩნევად აუმჯობესებს.
ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის გავრცობილი ფორმების შემთხვევაში პალიატიური მიზნით ტარდება სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია. ამასთანავე, ხშირად ხდება საჭირო ტრაქეოსტომია (ტრაქეის გახსნა და მის სანათურში სუნთქვის აღსადგენი სპეციალური მილის ჩადგმა) – კიბოს შორს წასული ფორმა იწვევს ტრაქეის მიჭყლეტას, რაც, თავის მხრივ, ასფიქსიას განაპირობებს. ეს ოპერაცია ხორციელდება ექსტერნად, თუმცა ტექნიკურად საკმაოდ რთულია, ვინაიდან ტრაქეის მისადგომს სიმსივნე კეტავს.
პროფილაქტიკა. თავიდან უნდა იქნეს აცილებული იოდის დეფიციტი (ამისთვის რეკომენდებულია იოდიანი მარილის, ზღვის კომბოსტოს მიღება) და თავისა და კისრის ხშირი რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დროული მკურნალობა, პროფილაქტიკური კვლევების დროული და რეგულარული ჩატარება, განსაკუთრებით – რისკჯგუფის წარმომადგენლებისთვის. მათ რიცხვს ეკუთვნიან ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებების მქონე პირები, ადამიანები, რომლებსაც ხშირად უხდებოდათ თავისა და კისრის რენტგენული გამოკვლევა სხვა დაავადების გამო, მაღალი რისკის ტერიტორიაზე მცხოვრებლები).

 

 

კიბო საყლაპავის  – Oesophageal cancer – рак пищевода

საყლაპავის კიბო უმეტესად მოწიფული ასაკის და ხანდაზმულ მამაკაცებს ემართებათ. საყლაპავის კიბოს უმეტესად ბრტყელუჯრედული სტრუქტურა აქვს. საყლაპავის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის გავრცელების სიხშირით მეორე ადგილზე დგას ადენოკარცინომა. სიმსივნური წარმონაქმნი ყველაზე ხშირად  აზიანებს საყლაპავის ქვედა და შუა ნაწილებს.
საყლაპავის კარცინომის განვითარების ხელშემწყობ გარეგან ფაქტორებს მიაკუთვნებენ არასწორ კვებას (ცხელი საკვების ხშირ მიღებას), მოწევას, ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას. თამბაქოს მოხმარება საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს 2-4-ჯერ ზრდის, ალკოჰოლისა კი – 1-2-ჯერ.
საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი იმატებს ვიტამინების (განსაკუთრებით – A და C ვიტამინების) დეფიციტისა და ტუტე ხსნარებით დამწვრობის შემთხვევაში (ზემოქმედებიდან მრავალი წლის შემდეგაც კი).
კიბოსწინარე დაავადებებად შეიძლება ჩაითვალოს საყლაპავის აქალაზია და ბერეტის საყლაპავი.
საყლაპავის კარცინომის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გეოგრაფიული ფაქტორიც. ეს დაავადება 400-ჯერ მეტად არის გავრცელებული ჩინეთსა და ირანში, რაც, სავარაუდოდ, კვების თავისებურებით – მარინადების, ნიტროზამინების, სოკოების ჭარბი გამოყენებით და სელენის, ახალი ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტით არის განპირობებული.

სიმპტომები და მიმდინარეობა. საყლაპავის კარცინომის კლინიკური სურათი მკვეთრია. პირველი ჩივილია საყლაპავში უხეში საკვების ძნელად გავლის შეგრძნება. ეს სიმპტომი, რომელსაც დისფაგიას უწოდებენ, თავდაპირველად არცთუ ისე მკვეთრად არის გამოხატული, ამიტომ არც ავადმყოფი და არც ექიმი მას სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ და უხეში საკვებით ან ძვლით საყლაპავის ტრავმირებას უკავშირებენ. საყლაპავის სხვა, კეთილთვისებიანი დაავადებებისგან განსხვავებით, კარცინომის დროს დისფაგიას მონაცვლეობითი ხასიათი არ აქვს – თუ ერთხელ იჩინა თავი, უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება. დისფაგიას ერთვის ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელსაც ზოგჯერ მოჭერითი ხასიათი აქვს და კიბოს საყლაპავის გარეთ გავრცელებაზე მიუთითებს. არის შემთხვევები, როცა ტკივილი წინ უძღვის დისფაგიას.
ყლაპვის გაძნელების გამო ავადმყოფი თავდაპირველად გაურბის უხეში საკვების (პურის, ხორცის, ვაშლის, კარტოფილის) მიღებას, ხეხავს, ფშვნის საკვებს, შემდეგ იძულებულია, მხოლოდ თხიერ საკვებს (რძეს, ბულიონს) დასჯერდეს და თანდათან ხდება. ზოგჯერ საქმე კახექსიამდეც კი მიდის. მოგვიანებით საყლაპავი საერთოდ გაუვალი ხდება და ყოველგვარი საკვები უკან ამოდის. საყლაპავში საკვების შეჩერების შემთხვევაში შეიმჩნევა პირის ღრუდან ამომავალი უსიამოვნო სუნი.
თუ სიმსივნურმა წარმონაქმნმა გულმკერდის ღრუს ორგანოები დააზიანა, შესაძლოა თავი იჩინოს დამახასიათებელმა სიმპტომებმა, რომლებსაც სიმსივნურ პროცესში ამა თუ იმ ორგანოს ჩართვა განაპირობებს. ეს სიმპტომებია გულმკერდის ყრუ ტკივილი, ქოშინი, ტაქიკარდია ჭამის შემდეგ, ხმის ტემბრის შეცვლა, ხველის შეტევა, ლავიწზედა ღრმულების შესივება.
საყლაპავის კარცინომის არასპეციფიკური სიმპტომებია ადინამია, სწრაფად დაღლა, აპათია, გახდომა და უმიზეზო სუბფებრილიტეტი.

