Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 390

მრავალძარღვა – Plantago major – Подорожник большой

მრავალძარღვა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო საყვავილე ღერო. ყვავილები თავთავისებურ ყვავილედშია შეკრებილი. ფოთლები ყუნწიანია, ფართო კვერცხისებრი ან ფართო ელიფსური, კიდემთლიანი შიშველი ან სუსტად შებუსული, სიგრძით 12 სმ, 3-9 რკალისებრი გრძივი ძარღვით, ყვავილები თავთავში წვრილია, შეუმჩნეველი. ნაყოფი კვერცხისებრი მრავალთესლიანი კოლოფია, წვრილი წახნაგოვანი თესლით.
ყვავილობს მაის-აგვისტოში. თესლი შემოდის აგვისტო-ოქტომბერში.
მრავალძარღვა გავრცელებულია მთელს საქართველოში გზის პირებზე, ბილიკებზე, ეზოებში, ბაღებში, საძოვრებზე, ტყის კორომებში, საცხოვრებლის ახლოს, საერთოდ – ტენიან ნიადაგებში. მთაში გვხვდება თითქმის 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.
ამზადებენ მრავალძარღვას ფოთლებს. ფოთლები მოკლე ყუნწებით იჭრება ყვავილობის პერიოდში. არ შეიძლება მთელი როზეტის მოჭრა, რადგან, ამას მივყევართ მრავალძარღვას განადგურებამდე. მიზანშეწონილია ფოთლების შეგროვება მშრალ ამინდში, უნდა შეგროვდეს საღი, დაუავადებელი ფოთოლი. აშრობენ ჩრდილში ფარდულში, რომელიც კარგად ნიავდება.
მრავალძარღვას ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ აეკუბინს. ნაპოვნია მათში ალკალოიდის ნიშნები, სათრიმლავი ნივთიერებები მცირე რაოდენობით. ვიტამინი K, პროვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები, ლიმონის მჟავა. თესლი შეიცავს სტეროიდულ საპონინებს, პროტეინს, ამინომჟავებს.
მრავალძარღვას ჯერ კიდევ X საუკუნეში იყენებდნენ არაბეთსა და სპარსეთში. ძველი ბერძნული და რომაული მედიცინა რეკომენდაციას უწევდა მრავალძარღვას თესლს დიზენტერიის სამკურნალოდ.
ავიცენა მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებენ სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლიან მის განვითარებას და ამცირებენ შეშუპებას. მისი წვენის ჩაწვეთება ყურში აყუჩებს ტკივილს, ხოლო ფესვის, ანუ ღეროს ღეჭვა, ან მისი ნახარშის გამოვლება პირის ღრუში კარგია კბილის ტკივილის დროს.
ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების (გასტრიტების, წყლულოვანი დაავადების, კოლიტების და სხვა) შემთხვევაში. მცენარის ფოთლებში არსებული ფიტონციდები განაპირობებენ მის ანტიმიკრობულ მოქმედებას. მრავალძარღვას ნაყენი და ფოთლების წვენი ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას. კარგად გარეცხილი ფოთოლი გამოიყენება ჩირქოვან ჭრილობებსა და ძირმაგარებზე დასაფენად კომპრესის სახით.
მრავალძარღვას ფოთლებისაგან ამზადებენ ნახარშებს, ნაყენებს. 30 გრ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა წყალი. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტების, ყივანახველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის დროს.
10 გრ (2 სუფრის კოვზი) მშრალი დაქუცმაცებული მრავალძარღვა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე, ადუღეთ წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ 10 წთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე ანადუღარი წყლით (200 მლ-მდე). მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 5-10 წთ-ით ადრე ჭამის წინ 3-4-ჯერ დღეში.
ცხელი ნაყენის მისაღებად 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 10 წთ, დალიეთ 1 სთ-ის განმავლობაში ყლუპებთ (სადღესამისო ნორმა).
ახალი ფოთლებისაგან წვენის მისაღებად კარგად გარეცხილი ფოთლები წვრილად დაჭერით, დაჭყლიტეთ, გამოწურეთ, მიღებულ წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი (1:1), ადუღეთ 20 წთ-ის განმავლობაში, მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ დილას – უზმოზე და საღამოს – ჭამის წინ. შეინახეთ თავდახურული, გრილ, ბნელ ადგილას.

 

მჟაველა  – Oxalis Acetosella L – Кислица обыкновенная

მჟაველასებრთა ოჯახში შედის. მჟაველა 5-10 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ფესვურიანი მცენარეა, რომელსაც მიწის ზედა ღერო არ გააჩნია. ფესვის ყელიდან ჯგუფურად ამოსული სამყურა ფოთლები გრძელყუნწიანია. ფოთოლაკები უკუკვერცხისებრი მოყვანილობისაა.
ყვავის აპრილ-აგვისტოს განმავლობაში თეთრი, ზოგჯერ მოვარდისფრო ყვავილებით. ფართოდაა გავრცელებული უმთავრესად ხშირ ტყეებსა და ბუჩქნარებში. განსაკუთრებით ნაძვნარ-სოჭნარებში და წიფლნარებში, გვხვდება ჩრდილო ფერდობებზე დასახლებულ ფიჭვნარებშიაც.
ფოთლებში 0,9 პროცენტამდე თავისუფალი მჟავები და მათი მარილები მოიპოვება (მჟაუნმჟავა, ვაშლის, ქარვისა და სხვა მჟავები). მათშივე მოიპოვება 150 მგ. პროცენტამდე C ვიტამინი, A პროვიტამინი და რუტინი. ფოთლებისაგან მომზადებული სასმელი კარგად კლავს წყლის წყურვილს. იგი თაფლოვანი და ფრიად დეკორაციული მცენარეა.
ლიტერატურაში არის ცნობა იმის შესახებ, რომ თუ ძროხამ მჟაველა ჭამა, ნაღებისაგან ცხიმის გამოყოფა თითქმის შეუძლებელი ხდება.

