Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 362

კარცინომა საშვილოსნოს  – Carcinoma uteri  – карцинома матки

საშვილოსნოს კიბოს გავრცელებული დაავადებაა. ამჟამად მას მეოთხე ადგილი უკავია სარძევე ჯირკვლის, კანისა და კუჭ-ნაწლავის კიბოს შემდეგ. საშვილოსნოს კარცინომა უმთავრესად 40-დან 60 წლამდე ასაკში ვითარდება. მისი განვითარების რისკფაქტორებია დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება, მოწევა, ადამიანის პაპილომავირუსი, აივ-ვირუსი, სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყება, გვიანი მენოპაუზა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უშვილობა, მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, ადრეულ ასაკში მშობიარობა, ვენერული დაავადებები, პერორალური კონტრაცეპტივების მიღება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს სიმსუქნე: ნორმასთან შედარებით 10-25 კილოგრამით ჭარბი წონის მქონე ქალებში საშვილოსნოს კარცინომის განვითარების ალბათობა 3-ჯერ იმატებს, ხოლო 25 კილოგრამზე მეტი ჭარბი წონის შემთხვევაში – 9-ჯერ.
საშვილოსნოს კიბოს განვითარებას ხელს უწყობს კიბოსწინარე დაავადებები: ეროზია, წყლული, მშობიარობის შემდგომი ნაწიბურები, წანაზარდები ეპითელიუმზე (კონდილომა, პოლიპი),  ასევე – ქრონიკული ანთებითი პროცესები: ენდოცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ანთება) და ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება).
საშვილოსნოს უბნის ეპითელიუმის ბუნების მიხედვით განასხვავებენ კიბოს რამდენიმე ნაირსახეობას: საშვილოსნოს ყელის ბრტყელუჯრედოვან კიბოს, საშვილოსნოს ყელის არხის ჯირკვლოვან კიბოს და საშვილოსნოს ღრუს ჯირკვლოვან კიბოს (ადრენოკარცინომას). ყველაზე ხშირად (70%) საშვილოსნოს ადენოკარცინომა აღირიცხება, ყველაზე იშვიათად კი სარკომა (შემაერთებელქსოვილოვანი ავთვისებიანი სიმსივნე).
საშვილოსნოს კიბო დიფერენცირების მიხედვით სამი ხარისხისაა: მაღალდიფერენცირებული, ზომიერად დიფერენცირებული და დაბალდიფერენცირებული.
გამოყოფენ განვითარების ოთხ სტადიას
:
I სტადია – სიმსივნური წარმონაქმნი მდებარეობს საშვილოსნოს სხეულში;
II სტადია – დაზიანებულია საშვილოსნოს სხეულიცა და ყელიც;
III სტადია – სიმსივნე გავრცელებულია პარამეტრულ უჯრედებზე ან მეტასტაზები მოდებულია საშოს;
IV სტადია – სიმსივნე გავრცელებულია მენჯის ღრუს გარეთ, ჩაზრდილია შარდის ბუშტში ან სწორ ნაწლავში.

სიმპტომები და მიმდინარეობა. საშვილოსნოს კიბო დიდხანს შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მისი სიმპტომები – თეთრად შლა, სისხლდენა და ტკივილი – სიმსივნის დაშლის პერიოდში აღმოცენდება. მათი გამოვლინების დრო იმაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყო სიმსივნის დაწყლულება.
საშვილოსნოს კარცინომის შემთხვევაში თეთრად შლა სხვადასხვა ხასიათისაა: თხიერი (წყალნარევისებრი), ლორწოვანი, სისხლნარევი, უსუნო ან მყრალი. სისხლის მინარევი გამონადენს ხორცის ნარეცხს ამსგავსებს, საშოში შეკავებისა და დანამატების ანთების შემთხვევაში კი იგი ჩირქოვანი და სუნიანი ხდება. III და IV სტადიაში სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ჩირქოვანია.
საშვილოსნოს კიბოს დროს სისხლდენას უმეტესად მცირე სისხლიანი გამონადენის სახე აქვს, თუმცა არც ერთჯერადი ან მრავალჯერადი ჭარბი სისხლდენაა გამორიცხული. საშვილოსნოს ყელის კიბოსთვის ტიპობრივია კონტაქტური სისხლდენა – სისხლდენა სქესობრივი კონტაქტის, გამორეცხვის, საშვილოსნოს გამოკვლევის ან სიმძიმის აწევის შემდეგ. თუ ქალს მენსტრუაცია უკვე შეუწყდა, საშვილოსნოდან სისხლიანი გამონადენი უმეტესად ავთვისებიან სიმსივნეზე მიუთითებს.
ტკივილი საშვილოსნოს კიბოს გვიანდელი სიმპტომია და სიმსივნურ პროცესში ლიმფური კვანძებისა და მენჯის ჩართვაზე, ნერვულ დაბოლოებებსა და წნულებზე ზემწოლი ინფილტრატების გაჩენაზე მეტყველებს.
საშვილოსნოს კიბოს დროს ზოგადი სიმპტომატიკა, მაგალითად, კახექსია, ძალიან იშვიათად, შორს წასულ შემთხვევებში აღმოცენდება. საშვილოსნოს კარცინომით დაავადებული ქალები, წესისამებრ, ინარჩუნებენ კარგ გარეგნობასა და ჯანმრთელ იერს.