მეტასტაზირება. საყლაპავის კიბოს მეტასტაზები ვრცელდება ლიმფური გზით (შუასაყარის ლიმფურ კვანძებსა და მარცხენა ლავიწზედა არეში) და სისხლძარღვებით. ყველაზე ხშირად ზიანდება ღვიძლი (20%), ფილტვები (10%), ძვლოვანი სისტემა და თავის ტვინი. საყლაპავის ზედა ნაწილის კიბოსთვის დამახასიათებელია ადრეული მეტასტაზირება შუასაყარში, კისრის მიდამოში, ლავიწზედა არეში. საყლაპავის გულმკერდის ნაწილის კარცინომის დროს მეტასტაზები მოიცავს შუასაყრის ლიმფურ კვანძებსა და საყლაპავის მიმდებარე უბანს. საყლაპავის ქვედა ნაწილის კიბო კუჭის მცირე სიმრუდის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირდება. შორს წასული ფორმის შემთხვევაში მეტასტაზები მარცხენა ლავიწზედა არეშიც ჩნდება.
მეტასტაზები იშვიათად არის სიკვდილის მთავარი მიზეზი. ამ კუთხით უშუალო გავლენას ახდენს პირველადი სიმსივნის გავრცელების ფონზე განვითარებული პროგრესული გამოფიტვა.
საყლაპავის კარცინომის რეციდივს ოპერაციის არასაკმარისი რადიკალურობა ან სხივური თერაპიის არასაკმარისი ეფექტიანობა განაპირობებს.

დიაგნოსტიკა. როდესაც სიმპტომები უმნიშვნელოდ მაინც არის გამოხატული, სავარაუდოა საყლაპავის კიბოს არსებობა და აუცილებელია სათანადო კვლევების ჩატარება მის გამოსარიცხავად.
საყლაპავის კარცინომის დიაგნოსტიკა, უწინარეს ყოვლისა, ითვალისწინებს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც ავლენს საყლაპავის შევიწროებას, არასწორ კონტურებსა და ინფილტრირებულ კედლებს. შევიწროებული ადგილის ზემოთ საყლაპავი რამდენადმე გაფართოებულია. ზოგჯერ კედლები ისეა შევიწროებული, რომ თხევადი ბარიუმი წვრილ ნაკადად ძნელად გადადის კუჭში.
კვლევის მეორე ძირითად მეთოდს წარმოადგენს ეზოფაგოსკოპია, რომელიც საყლაპავის სანათურის ან მისი შევიწროებული ნაწილის თვალით დანახვის საშუალებას იძლევა. საყლაპავის კიბოსა და სპაზმის ერთმანეთისგან გარჩევა ზოგჯერ მხოლოდ მყარი რენტგენოლოგიური და ეზოფაგიტური სურათის მეშვეობით ხერხდება: ანტისპაზმური საშუალებების შეყვანის შემდეგ სპაზმი გაივლის და ნორმალური გამავლობა აღდგება. დიაგნოსტირების უკანასკნელ ეტაპს წარმოადგენს ბიოფსიური მასალის აღება ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური კვლევისთვის.
საყლაპავის კარცინომის დიაგნოსტიკაში სისხლის ლაბორატორიულ კვლევას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, ვინაიდან ანემია კიბოს გვიანდელ სტადიაში ვითარდება.
სიმსივნური პროცესის შუასაყარში გავრცელების ხარისხის დასადგენად, ლიმფური გზით მისი გავრცელების განსასაზღვრავად და შორეული მეტასტაზების აღმოსაჩენად ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია. ბრონქოსკოპია სასუნთქ გზებში სიმსივნის გავრცელების დასადგენად ტარდება. როდესაც დიაგნოზის დასმა ჭირს, ინიშნება მედიასტინოსკოპიაც.
მეტასტაზების აღმოსაჩენად ინიშნება გულმკერდის რენტგენოგრაფია და ღვიძლის ექოსკოპიური კვლევა.