ხალხურ მედიცინაში მჟაველას ნედლ მდგომარეობაში გამოყენება რეკომენდებულია ღვიძლის დაავადების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის, სიყვითლის, თირკმლების დაავადების, სურავანდის დროს, აგრეთვე პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ გამოიყენება ახალი, დაუმჭკნარი ფოთლები. საჭიროა სიფრთხილე, რადგან ხანგრძლივი გამოყენებისას აზიანებს თირკმელს. ხალხურ მედიცინაში იგი გამოიყენება აგრეთვე, როგორც შარდმდენი საშუალება, უხვსისხლიანი მენსტრუაციის და ათეროსკლეროზის დროს.

 

ანტიპარკინი 25მგ/250მგ #50ტ

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევოდოპას და 25 მგ კარბიდოპას
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზა, სახამებელი,  პოლოვინილპიროლიდონი  მაგნიუმის სტეარატი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანტიპარკინი შეიცავს დოპამინის მეტაბოლურ წინამორბედს ლევოდოპას, რომელსაც დოპამინისგან განსხვავებით შესწევს უნარი გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი და კარბიდოპას, არომატული ამინომჟავების დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორს. ლევოდოპა ამცირებს პარკინსონიზმის სიმპტომებს თავის ტვინში დოპამინის დეფიციტის შევსების გზით ამასთან, ლევოდოპას დიდი ნაწილი გადაიქცევა დოპამინად ტვინის გარეთ და ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. თავის მხრივ პრეპარატში კარბიდოპას შემცველობა ამუხრუჭებს ლევოდოპას ექსტრაცერებრალურ დეკარბოქსილირებას და ამით მიიღწევა ლევოდოპას დიდი ნაწილის გადასვლა ჰემატოენცეფალურ ბარიერში, აღნიშნულის გამო თერაპიული ეფექტის მისაღწევად საჭიროა ლევოდოპას ნაკლები რაოდენობა, რაც ამ ნივთიერებით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს ამცირებს.
ჩვენება: ანტიპარკინი გამოიყენება პარკინსონის სინდრომისა და დაავადების სამკურნალოდ. პრეპარატი ავადმყოფს უმსუბუქებს ამ დაავადებით გამოწვეულ სიმპტომებს: პირველ რიგში რიგიდობას, ამცირებს ტრემორს, დისფაგიას. პრეპარატით მკურნალობისას შესაძლებელია პირიდოქსინის (ვიტამინი B6) შემცველი ვიტამინების ნაკრების მიღება. (სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ექსტრაპირამიდული დარღვევების დროს პრეპარატი არ გამოიყენება)
უკუჩვენება: დახურულკუთხოვანი გლაუცომა, ანტიპარკინი ასევე უკუნაჩვენებია ფეხმძიმობიას და ლაქტაციის პერიოდში.
ავადმყოფები რომლებიც მკურნალობენ ანტიპარკინით პრეპარატის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში არ უნდა მართავდენ ავტომობილს.
გვერდითი მოვლენები: ქორეოფორმული, დისტონიური ან სხვა უნებლიე მოძრაობების, კრუნჩხვის, ბლეფაროსპაზმის და ტრიზმის დროს აუცილებელია დოზის შემცირება. იშვიათად ვლინდება ფსიქიური მოშლილობები: პარანოიდალური იდეები, დეპრესია. გულის რიტმის დარღვევა, ორთოსტატიური ჰიპერტენზია, გულისრევა, პირღებინება. პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს: – აზოტის და შარდოვანას მომატება სისხლში, – ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზას ან იოდის რაოდენობის მომატება, რომელიც შეკავშირებულია პროტეინებთან. – იშვიათ შემთხვევაში ხანგრძლივი მკურნალობის დროს, შესაძლებელია აღინიშნებოდეს კუმბსის დადებითი სინჯი და ჰემოლიზური ანემია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: ანტიპარკინის მიღება არ შეიძლება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად ამ პრეპარატებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ანტიპარკინით მკურნალობის დაწყებამდე 3 კვირით ადრე.
დოზირება: ავადმყოფებისთვის, რომლებიც არ მკურნალობდენ ლევოდოპით საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს 1-2-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 1/2 ტაბლეტით 2-3დღის შემდეგ ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღებამდე.
ავადმყოფებისთვის, რომლებიც მკურნალობდენ ლევოდოპით მინიმუმ 12 საათით ადრე უნდა შეწყდეს ლევოდოპის მიღება. ანტიპარკინის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს ლევოდოპას წინა დოზის დაახლოებით 20%. თუ ავადმყოფი ლევოდოპას იღებდა დოფა-დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორებთან ერთად ანტიპარკინის მიღებამდე 24 საათით ადრე უნდა შეწყდეს მათი მიღება.
ოპტიმალურ დღიურ დოზას ადგენენ ინდივიდუალურად. ხშირად ეს დოზა შეადგენს 3-4 ტაბლეტს დღეში, მაგრამ დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 6 ტაბლეტს.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი დოზირების მკურნალობა ისეთივეა, როგორც ლევოდოპას ჭარბი დოზირების შემთხვევაში. ამ დროს აუცილებელია კუჭის დაუყოვნებელი ამორეცხვა. ინფუზიები ინიშნება სიფრთხილით, ყურადღება უნდა მიექცეს სასუნთქი გზების გამტარობას. არითმიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის ჩატარება ეკგ-ს კონტროლის ქვეშ. დიალიზის როლი პრეპარატის ჭარბი მიღების დროს უცნობია. პირიდოქსინი არ ავლენს სამკურნალო ეფექტს პრეპარატის ჭარბი მიღების
განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ ლევოდოპით მონოთერაპიის შემდეგ ანტიპარკინზე გადასვლისიას წინა დღით უნდა შეწყდეს ლევოდოპის მიღება. ანტიპარკინის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს ლევოდოპის წინა დოზის დაახლოებით 20%-ს. თუ ავადმყოფისთვის საჭიროა ნარკოზის ქვეშ ოპერაციის გაკეთება წინა დღეს წყვეტენ ანტიპარკინის მიღებას და თერეპიას განაგრძობენ ოპერაციის შემდეგ, როგორც კი ავადმყოფი შეძლებს ტაბლეტის პერორალურ მიღებას. პაციენტები პრეპარატის მიღებისას უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ დეპრესიის ან ფსიქიური დარღვევების დროულად გამოვლენის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პაციენტებში, რომელთაც ლევოდოპას მიღების შემდეგ აღენიშნებათ ქორეოატეტოიდური ტიპის ჰიპერკინეზები. ნაკომმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკინეზის რეციდივი, რომელიც დაკავშირებულია დოფამინის შემცველობის ზრდასთან თავის ტვინში ლევოდოპას გამოყენების შედეგად. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება, გათვალისწინებული უნდა იყოს პრეპარატის ანტიპარკინსონული ეფექტის შემცირების შესაძლებლობა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კრუნ-ჩხვითი სინდრომის დროს.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის ჯერ კიდევ შესწავლილი.
ყურადღება: პრეპარატის დანიშვნა, დოზის შერჩევა და სხვა ანტიპარკინსონული პრეპარატების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ.
არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში
გაცემის წესი ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)
შენახვის პირობები და ვადა
ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
შეფუთვის ფორმა: 50 ტ ბლისტერებში, მოთავსებული კოლოფში, ახლავს ანოტაცია
მწარმოებელი:
შ.პ.ს. “გამა” საქართველო
ტელ: 2-10-99-16

www.gama.ge

მოცვი – Vaccinium Myrtillus – Черника Обыкновенная

 მოცვი – დატოტვილი ბუჩქია მოცვისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 50 სმ-მდე. მიწისქვეშა ყლორტები ნიადაგში იზრდება სხვადასხვა მიმართულუბით სიგრძის 1-2 მ-დე, რომლებიდანაც ვითარდება სხვადასხვა ასაკის ბუჩქები. მოცვის ყლორტები მწვანეა, სწორმდგომი, ცილინდური ან წიბოებიანი. ფოთლები თხელი აქვს, ღია მწვანე, მოგრძო, სიგრძით 1-1,5 სმ, სიგანით – 0,5-1,5 სმ, პრიალა, წვრილხერხისებრი კიდეებით. ზამთრობით ფოთოლი ცვივა. ყვავილები ღია-ვარდისფერია, მომწვანო-ნარინჯისფერ ან ნაზი იასამნისფერი ელფერით, სიგრძით 0,4-0,6 მმ, დახრილი, თითო-თითო ან ორ-ორი ყვავილის მოკლე ყუნწით. გვირგვინი ქვევრისებრი ან ნახევრადსფერულია. ნაყოფი სფეროსებრი შავი კენკრაა, 6-10 მმ დიამეტრით, სასიამოვნო მოტკბო-მომჟავო გემოთი, დაფარულია ცვლისებრი ნაფიფქით, 1 მმ-მდე სიდიდის კვერცხისებრი თესლები აქვს.
ყვავილობს მოცვი მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია საქართველოს მაღალმთიანეთში, ზოგჯერ ალპურ ზონამდეც. ამზადებენ მოცვის როგორც მწიფე ნაყოფს, ასევე ფოთლებსაც. მოცვის კენკრას გასაშრობად ყრიან ცხრილებზე 2-3 სმ სისქეზე, ან აშრობენ საშრობებში 35-40 გრადუსზე 2-3 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ კი ტემპერატურას უმატებენ 50-60 გრადუსამდე. გაშრობის წინ კენკრას არ რეცხავენ. მშრალ კენკრას ინახავენ ქაღალდის ან ნაჭრის ტომრებში, მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 2 წლისა. მოცვის კენკრა ადვილად ავადდება კენკრას ჩრჩილით.
მოცვის ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, ლაქტოზა), აქტიურ ნივთიერებებს (კატეხინები და ანტოციანები) კაროტინებს, პექტინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავებს.
ფოთლები შეიცავენ 7-20% სათრიმლავ ნივთიერებებს, ჰიდროქინონს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, არბუთინს და სხვა.
ხალხურ მედიცინაში მოცვის ნაყოფის ნახარში და ნაყენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების – გასტრიტების, ენტეროკოლიტების, დროს. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა მისი გამოყენება ბავშვებში,  როგორც შესაკვრელი საშუალება. მოცვის წვენი და მისი ნახარში გამოიყენება ყელში გამოსავლებად ანგინის, ღრძილების, პირის ღრუს ანთების, ხოლო მისი საფენები დამწვრობის, კანზე გამონაყარის დროს. მოცვს ახასიათებს ანტისეპტიკური თვისება და ამიტომ გამოიყენება სტომატიტების დროს. ნედლ ნაყოფს იღებენ ქრონიკული შეკრულობის, კუჭის მჟავიანობის დაქვეითების, დიზენტერიის დროს. მოცვის ნაყოფი აუმჯობესებს სიბნელეში მხედველობას.
ფოთლების ნახარშს იყენებენ დიაბეტის საწყისი ფორმის სამკურნალოდ. უმჯობესია მისი ნარევის გამოყენება თუთის ფოთლებთან ერთად. ზოგიერთი ავტორის ცნობით მოცვის ფოთლების ნახარში კარგი საშუალებაა სისხლის წნევის დასაწევად. ნედლი ნაყოფი გამოიყენება დიაბეტის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარისა და სხვა იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევითაა გამოწვეული.
მოცვის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1-2 ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 4-5 სთ, დალიეთ 1/4 ჭიქა 5-6-ჯერ დღეში. ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ მანამდე, სანამ 1 ჭიქა არ დარჩება. გადაწურეთ და მიიღეთ თბილი 1/4 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
კუჭის აშლილობის დროს 2 ჩას კოვზ ნაყოფს დაასხით 300 მლ ცივი წყალი, გააჩერეთ 8 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