მკურნალობა. საყლაპავის კარცინომის რადიკალური მკურნალობა ორგვარად შეიძლება განხორციელდეს. პირველი მეთოდია სხივური თერაპია, მეორე კი ქირურგიული მკურნალობა. საყლაპავის კიბოს შემთხვევაში ქიმიოთერაპია ავადმყოფს პრაქტიკულად არ უხანგრძლივებს სიცოცხლეს. უფრო საიმედოა ქიმიო და სხივური თერაპიის კომბინაცია. სიმსივნური წარმონაქმნის ზომის შესამცირებლად და ოპერაციის შორეული შედეგის გასაუმჯობესებლად ოპერაციის წინ ტარდება ქიმიო და სხივური თერაპია. ბოლო ხანს საკმაოდ მიმართავენ კომბინირებულ მკურნალობას. თავდაპირველად ტარდება დისტანციური გამა-თერაპია, ხოლო 2-3 კვირის შემდეგ ხორციელდება ქირურგიული ჩარევა, რომლის უპირატესობაც ის არის, რომ აღადგენს საყლაპავის გამავლობას.
ქირურგიული მკურნალობა საყლაპავის ქვედა ან შუა მესამედის დისტალური ნაწილის დაზიანებისას ტარდება. შემუშავებულია ორი ოპერაციული მეთოდი. პირველი ასეთია: საყლაპავის ქვედა მესამედის კარცინომის დროს კვეთენ დაზიანებულ ნაწილს, 5-6 სმ სიგრძის უბანს სიმსივნური წარმონაქმნის ზემოთ და ქვემოთ, ხშირად – კუჭის ზედა ნაწილსაც, შემდეგ ქმნიან საყლაპავ-კუჭის კავშირს, რისთვისაც საყლაპავის ბოლოს აკერებენ კუჭს. მეორე ტიპის ოპერაციას თორაკას ოპერაციას უწოდებენ. ის საყლაპავის შუა ნაწილის კიბოს შემთხვევაში ტარდება. ავადმყოფს წინასწარ ადებენ გასტროსტომას (კუჭის კედელს აკერებენ მუცლის წინა კედელზე), შემდეგ კი საყლაპავს მთლიანად იღებენ ყელიდან. ავადმყოფი იკვებება ზონდით, რომელიც გასტროსტომაშია მოთავსებული, ხოლო 1-2 წლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში მეტასტაზები არ განვითარდა, საკვების ნორმალური გადაადგილების აღსადგენად არარსებული საყლაპავის ნაცვლად აკერებენ წვრილ ან მსხვილ ნაწლავს.
დიდი ყურადღება ექცევა ასეთი ავადმყოფის საოპერაციოდ მომზადებას და ოპერაციის შემდგომ მოვლას. სტაციონარში დაწოლის დღიდანვე პაციენტს ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით უსხამენ ვენაში საკვებ სითხეებს, ვიტამინებს, ცილოვან პრეპარატებს, პლაზმასა და სისხლს. პირიდან (შეძლებისამებრ) ხშირად და მცირე ულუფებით აწვდიან მაღალკალორიულ საკვებსა და სხვადასხვა სითხეს.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში ავადმყოფის მოვლა ჩარევის ხასიათზეა დამოკიდებული. გასტროსტომის დადება რთული ოპერაცია არ არის, მაგრამ აუცილებელია ექიმისგან ინსტრუქციის მიღება იმის თაობაზე, როდის უნდა დაიწყოს ავადმყოფმა კვება. ვიდრე პაციენტი ძალებს აღიდგენს, მას ხელოვნურად კვებავენ: კუჭის მსხვილ ზონდს გასტროსტომის ხვრელის გავლით კუჭში ათავსებენ და ზონდიდან ნელ-ნელა, მცირე ულუფებით შეჰყავთ რძის (ნაღების), კვერცხის, ბულიონისა და ნაღების კარაქისგან მომზადებული ნარევი. შემდგომში რაციონს აფართოებენ, მაგრამ საკვები აუცილებლად თხიერი და გახეხილი უნდა იყოს. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს ხშირად (დღეში 5-6-ჯერ) და მცირე ულუფებით.
შესამჩნევად მძიმედ მიმდინარეობს ოპერაციის შემდგომი პერიოდი გულმკერდის ღრუზე განხორციელებული ოპერაციის (თორაკა) და პლასტიკის შემდეგ. ამ შემთხვევაში ავადმყოფს უტარდება შოკის საწინააღმდეგო კომპლექსური თერაპია (სისხლის, მისი შემცვლელი ხსნარების, სითხეების გადასხმა), ენიშნება გულ-სისხლძარღვთა მასტიმულირებელი საშუალებები, ჟანგბადი, ჭრილობაში იდგმება დრენაჟი. საყლაპავის პლასტიკის შემდეგ კვება კვლავ გასტროსტომიდან ხორციელდება და წყდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადანერგილი ნაწლავი მთლიანად მიუხორცდება საყლაპავსა და კუჭს. მოგვიანებით გასტროსტომა თავისთავად ხორცდება.
საყლაპავის კიბოს გავრცობილი ფორმის შემთხვევაში (როდესაც სიმსივნე ჩაზრდილია ტრაქეობრონქულ ხეში, შუასაყრის ორგანოებში ან აღინიშნება შორეული მეტასტაზები) პალიატიური ეფექტი მიიღწევა საყლაპავის ობსტრუქციის ადგილიდან ფართო მილის გატარებით, რათა პაციენტს ნერწყვისა და თხიერი საკვების გადაყლაპვის საშუალება მიეცეს. ზოგჯერ საყლაპავის გამავლობის შესანარჩუნებლად იდგმება სილიკონის გამაფართოებელი მილები. არის შემთხვევები, როდესაც სიმსივნეს ლაზერით წვავენ, ხოლო სრული დისფაგიის შემთხვევაში ადებენ გასტროსტომას.

პროფილაქტიკა. კიბოს ნებისმიერი ფორმის პროფილაქტიკის ძირითადი გზაა კიბოსწინარე დაავადებების (ამ შემთხვევაში – საყლაპავის აქალაზიის, ბერეტის საყლაპავის) დროული გამოვლენა და მკურნალობა, ასევე – კიბოს გამოვლენა საწყის სტადიებში, რაც ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა. სასურველია, ადამიანმა რეგულარულად ჩაიტაროს პროფილაქტიკური კვლევა და ექიმს დაუყოვნებლივ აცნობოს ჯანმრთელობის გაუარესების, ყლაპვის გაძნელების შესახებ.
ვინაიდან არასწორი კვება (ცხელი საკვების, ცხარე კერძისა და საწებლის ხშირი მიღება, A და C ვიტამინების დეფიციტი), მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება საყლაპავის კიბოს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია, დაავადების პროფილაქტიკისთვის მიზანშეწონილია, მოწესრიგდეს კვების რეჟიმი და რაციონი.