კუჭის აშლილობის დროს რამდენიმე ცალ ნედლ მოცვს კარგად ღეჭავენ და გარკვეული დროის შემდეგ პატარა ინტერვალებით ყლაპავენ. კუჭის ტკივილის დროს მოცვის სპირტიანი ნაყენის 10-12 წვეთს ასხამენ შაქრის ნატეხს. სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად 8 სუფრის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით არაყი და რამდენიმე თვე გააჩერეთ. ქრონიკული რევმატიზმის დროს სვამენ ნახარშს. 40 გრ ნაყოფს ხარშავენ 200 მლ წყალში 20 წუთი, სვამენ 5-6 სუფრის კოვზს დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ფართოდ გამოიყენება აგრეთვე მოცვის კისელები და ჯემები.
მოცვის კისელის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი ნაყოფი მოხარშეთ 1,5 ჭიქა წყალში, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი და შაქრის ფხვნილი გემოვნებით. დალიეთ კუჭის აშლილობის დროს 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში.
დიაბეტის დროს ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 3 სუფრს კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთი. სვამენ ამ რაოდენობას ერთი დღის განმავლობაში თითო ჭიქას 3-ჯერ დღეში.
დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება აგრეთვე ერთნაირი რაოდენობით აღებული მოცვის ფოთლებისა და ლობიოს პარკისაგან (ხმელი პარკები) დამზადებული ნახარში.

 

მინდვრისნემსა – Galium Verum L – Подмаренник настоящий

ენდროსებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ოთხწახნაგოვანღეროიანი, 20-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი მცენარეა. თავწვეტიანი, ქვემოდან მონაცრისფროდ შებუსვილი, ვიწროხაზურა ფოთლები ღეროებზე რგოლურადაა განლაგებული. თითოეულ რგოლში 8-12 ფოთოლია.
მოგრძო საგველამაგვარად შეკრებილი ყვავილები კაშკაშა ყვითელი ფერისაა. ყვავის ივნის-ივლისის გამმავლობაში. ძირითადად მშრალი ადგილის მცენარეა, გვხვდება მშრალ ფიჭვნარებსა და ციცაბო ფერდობებზე დასახლებულ მუხნარებში, ტყისპირებში, მშრალ მდელოებზე და ველებზე.
მინდვისრისნემსას მიწისზედა ნაწილები შეიცავს გლიკოზიდ ასპერულოზიდს, მთრიმლავ და ფლაონურ ნივთიერებებს, ლიმონის მჟავას. C ვიტამინს და სხვა. ნაყენს სვამენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელ და დამაწყნარებელ საშუალებას სიყვითლის, კუჭის ტკივილის, კუჭაშლილობის დროს, შარდმდენ საშუალებად წყალმანკისა და თირკმლების დაავადებების შემთხვევებში.
ნედლი ბალახიდან გაწურულ წვენს იყენებენ კანზე გამონაყრების, ეპილეფსის, ისტერიის, აგრეთვე კანის კიბოს, ჭრილობების სამკურნალოდ, იგი კარგ სისხლისშემდედებელ საშუალებად ითვლება ცხვირიდან და ჭრილობებიდან სისხლდენის დროს. ტიბეტის მედიცინაში ფესვებს იყენებენ დაჟეჟილობასთან დაკავშირებული თირკმლებების დაავადებების და მაღალი ტემპერატურის დროს.
მინდვრისნემსას ჩაის (40,0 გ წვრილად დაჭრილი აყვავებული და გამხმარი მცენარე 1 ლ წყალზე) იყენებენ წყალმანკის სამკურნალოდ. ნედლი ბალახიდან გამოწურულ წვენს 3 სირჩას დღეში 2-3 მიღებაზე იყენებენ შარდმდენ საშუალებად წყალმანკის, თირკმლების დაავადების, კანზე გამონაყრების, ჩირქოვანი მუწუკების, ეგზემის და სხვათა სამკურნალოდ. ცხვირიდან სისხლდენისას ნესტოებში მის წვენს ისრუტავენ, სისხლმდენ ჭრილობებზე კი ყვავილის ნაფხვენს იყრიან. 
მინდვრისნემსას პრეპარატებს  გამხსნელი და შარდდამდენი თვისება აქვს. კიდურების შეშუპების და კუჭ-ნაწლავის კატარის დროს გამოიყენება ცხელი ნაყენი: 2 ჩაის კოვზი ნედლეული ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე, რაც ერთი დღის დოზას შეადგენს.
ნედლი ბალახის წვენი რძის შედედებას (აჭრას) იწვევს, ამიტომ ზოგ ქვეყნებში მისი გამოყენებით განსაკუთრებული სახის ყველს ამზადებენ. ბულგარეთის ხალხური მედიცინა ნედლი ბალახის წვენს კანზე ქრონიკული გამონაყარისა და კანის კიბოს სამკურნალოდ იყენებს.
ძროხის მიერ მინდვრისნემსას შეჭმის შემთხვევაში რძე წითელ ფერს იღებს. ფესვები საღებავ ნივთიერებას შეიცავს და მომწვანო-ყვითელი საღებავის მისაღებად გამოიყენება. კარგი თაფლოვანი მცენარეა.