 

 

კიბო საკვერცხის  – Ovarian Cancer – рак яичника

საკვერცხის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის კარცინომას სიხშირით პირველი ადგილი უკავია. ამ დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად კლიმაქსისწინა და კლიმაქსურ პერიოდში ვითარდება.
განასხვავებენ საკვერცხის კიბოს პირველად, მეორეულ და მეტასტაზურ ფორმებს.
საკვერცხის პირველადი კიბო, წესისამებრ, ორმხრივია. წარმონაქმნი ხორკლიანი და მკვრივია, იშვიათად აღწევს დიდ ზომას. სტრუქტურა ჯირკვლოვანი აქვს, თუმცა შეიმჩნევა მკვრივი ეპითელური კერებიც. საკვერცხის პირველადი კიბო ყველაზე ხშირად 30 წლამდე ასაკში გვხვდება.
საკვერცხის მეორეული კიბო უმეტესად საკვერცხის კისტის საფუძველზე წარმოიქმნება. ეს კეთილთვისებიანი კისტოზური სიმსივნეები სხვადასხვა ზომისაა (გიგანტურიც კი გვხვდება) და სავსეა ან გამჭვირვალე სითხით (სეროზული კისტომა), ან ლორწოთი (ფსევდომუცინოზური კისტომა), ან საგოზავისმაგვარი ნივთიერებით (ტერატოიდული კისტომა). ყველაზე ხშირად ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის სეროზული კისტომები – პაპილომური წანაზარდები, რომლებიც გარეგნულად ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს და ნაწილობრივ ავსებს კისტის ღრუს. სეროზული კიბო უმეტესად 40-60 წლის ქალებს შორის გვხვდება, მუცინოზური კი 60 წელს გადაცილებულებს შორის.
საკვერცხის მეტასტაზური კარცინომა შესაძლოა განვითარდეს კიბოთი დაზიანებული ნებისმიერი ორგანოდან, თუმცა ყველაზე ხშირად კუჭის კარცინომიდან იღებს სათავეს. სიმსივნური უჯრედები საკვერცხეებში აღწევენ სისხლის ნაკადის მეშვეობით ან ლიმფური გზით (კრუკენბერგის სიმსივნე). საკვერცხის მეტასტაზურ კიბოს სწრაფი ზრდა და ავთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. უმეტესად ორივე საკვერცხე ზიანდება. სიმსივნე მალევე გადადის მცირე მენჯის ღრუში და მრავალრიცხოვან ხორკლოვან სიმსივნურ კვანძს წარმოქმნის.

ავთვისებიანი სიმსივნის განსაკუთრებული ფორმაა ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომა, რომელიც გარეგნულადაც და გავრცელებითაც ძალიან ჰგავს კიბოს, მაგრამ შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. ეს სიმსივნეც შედგება მრავალრიცხოვანი პაპილარული წანაზარდების მქონე კისტოზური წარმონაქმნისგან, რომლებიც საკვერცხეებში ჩაიზრდება. იგი ვრცელდება მუცლის ფარის სეროზულ საფარზე, ცალკეული მეტასტაზური კვანძების სახით აზიანებს ბადექონსა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებს და იწვევს ასციტს.
საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის მეტად იშვიათ ფორმას წარმოადგენს გრანულოზურუჯრედული კიბო, ადენობლასტომა, ბრენერის ავთვისებიანი სიმსივნე, სტრომული სიმსივნე (საკვერცხის გრანულები ჩნდება ახალგაზრდა ასაკში და ახასიათებს აგრესიული მიმდინარეობა), დისჰერმინომა (ახასიათებს სწრაფი ზრდა, მეტასტაზირდება მუცლის გარეთა ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, სხვა ორგანოებში, მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლის მოშლით), ტერატოკარცინომა და სხვა.

მიმდინარეობა და სიმპტომები. საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე უმეტესად ადრეულ სტადიაშივე ვლინდება. მცირე ზომის მოძრავი სიმსივნის შემთხვევაში ავადმყოფი არაფერს უჩივის. მენსტრუალური ციკლი ორივე საკვერცხის დაზიანების შემთხვევაშიც კი არ ირღვევა და დაავადებას შემთხვევით აღმოაჩენენ. როცა სიმსივნე დიდ ზომას აღწევს და მეზობელ ორგანოებზე ზეწოლას იწყებს, მუცლის ქვედა ნაწილში ჩნდება სისავსისა და ზეწოლის შეგრძნება, ვითარდება შეკრულობა, ჭირს შარდის გამოყოფა, თავს იჩენს ტკივილი. სიმსივნური წარმონაქმნის მენჯის ვენებზე ზეწოლის შემთხვევაში ფეხები შუპდება, ვითარდება თრომბოზი.
საკვერცხეების კარცინომის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა მისი ფეხზე შემოგრეხა, რომელიც იწვევს მწვავე მუცლის სურათს (მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ – კოლაფსი). თუ სიმსივნე კისტოზური ბუნებისაა, მისი შიგთავსი იღვრება მუცლის ღრუში, რაც კისტის დაჩირქების შემთხვევაში იწვევს პერიტონიტს. ფსევდომუცინოზური კისტის გაგლეჯას შესაძლოა მოჰყვეს მრავალი ლორწოიანი კისტის წარმოქმნა, რომლებიც მთელ მუცლის ღრუს აზიანებენ, ხოლო ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომის გახევა იწვევს პროცესის დისემინაციას მთელ მუცლის ფარზე.
ავთვისებიან ეპითელურ სიმსივნეს ორი სახის სასქესო ჰორმონის გამოყოფა შეუძლია. ერთი მათგანი გრანულურუჯრედოვანი სიმსივნეა, რომელიც იწვევს ფემინიზაციას (გოგონებში – ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, მენოპაუზის ასაკშის ქალებში – სისხლდენის განახლებას). მეორე სახის სიმსივნეა ადენობლასტომა, რომელიც, პირველისგან განსხვავებით, იწვევს ქალებში მუსკულატურის განვითარებას, წვერის ზრდას, ფიგურის შეცვლას, სარძევე ჯირკვ ლების შეჭმუხვნას, მენსტრუაციის შეწყვეტას. ამ ჰორმონულად აქტიური სიმსივნეების ამოკვეთის შემდეგ ქალს ადრინდელი გარეგნობა უბრუნდება.
მეტასტაზირება. საკვერცხეების კარცინომა მეტასტაზირებას განიცდის მუცლის ღრუში, ზოგჯერ – მუცლის ღრუს გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებში. შესაძლოა, განვითარდეს მეტასტაზური ასციტი და პლევრიტი. შედარებით იშვიათად მეტასტაზები ჩნდება ღვიძლში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში. საკვერცხეების კიბოს რეციდივი ხშირად ლოკალიზდება მცირე მენჯის ღრუს მიდამოში. მუცლის გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებსა და ფილტვებში მეტასტაზების განვითარება ოპერაციიდან მრავალი წლის შემდეგაც კია შესაძლებელი.