 

მთრთოლავი ვერხვი  – Populus Tremula L – Тополь дрожащий, осина

ტირიფისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მთრთოლავი ვერხვი საყოველთაოდ ცნობილი 30 მეტრამდე სიმაღლის ხეა, მომწვანო-მონაცრისფრო ქერქით, რომელიც ღეროს ქვედა ნაწილში საკმაოდ ღრმანაღარებიანია. ყლოტები ზრდის დასაწყისში შებუსვილია, შემდგომ კი შიშველი, ბლაგვად დაკუთხული, გლუვკანიანი. კვირტები წებოვანია.
ფოთლები დასაწყისში ნაცრისფერბუსუსიანია, შემდეგ კი შიშველი. დაგრძელებულ ყლორტებზე ფოთლები კვერცხისებრ-სამკუთხაა, ბოლო წვეტიანი, კიდედაკბილული. დამოკლებულ ტოტებზე ფოთლები მომრგვალოა, კიდეტალღისებრდაკბილული. ფოთლები საერთოდ ხეშეშია.
საქართველოში ფართოდაა გავრცელებული 1800-2100 მ სიმაღლეზე ზღვის დონდან. იგი საკმაოდ ფართოდ ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეა, ამიტომ დაბლა ბარშიც 600 მეტრამდე ჩამოდის, ხოლო მთაში 2300 მეტრზეც კარგად იზრდება.
მერქანი ფართოდაა გამოყენებული საათის წარმოებაში.სინათლის მოყვარული, გვალვისა და სიცივის ამტანი ჯიშია. ამ თვისებების წყალობით იგი ადვილად იკავებს გაშიშვლებულ ადგილებს, მაგრამ ამასთან ნაძვის, სოჭის და წიფლის დასახლების შემთხვევაში დროთა განმავლობაში ვეღარ იტანს ამ ჯიშების ხეების დამჩრდილავ გავლენას და კორომის შემადგენლობიდან თანდათანობით ითიშება. სასურველი ჯიშია სუბალპური ზონის გატყევებისათვის.
ქერქი მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარია და ტყის გასათრიმლად გამოიყენება. წარსულში გამოიყენებოდა სამკურნალოდაც შარდის ხუთვის, სურავანდის, სიფილისის და ციებ-ცხელების დროს. მის ფოთლებსა და ყლორტებს მრავალი სახეობის შინაური და გარეული ცხოველი ჭამს.
სამკურნალოდ, ახლაც, მთრთოლავი ვერხვის ქერქსა და კვირტებს იყენებენ, რომელიც შეიცავს მთრთოლავ ნივთიერებებს, მწარე ანგლიკოზიდებს (პოპულინი და სალიცილინი), ბენზონის მჟავას, კაროტინს, ვიტამინ C-ს და სხვ.
კვირტებისგან სპირტის ზემოქმედებით მიღებული ექსტრაქტის გამოკვლევით ცხადი გახდა, რომ მას ბაქტერიოციდული მოქმედების თვისება აქვს ზოგიერთი საშიში მიკრობის მიმართ (ოქროსფერი სტაფილოკოკი, ნაწლავების ტიფის გამომწვევი ბაქტერიები და სხვ.).
ქერქის ნაყენით ხალხური მედიცინა მკურნალობს კუჭაშლილობას, ხველას, ციებ-ცხელებას და სვამენ მას როგორც მადისმომგვრელ საშუალებას. მთრთოლავი ვერხვის ახლად გამოწურული წვენის სველ საფენებს იდებენ გველის ნაკბენზე.
კვირტებს ოფლმდენ საშუალებად იყენებენ, ხოლო ქერქის გამონახარშს ვენერიული დაავადებების დროს. ზოგჯერ მთრთოლავი ვერხვის კვირტებს იყენებენ საშარდე ბუშტის დაავადებების (ცისტიტი, შარდშეუკავებლობა), აგრეთვე ბუასილის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის სამკურნალოდ. გარეგან საშუალებად იყენებენ წყლულებისა და დამწვრობათა მკურნალობაში.