დიაგნოსტიკა. საკვერცხეების კიბოს ადრეულ სტადიაში ამოცნობა ძნელია. ოპერაციის დროსაც კი მისი ავთვისებიანობის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. უნდა ითქვას, რომ საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეების 20% ავთვისებიან ელემენტებს შეიცავს. გასინჯვის დროს საკვერცხის კარცინომაზე ეჭვის მიტანის საბაბს იძლევა შემდეგი ნიშნები: სიმსივნის მკვრივი კონსისტენცია, ხორკლიანი, კვანძოვანი ზედაპირი, ორმხრივი დაზიანება, სწრაფი ზრდა, მცირე მენჯის ღრუსში მეტასტაზური კვანძების არსებობა, ასციტი. გასინჯვის მონაცემებს ადასტურებს ულტრაბგერითი ტომოგრაფია. დაავადების შედარებით გვიანდელ სტადიაში ინფორმაციულია ლაპაროსკოპია, მორფოლოგიური ანალიზისთვის საჭირო მასალის ბიოფსია და ექსუდატის ციტოლოგიური გამოკვლევა.
დიაგნოზის დასადგენად და პროცესის დინამიკაში დაკვირვების მიზნით კარგია სიმსივნის მარკერის (A-ფეტოპროტეინი, ქორიონული გონადოტროპინი), ესტროგენებისა და ანდროგენების განსაზღვრა.
ვინაიდან საკვერცხეების კიბოს შესაძლოა მეტასტაზური ბუნება ჰქონდეს, სხვა ორგანოს პირველადი კიბოს გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს პაციენტის სრული გამოკვლევა (პირველ რიგში – კუჭის რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევა და სარძევე ჯირკვლების სრულფასოვანი შემოწმება).
მკურნალობა. საკვერცხეების კიბოს მკურნალობა ქირურგიულია. დაავადების ლოკალიზებული ფორმების შემთხვევაში საშვილოსნოსა და მის დანამატებს ამოკვეთენ და ატარებენ ბადექონის რეზექციას. ვინაიდან ქირურგიული ჩარევის დროს საკვერცხის სიმსივნის ხასიათის განსაზღვრა ყოველთვის ვერ ხერხდება, ოპერაციის მსვლელობის პარალელურად რეკომენდებულია სასწრაფო ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც ქირურგს ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრაში დაეხმარება.
საკვერცხის კიბოს დისემინირებული ფორმის შემთხვევაში მიმართავენ პალიატიურ ოპერაციას, რომლის მიზანიც ქიმიოთერაპიის წინ სიმსივნის მოცულობის შემცირებაა.
შედეგიანია საკვერცხის გავრცობილი კარცინომის მკურნალობა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. ქიმიოთერაპია, რომელიც საკვერცხის ლოკალიზებული კიბოს დროს მკურნალობის შედეგებს აუმჯობესებს, გავრცობილი სიმსივნეების შემთხვევაში მკურნალობის წამყვან მეთოდს წარმოადგენს. ქიმიოთერაპია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპერაციის წინა პერიოდში. თუ ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის ფონზე დაავადების კლინიკური გამოვლინება შეწყდა, ტარდება ლაპაროსკოპიული კვლევა, ხოლო სრული რემისიის მიღწევისა და ქიმიოთერაპიის თორმეტთვიანი კურსის შემდეგ დაისმის მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
საკვერცხეების კიბოს ზოგიერთი ფორმის (პაპილარული ცისტადენომის) დროს ქიმიოთრეპიასთან ერთად მიმართავენ სხივურ თერაპიას, რომლის ეფექტიანობაც სიმსივნური წარმონაქმნის რადიომგრძნობელობაზეა დამოკიდებული.

პროფილაქტიკა. საკვერცხეების კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია რეგულარული გინეკოლოგიური პროფილაქტიკური გასინჯვით. გასინჯვის შედეგები ულტრაბგერითმა ტომოგრაფიამ უნდა დაადასტუროს. საკვერცხის სიმსივნე, თუნდაც კეთილთვისებიანს ჰგავდეს, უნდა ამოიკვეთოს.

 

 

კიბო კუჭის  – Stomach cancer, Gastric cancer – рак желудки

კუჭის სიმსივნეების 90-95% ავთვისებიანია. მათი 95% კარცინომაა. ავადობისა და სიკვდილიანობის მხრივ კუჭის კიბოს მეორე ადგილი უკავია ფილტვების კიბოს შემდეგ. ავთვისებიანი სიმსივნის ეს ფორმა მამაკაცებში 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება. ყველაზე ხშირად 40-45 წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა არცთუ იშვიათია 30-35 წლის და უფრო ადრეულ ასაკშიც. მამაკაცებს კუჭის კარცინომა უმთავრესად 50-57 წლის ასაკში უვლინდებათ.
კიბო კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი ეპითელიუმისგან წარმოიქმნება და ადენოკარცინომის მსგავსი სტრუქტურისაა, მაგრამ არცთუ იშვიათად აქვს უფრო ანაპლაზიური ხასიათიც.
განასხვავებენ დაავადების სამ სტადიას:
I სტადია – სიმსივნის დიამეტრი არ აღემატება 2 სმ-ს, მოიცავს მხოლოდ ლორწოვან გარსს, არ შეიმჩნევა მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში;
II სტადია – სიმსივნური წარმონაქმნის დიამეტრი უტოლდება 4-5 სმ-ს, ჩაზრდილია ლორწოვანქვეშა და კუნთოვან გარსში, შესაძლოა, განვითარდეს რეგიონული მეტასტაზები;
III სტადია – სიმსივნე დიდი ზომისაა, ჩაზრდილია სეროზულ გარსსა და მეზობელ ორგანოებში, განვითარებულია შორეული მეტასტაზები.
ოპერაციული ჩარევის შემდეგ სიმსივნე TNM სისტემის მიხედვით კლასიფიცირდება.
ზრდის მიხედვით განასხვავებენ კუჭის კიბოს ოთხ ფორმას.

  • პოლიპისებრი, ეგზოფიტურად მზარდი კიბო მკვეთრად გამოყოფილ და კუჭის სანათურში სოკოსებურად მზარდ სიმსივნეს წარმოადგენს. ეს ფორმა ნელა იზრდება, გვიან ვლინდება და მეტასტაზირდება, რაც მის კეთილსაიმედოობაზე მეტყველებს.
  • ლანგრისებრი ეგზოფიტურად მზარდი კიბო წარმოადგენს მკვეთრად შემოფარგლულ ბრტყელ წყლულს, რომელსაც გარს აკრავს მაღალი ლილვაკი. იგი მეტასტაზებს შედარებით გვიან იძლევა.
  • ინფილტრაციულ-წყლულოვანი კიბო წყლულს ჰგავს, მაგრამ არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები. კუჭის კედელი დიფუზურად ინფილტრირებულია.
  • მეოთხე ფორმაა ინფილტრირებული კიბო ხილული საზღვრების გარეშე.

ორი უკანასკნელი ფორმა ძლიერ ავთვისებიანია, ადრევე ჩაიზრდება კუჭის სეროზულ გარსში, იწვევს მეტასტაზებს და დისემინაციას მუცლის ღრუში.
კუჭში კიბოს ლოკალიზაცია ტიპურია. უმეტესად აზიანებს მცირე სიმრუდეს, კუჭის გამოსასვლელს, სუბკარდიულ და კარდიულ ნაწილებს. შედარებით იშვიათად ჩნდება დიდ სიმრუდესა და კუჭის ფსკერზე.
კუჭის კიბოს წარმოშობის მიზეზი უცნობია. შეინიშნება კარცინომის სიხშირის მატება (20%-ით) ოჯახის წევრებს შორის. სავარაუდოა გენეტიკური კომპონენტის არსებობაც. განსაზღვრული ეტიოლოგიური მნიშვნელობა აქვს C ვიტამინის დეფიციტს, კონსერვანტებს, ნიტროზამინებს.
კუჭის კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კიბოსწინარე მდგომარეობები: ქრონიკული ატროფიული გასტრიტი, ქრონიკული წყლული, პერნიციოზული ანემია, კუჭის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა (განსაკუთრებით – რეზექციიდან 10-20 წლის შემდეგ), კუჭის ადენომური პოლიპი (მალიგნიზაციის სიხშირე უტოლდება 40%-ს 2 სმ-ზე მეტი დიამეტრის პოლიპებში), იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, Helicobacter pylori-თ ინფიცირება, ამიტომ კუჭის კიბოს პროფილაქტიკის უმთავრესი გზა ამ დაავადებების დროული მკურნალობაა. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება შინაგანი კანცეროგენული ფაქტორების (უხეში, დაშაშხული, ცხიმიანი, შემწვარი, ცხარე საკვები, კვების არასწორი რეჟიმი, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება) აღმოფხვრას. ეს ფაქტორები ხელს უწყობს გასტრიტის განვითარებას, რომელიც შემდგომ კიბოს საფუძვლად იქცევა.