 

მთის ღანძილი – Allium Victorialis L – Лук победный, черемша

შროშანისებრთა ოჯახში შედის. მძაფრი ნივრის სუნის მქონე მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა, მოგრძო კონუსისმაგვარი ბოლქვები საცრისებრი ბოჭკოების გარსშია გახვეული.
ღერო 30-75 სმ სიმაღლისაა, ძირში სიფრიფანა ვაგინით შემოხვეული. ლანცეტა ან ელიფსური 10-20 სმ სიგრძისა და 2-8 სმ სიგანის, ფუძისაკენ ყუნწად ქცეული 2-3 ფოთოლი პრიალა და რკალძარღვიანიაა.
ყვავილედი მრავალყვავილოვანია, ფორმით მრგვალი ან ნახევრად მრგვალი. აყვავებამდე ყვავილედი თავდახრილია, ყვავილობის ჟამს კი აღმამდგომი. ყვავის თეთრი-მომწვანო ელფერის ყვავილებით, ივნის-ივლისში, ზოგჯერ უფრო ადრე ან შედარებით გვიანაც, იმის მიხედვით, თუ როდის დადგა გაზაფხული. მთის ღანძილი ტყის მცენარეა, გვხვდება როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან ტყეებში, ზოგჯერ სუბალპურ მდელოებზეც.
შესანიშნავი სამწნილე მცენარეა, ჩვენი ხალხი მას უხსოვარი დროიდან იყენებს საჭმელად.
ფოთლები და ბოლქვები 730 მგ პროცენტამდე ასკორბინის მჟავას შეიცავს, გარდა ამისა მოიპოვება ეთერზეთი და გლიკოზიდი ალანინი.
ფიტოქიმიური შემადგენლობით და ფარმაკოლოგიური ღირებულებებით მთის ღანძილთან ახლოს დგას გვარ Allium-ის მეორე სახეობა-ღანძილი (Allium ursinum L.) იგი ორფოთლიანია, 15-60 სმ სიმაღლის, მრავალწლიანი ბოლქვოვანი მცენარეა. მოგრძო ფოთლები ლანცეტის მოყვანილობისაა, 3-6 სმ სიგანის ფოთლის ფირფიტა ძირში საკმაოდ ვიწროვდება, ყუნწში თანდათანობით გადადის.
სამწახნაგიანი ღერო 15-20 სმ სიმაღლისაა და ძირში ფოთლები ყუნწებიანად თხელი გარსითაა შემოხვეული, თეთრი ყვავილებით ყვავის აპრილ-ივნისის განმავლობაში. ყვავილედი ნახევრადქოლგისებურია.
ღანძილი ტიპიური ტყის მცენარეა, გვხვდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ასევე ტყის პირებში: მდიდარია ფიტონციდებით და სწრაფად სპობს ბევრ მავნე ბაქტერიას.
ჩვენი ხალხი მასაც უხსოვარი დროიდან სამწნილედ იყენებს, ახლად დაკრეფილს მოუხარშავადაც ჭამენ.
მძაფრი სპეციფიკური სუნის გამო ღანძილს საქონელი უხალისოდ, მაგრამ ზოგჯერ მაინც ძოვს ხოლმე. ღანძილის ძოვის შემთხვევაში საქონლის ხორცი არასასიამოვნო გემოს იძენს, რძე მოყვითალო-წითლად იღებება და ასევე უსიამოვნო სუნითა და გემოთი ხასიათდება.
მთის ღანძილი ნედლი, დამარილებული და დამწნილებული გამოიყენება სურავანდისა და ათეროსკლეროზის დროს, გააჩნია ჭიის დამდენი თვისება და ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს.
ღანძილი კი ძლიერი ბაქტერიციდური და ბაქტეროსტატიკური მოქმედების გამო ტრიქომონადური კოლიტების სამკურნალოდ გამოიყენება. ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ მისი პრეპარატების ვენაში შეყვანით სისხლის წნევა დაბლა იწევს.

 