 სიმპტომები და მიმდინარეობა. კუჭის კიბოს კლინიკური ნიშნები დაავადების საწყის სტადიაში მწირი და გაურკვეველია. ჩივილებს ზოგჯერ ექიმიც კი გასტრიტის გამოვლინებად მიიჩნევს და სრული გასტროლოგიური გამოკვლევის გარეშე ნიშნავს ამა თუ იმ მედიკამენტს. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომლებმაც ავადმყოფის ჩივილების ყურადღებით გაანალიზების შემთხვევაში ადვილად შეიძლება სპეციალისტს კიბო აეჭვებინოს. ეს სიმპტომებია:

  • განწყობის შეცვლა, რომელიც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება და გამოიხატება უმიზეზო სისუსტით, შრომის უნარის დაქვეითებით, სწრაფი დაღლით;
  • უმადობა, საკვების მიმართ ზიზღი;
  • მუცელში დისკომფორტის შეგრძნება, ჭამის შედეგად ფიზიოლოგიური კმაყოფილების განცდის დაკარგვა, მუცლის გადავსების შეგრძნება ცოტაოდენი საკვების მიღების შემდეგაც კი, ჭრა მუცელში, ტკივილი მკერდის ძვლის ქვემოთ, იშვიათად – გულისრევა და ღებინება;
  • უმიზეზო პროგრესირებადი გახდომა, რომელსაც თან სდევს სიფითრე;
  • ცხოვრების ხალისის, ახლობლებისა და სამუშაოსადმი ინტერესის დაკარგვა, აპათია, გაუცხოება.

ეს სიმპტომები ზოგჯერ ფაქტობრივი ჯანმრთელობის ფონზე ვლინდება, ზოგჯერ კი წინ უძღვის კუჭის ხანგრძლივი დაავადება. ამ შემთხვევაში ყურადღებას აქცევენ ავადმყოფისთვის კარგად ნაცნობი გასტრიტული ან წყლულოვანი სიმპტომების შეცვლას და ახალი არასასიამოვნო შეგრძნებების გაჩენას. მკვეთრი, აშკარა სიმპტომები კიბოს მხოლოდ გავრცობილი ფორმის დროს ვლინდება. ესენია: მუდმივი, ძლიერი ტკივილი, რომელიც ზურგში გადაეცემა, შეუპოვარი ღებინება, საერთო სისუსტე, პროგრესირებადი გახდომა და ანემიზაცია. თავდაპირველად თვალში საცემია ავადმყოფის სიფითრე, გვიან სტადიაში კი კანს მიწისფერი ედება (კიბოს ადრეულ სტადიებში მრავალი ავადმყოფი გარეგნულად არ იცვლება). კუჭის კიბო ხშირად ადრეულ სტადიაშივე იწვევს მეტასტაზებს ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ღვიძლსა და უფრო შორეულ უბნებშიც კი (მაგალითად, მუცლის აორტაში). მეტასტაზები უმეტესად აზიანებს ღვიძლს, პანკრეასს, ფილტვებს, საკვერცხეებს, მუცლის კედელს, იწვევს ასციტს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გასინჯვადი სიმსივნური წარმონაქმნის არსებობისას პალპაცია მრავლისმომცემია, მაგრამ უმეტესად, განსაკუთრებით – ადრეულ სტადიებში, სიმსივნე ხელით არ ისინჯება.
ლაბორატორიული გამოკვლევებიდან ინფორმაციულია კუჭის წვენის ანალიზი და განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე.
სისხლის ანალიზი საგულისხმო ინფორმაციას არ გვაწვდის, მაგრამ ჰემოგლობინის დაცემა და ედს-ის დაქვეითება უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.
კიბოს დიაგნოსტიკა დამატებითი გამოკვლევის შედეგებსაც ეფუძნება. ენდოსკოპია ბიოფსიითა და ციტოლოგიური გამოკვლევითურთ ასიდან 95-99 შემთხვევაში უტყუარი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია აუცილებელია მეტასტაზების გამოსავლენად.
ამჟამად, ენდოსკოპიური ტექნოლოგიის განვითარებისა და გამოკვლევის ამ მეთოდის ხელმისაწვდომობის პირობებში, კიბოს ამოსაცნობ მთავარ მეთოდს წარმოადგენს გასტროსკოპია (გასტროფიბროსკოპია). ეს გამოკვლევა იძლევა წარმონაქმნის დანახვის საშუალებას, ავლენს კუჭის კედლის ინფილტრაციის ზონას, აადვილებს ციტოლოგიური კვლევისთვის აუცილებელი ბიოფსიური მასალის აღებას. ატიპური უჯრედების აღმოსაჩენად მიმართავენ ციტოლოგიურ კვლევას.
დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ კვლევას, რომელიც წინათ კუჭის კიბოს დიაგნოსტირების მთავარ მეთოდს წარმოადგენდა.
საეჭვო შემთხვევებში, როდესაც კუჭის კარცინომის გამორიცხვა ვერც ერთი ზემოხსენებული გამოკვლევით ვერ ხერხდება, მიმართავენ დიაგნოსტირების უკანასკნელ ეტაპს – დიაგნოსტიკურ ლაპაროტომიას: ხსნიან კუჭის სანათურს და უშუალოდ ათვალიერებენ ლორწოვანს, ყველაზე საეჭვო უბნიდან იღებენ ნაცხს და ატარებენ ბიოფსიას. თანამედროვე ქირურგიული ტექნოლოგიებისა და გაუტკივარების პირობებში ეს ოპერაცია სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თანაც შედეგი საწყის სტადიაშიც კი უტყუარია.
მკურნალობა. კუჭის კიბოს მკურნალობის ძირითად და რადიკალურ მეთოდს ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს. ოპერაციის ტიპი დამოკიდებულია კუჭში სიმსივნის მდებარეობაზე, რეგიონული ლიმფური კვანძების დაზიანების ხარისხსა და შორეული მეტასტაზების არსებობაზე. მკურნალობის ამ მეთოდის პარალელურად სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის დანიშვნის საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის სტადიაშია.
არსებობს კუჭის კიბოს რადიკალური ამოკვეთის სამი სახის ოპერაცია:

  • კუჭის სუბტოტალური რეზექცია – ტარდება კუჭის ქვედა ნახევარში სიმსივნის არსებობისას;
  • გასტროექტომია – ტარდება მაშინ, როდესაც პროცესი კუჭის ზედა მესამედზეა გავრცელებული;
  • პროქსიმული რეზექცია ანუ კუჭის ზედა მესამედის რეზექცია – ტარდება კუჭის კარდიული ნაწილის მცირე ორგანულ დაზიანებათა არსებობისას.

საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ გაფართოებულ, კომბინირებულ რეზექციას ან გასტროექტომიას. ამ დროს ქირურგიული ჩარევა ხდება არა მარტო კუჭსა და მის ლიმფურ აპარატზე, არამედ იმ მეზობელ ორგანოებზეც, რომლებშიც ჩაზრდილია კიბო (პანკრეასზე, ღვიძლზე, განივ კოლინჯზე).
კიბოთი დაავადებული დასუსტებული ავადმყოფისთვის ოპერაცია სერიოზულ ჩარევად ითვლება და მოითხოვს პაციენტის გულდასმით მომზადებას, ხოლო ოპერაციის შემდეგ – სათანადო მეთვალყურეობას.
ოპერაციის წინ ავადმყოფს უტარდება ზოგადგამაჯანსაღებელი მკურნალობა. კერძოდ, ხდება მისი ორგანიზმის შევსება ცილოვანი პრეპარატებით, სითხით, ვიტამინებით, ენიშნება მატონიზებელი საშუალებები, კუჭის გასავლის შევიწროებისა და მასში გადაუმუშავებელი საკვები მასების დაყოვნების შემთხვევაში – კუჭის ყოველდღიური გამორეცხვა მარილმჟავას სუსტი ხსნარით და სხვა.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში, კერძოდ, კუჭის რეზექციის შემდეგ – 2-3 დღის, ხოლო გასტროექტომიის შემდეგ 4-6 დღის განმავლობაში, იკრძალება საკვებისა და სითხის პირიდან მიღება. აუცილებელი სითხე და საკვები ნივთიერებები ორგანიზმს უნდა მიეწოდოს ვენაში ინსულინისა და ვიტამინების შემცველი ხსნარების, სისხლისა და ცილოვანი პრეპარატების გადასხმის გზით. სხვადასხვა ნივთიერებაზე ორგანიზმის მოთხოვნილება სისხლის გამოკვლევის საფუძველზე განისაზღვრება. გარდა ამისა, ისევე, როგორც ყველა დიდი ოპერაციის შემდეგ, ამ შემთხვევაშიც ინიშნება ანტიბიოტიკები, საგულე საშუალებები, ნარკოტიკი და ჟანგბადი. ოპერაციის მეორე დღეს სუნთქვისას გულმკერდის ყაფაზის მოძრაობის გასაადვილებლად და ფილტვებში შეგუბებითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად ავადმყოფს მაღალ სასთუმალზე აწვენენ. მეტად მნიშვნელოვანია სამკურნალო ვარჯიშების ჩატარება, პირის ღრუს, ენისა და კბილების გაწმენდა. ტუჩებსა და ენაზე გამოშრობის შემთხვევაში უსვამენ გლიცერინის წყალხსნარს (1:1), რომელსაც რამდენიმე წვეთი სპირტი აქვს დამატებული.
ექიმის ნებართვით ავადმყოფი თავდაპირველად იწყებს თხიერი საკვების მიღებას, შემდეგ კი თანდათანობით აფართოებს დიეტას გახეხილი ყველი, თხიერი ფაფით, არაჟნით, მაწვნით, ხოლო 7-10 დღის შემდეგ გადადის მაგიდა #1-ზე.
ოპერაციის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს გართულებებმა. პირველ დღეებში მოსალოდნელია სისხლდენა კუჭის დარჩენილი ნაწილის სანათურში (რაც სისხლიანი ღებინებით ვლინდება) ან თავისუფალ მუცლის ღრუში, რაც ქმნის კოლაფსის განვითარების რისკს. ოპერაციიდან მეორე-მესამე დღეს არსებობს პნევმონიის განვითარების ალბათობა, მეოთხე-მეხუთე დღეს კი – პერიტონიტისა, რომელიც დაუყოვნებლივ დიაგნოსტირებას და აქტიურ ჩარევას საჭიროებს.
თუ კუჭის რეზექცია შეზღუდულად და ეკონომიურად განხორციელდა, არ არის გამორიცხული კიბოს რეციდივი, რომელსაც ხშირად თან სდევს შორეული მეტასტაზების გაჩენა. ამ დროს ავადმყოფის დახმარება შეუძლებელია, თუმცა ცნობილია განმეორებითი ოპერაციით რეციდივისგან რადიკალური განკურნების შემთხვევებიც.
კუჭის კიბოს გავრცობილი, არაოპერირებადი ფორმების დროს მიმართავენ ქიმიოთერაპიას ერთი ან რამდენიმე პრეპარატის გამოყენებით. კლინიკური სიმპტომების შესუსტება მიიღწევა ისეთი პალიატიური ოპერაციებით, როგორიც არის გასტროენტეროანასთომოზი, ეზოფაგოგასტროანასთომოზი, გასტროსტომია, რეკანალიზაცია ლაზერის მეშვეობით.

პროფილაქტიკა. კუჭის კიბოს პროფილაქტიკა გულისხმობს კიბოსწინარე მდგომარეობების (კუჭის პოლიპის, ქრონიკული წყლულის, ანაციდური გასტრიტის) მკურნალობას და კვების ნორმალური რეჟიმის დაცვას.

 

 

Don`t copy text!