მეჭეჭიანი ჭანჭყატი  – Evonymus Verrucosa Scop – Бересклет бородавчатый

ჭანჭყატისებრთა ოჯახში შედის. ორ მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია მოშაო-მონაცრისფერი მეჭეჭებით უხვად მოფენილი ყლორტებით. მოკლეყუნწიანი, მოგრძო-კვერცხისებრი. კიდეებხერხკბილა, 15-20 მმ სიგრძისა და 5-8 მმ სიგანის ფოთლები ტოტებზე ერთიმეორის მოპირისპირედაა განლაგებული. მომწვანო-მურა ან მოყავისფრო-მოწითალო პატარა ყვავილები 3-9 ცალი ერთად შეკრებილია ნახევრად ქოლგისებრ თანაყვავილედში.
ნაყოფი ოთხბუდიანი ბლაგვწიბოებიანი, უფრო მომწიფებისას მოვარდისფრო კოლოფაა. თითოეულ ბუდეში 1-2 კრიალა შავი ფერის, ნახევრამდე წითელი ფერის საბურველშემოხვეული, კვერცხისებრი თესლი ზის.
ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფები აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. თესლი 1-1,5 წელიწადში ღვივდება. ნელმზარდი ბუჩქია. კულტურაში 4 წლის, ბუნებაში კი 8-11 წლის ასაკში იწყებს მსხმოიარობას. უხვი თესლმსხმოიარობა 2-3 წელიწადში ერთხელ მეორდება, მცირე მოსავალს კი ყოველწლიურად იძლევა. მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყით და ძირკვის ამონაყრით.
ფართოდ გავრცელებული ბუჩქია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტყეებში ქვეტყის სახით. კარგად იტანს დაჩრდილვას. უფრო ხშირად გვხვდება ბარისა და მთის შუა სარტყლის ტყეებში ზღვის დონიდან 1200 მ სიმაღლემდე.
ფესვების ქერქი 8-10 პროცენტ, ზოგჯერ კი 35 პროცენტამდე გუტაპერჩს შეიცავს. სწორედ ამის წყალობით არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მნიშვნელოვან ნედლეულს წარმოადგენდა ამ ტექნიკური პროდუქტის მრეწველობისათვის. ფესვები დიდი რაოდენობით მზადდებოდა ბუნებაში და სპეციალური პლანტაციებიც იყო გაშენებული გუტაპერჩის ნედლეულის უფრო დიდი რაოდენობით დამზადებისათვის.
ერთი ჰექტრიდან 0,44-4,3 კგ ხმელ ქერქს აგროვებდნენ, გუტაპერჩს ჭანჭყატის ღეროს ქერქი და ფოთლებიც შეიცავს. ქერქის დამზადებისას მერქანსაც იყენებდნენ მაქოების, მუსიკალური ხელსაწყოების, საქსოვი ჩხირების, სავარცხლების და სხვა წვრილმანი ნაკეთობებისათვის.
ნაყოფების ბუდეებისაგან მიიღება ყვითელი და ყავისფერი საღებავები.
მრეწველობისათვის გუტაპერჩის წყაროს წარმოადგენდა აგრეთვე კიდობანა Evonymis europea L. რომლის თესლიდან გამოყოფილია საგულე საშუალებად გამოყენებული გლიკოზიდები.
წინათ კიდობანას ნაყოფის ფხვნილით ხოცავდნენ სახლის ბუზებსა და მწერებს, მკურნალობდნენ მუნს (ბღერს).

მდგნალი  – Salix Caprea L – Ива козья, бредина

ტირიფისებრთა ოჯახში შედის. მდგნალი საქართველოს სხვადასხვა მხარეში ნაირგვარი სახელწოდებითაა ცნობილი. კახურად – ბატიჭუკა, მთიულურად და ხევსურულად დგნალი და დგნარი, ფშავურად – ფოხვი, აჭარულად – ციცალა, რაჭულად – ძენწნა, მეგრულად – ტუჯვარი, სვანურად – ბაგვრა და სხვა.
მდგნალი 15 მეტრამდე სიმაღლის ხეა ან მაღალი ბუჩქი. სუსტად შებუსვილი ყლორტები მომწვანო-მონაცრისფროკანიანია. უფრო ხანდაზმული ტოტების ქერქი მურა ან რუხი ფერისაა. კვერცხისებრი ან ელიფსური, 11-12 სმ სიგრძისა და 5-8 სმ სიგანის, კიდეებდაკბილული, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან ბუსუსიანი და ნაცრისფერი, წვერმობრეცილი, თირკმლისებრი წყვილი ფოთოლთანით, ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.
მდგნალი ერთბინიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით, რომელნიც მჭადა თანაყვავილედებადაა შეკრებილი. მამრობითი მჭადა მჯდომარეა, ძირში პატარა ფოთლებით, მოხაზულობით კვერცხისებრი, 4 სმ-დე სიგრძისა და 2 სმ-დე დიამეტრის. მდედრობითი მჭადა ცილინდრულია 2 სმ-დე სიგრძის, მოკლე ყუნწით, რომლის ძირშიც ყვავილიანი ქერქლებია განვითარებული.
მამრობითი მჭადა ყვითელია, მდედრობითი კი მოთეთრო. ადრე მოყვავილე მცენარეა. ყვავის ფოთლების გაშლამდე მარტ-აპრილში. ახასიათებს ძალიან უხვი თესლმსხმოიარობა. თესლი მაისში მწიფდება. მრავლდება თესლით და ძირკვები უხვ ამონაყარს იძლევა.
მდგნალს მოწითალოგულიანი მერქანი ახასიათებს, მოთეთრო ცილით. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ მდგნალის რბილი და მსუბუქი, გულიანი მერქანი ლპობისადმი დიდი წინაღობის თვისებით გამოირჩევა. ეს თვისება ხალხმა ძალიან კარგად იცის. ამიტომაა, რომ რაჭაში, აჭარაში, ზემო ქართლსა და ბევრ სხვა მხარეში მოსახლეობა დიდ უპირატესობას აძლევს მდგნალის ბოძებსა და ჭიგოებს. მდგნალის ბოძის მიწაში ჩაფლული ნაწილი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაშიაც კი არ ლპება.

მდგნალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია “ტირიფის ქერქის” სამრეწველო მიზნებით დამზადების თვალსაზრისით. მისგან პირველხარისხოვან მთრიმლავ ექსტრაქტს იღებენ, რომელსაც საუკეთესო ხარისხის ტყავების გასათრიმლავად და შესაღებად იყენებენ. ტანინის შემცველობა მდგნალის ქერქში საშუალოდ 16,5 პროცენტს შეადგენს, მაგრამ მთელ რიგ ადგილებში იგი 21 პროცენტზე მეტია.
მდგნალის მამრობითი მჭადა ყვავილედების სპირტზე 10 პროცენტიანი ნაყენის გავლენა გულზე ისეთივეა, როგორიც ფუტკარას მოქმედება.
მწვანე ნეკერს (ყლორტები ფოთლებით), რომელიც 200 მგ პროცენტ ვიტამინ ??-ს შეიცავს, ამზადებენ საქონლის საკვებად. ნეკერს ზამთარში განსაკუთრებით ეტანება ცხვარი, თხა და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. ეს ფაქტი იმითაა საინტერესო, რომ ზამთარში საქონელს ვიტამინინი საკვები აქვს მდგნალის მწვანე ნეკერის სახით, რაც წველადობას თვალსაჩინოდ ზრდის.
ქართული ხალხური მედიცინა მდგნალის ფოთოლს თირკმლების დაავადების სამკურნალოდ იყენებს.

 

მაჯაღვერი ჩვეულებრივი – Daphne Mezereum L – Волчеягодник обыкновенный

მაჯაღვერისებრთა ოჯახში შედის. ერთ მეტრამდე სიმაღლის ელასტიური ღერო-ტოტებიანი, მოყვითალო ნაცრისფერქერქიანი, მუქწერტილებიანი ბუჩქია.
წაგრძელებული ლანცეტა ფორმის, ბლაგვი ან ბოლოწვეტიანი, ზედა მხრიდან მბრწყინავი, ქვემოდან ბაცი ფოთლები უმეტესწილად ტოტების ბოლოებზე მორიგეობითაა განლაგებული.
მოვარდისფრო-სურნელოვანი ორსქესიანი ყვავილები, 3-5 ცალიან ჯგუფებად ზის ტოტების ქვედა შეუფოთლავ ნაწილში. ნაყოფი მომრგვალო კვერცხისებრი, ერთთესლიანი, წითელი, წვნიანი და კურკიანია.
მაჯაღვერის ყველა სახეობის ნედლ ქერქსა და მერქანს არასასიამოვნო სპეციფიური სუნი ახასიათებს, დიდი ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეა, გვხვდება დარიდან დაწყებული სუბალპური ტყეების ჩათვლით.
მთელი მცენარე, განსაკუთრებით კი ნაყოფები მწვავე შხამიან წვენს შეიცავს. იშვიათად, მაგრამ მშობლების მხრივ გაუფრთხილებლობის გამო არის ბავშვების მოწამვლის შემთხვევები მაჯაღვერის ნაყოფების შეჭმის შედეგად.
მაჯაღვერის ქერქის ხელზე ხანგრძლივი შეხებისას კანის დასუსხვა და ბუშტუკების დაყრა ხდება.
მაჯაღვერის ყველა ნაწილებში ნაპოვნია მუქი-მოყვითალო ფისი მეზერინი. გარდა ამისა, ქერქი შეიცავს გლიკოზიდ დაფნინს, კუმარინს (უმბელიფერონი), გუმფისს, საღებავ ნივთიერებებს. ნაყოფი შეიცავს ცხიმებსა და ეთერზეთს, დაფნინისმაგვარ ნივთიერებას, ცილოვან და საღებავ ნივთიერებებსა და სხვ.
ჰომეოპათიურ და ხალხურ მედიცინაში მაჯაღვერი გამოიყენება, როგორც კანის გაღიზიანების და დაჩირქების საწინააღმდეგო საშუალება, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, ნევრალგიის, სიმსივნის, ჩირქგროვების, სიყვითლისა და სახსრების ტკივილის საწინააღმდეგოდ.
ზოგჯერ მწიფე ახლად შეგროვილ ან გამხმარ ნაყოფს დღეში თითო ცალს იღებენ უმადობის, დაღლილობის, ათეროსკლეროზის, ხოლო ქერქის ნაყენს კი კუჭის დაავადებების დროს. ამ მცენარეს იყენებენ აგრეთვე ფაღარათიანობის და ციებ-ცხელების, ხველის და ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ, აგრეთვე სიყვითლის და დიზენტერიის სამკურნალოდ.
ნაყოფს იყენებენ აგრეთვე თრომბოფლებიტის ზოგი ფორმის მკურნალობისათვის, ძაღლებში პარაზიტი ჭიების დასაყრელად ნაყოფები გამოიყენება, ხოლო ნაყოფებისა და ქერქის ნაყენი გამოიყენება, როგორც ინსექტიციდური (მწერების საწინააღმდეგო) საშუალება, ქერქს საღებავადაც იყენებენ.
ძლიერი ტოქსიკურობის გამო მაჯაღვერის პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის გამოწერითა და მისი ზედამხედველობითაა დასაშვები. გამხმარი ქერქის სპირტზე ნაყენს გარეგან შესაზელად ხმარობენ დამბლის დროს.

 

 

Don`t copy text!