მეტასტაზირება. საშვილოსნოს კარცინომა მეტასტაზებს ყველაზე ხშირად მენჯის ლიმფურ კვანძებში იწვევს, ყველაზე იშვიათად კი – საზარდულის ლიმფურ კვანძებში. შორეული მეტასტაზები ვითარდება თირკმელებში, ღვიძლში, ფილტვებში. პროგნოზი ცუდია.

დიაგნოსტიკა. საშვილოსნოს კარცინომის ამოცნობა იწყება ავადმყოფის ჩივილებისა და დაავადების მიმდინარეობის შესწავლით. საეჭვო შემთხვევაში ავადმყოფი გინეკოლოგმა უნდა გამოიკვლიოს. დეტალურ გამოკვლევამდე და ზუსტი დიაგნოზის დასმამდე მკურნალობის დანიშვნა დაუშვებელია.
გამოკვლევა იწყება გინეკოლოგიური გასინჯვით (ხელით, სარკეებით). გამოხატული სიმსივნური  პროცესის შემთხვევაში საშოს გამოკვლევის გზით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელზე არსებული ამა თუ იმ  ცვლილების  დადგენა. ეს ცვლილებები დამოკიდებულია სიმსივნის ზრდის ხასიათზე (ეგზოფიტური, ენდოფიტური, შერეული). ხელით გასინჯვას, წესისამებრ, თან სდევს სისხლდენა, რომელსაც თითებით სიმსივნის ტრავმირება იწვევს. საშვილოსნოს გავრცობილი კიბოს შემთხვევაში სიმსივნის ადგილმდებარეობის დასადგენად დამატებით ტარდება ხელით გასინჯვა სწორი ნაწლავიდან.
საშვილოსნოს ყელის კიბოს საწყისი სტადიის გამოსავლენად ხელით გასინჯვის შემდეგ პაციენტი აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული სარკეებითაც. ადრეული ფორმების გამოსავლენად საშვილოსნოს ყელის ნებისმიერი სახის დაზიანების შემთხვევაში ტარდება ნაცხის ციტოლოგიური კვლევა ან ბიოფსია. საშვილოსნოს ყელის არხის ან საშვილოსნოს ღრუს კიბოზე ეჭვის შემთხვევაში ხდება საშვილოსნოს ყელის არხის და საშვილოსნოს ღრუს ცალ-ცალკე გამოფხეკა და აღებული მასალის ჰისტოლოგიური კვლევა.
საშოს მხოლოდ ხელით გამოკვლევისას საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირება ათიდან ხუთ შემთხვევაში ვერ ხერხდება. სარკეებით დათვალიერებისას დიაგნოსტიკური შეცდომის ალბათობა 5-ჯერ ნაკლებია, ხოლო ბიოფსიის დროს შეცდომა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებშია მოსალოდნელი.
ბოლო ხანს დიდი მნიშვნელობა შეიძინა ტომოგრაფიამ, რომელიც საშვილოსნოში სხვა მეთოდებისთვის მიუწვდომელი ცვლილებების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. იგი საშვილოსნოს კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში გამოკვლევის ერთ-ერთი აუცილებელი მეთოდია.
ლიმფური კვანძების დაზიანების გამოსავლენად და მეტასტაზების აღმოსაჩენად იყენებენ კვლევის რენტგენოლოგიურ მეთოდს – ლიმფოგრაფიასა და ილეოკავაგრაფიას. ამავე მიზნით ტარდება გულმკერდის ღრუს ორგანოთა რენტგენოგრაფია, შინაგანი პიელოგრაფია, ირიგოგრაფია, ცისტოსკოპია და რექტორომანოსკოპია. კვლევის ეს მეთოდები მნიშვნელოვანია საშვილოსნოს კიბოს სხივური თუ კომბინირებული მკურნალობის მეთოდის დაგეგმვის თვალსაზრისით.

მკურნალობა. საშვილოსნოს კარცინომის მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, მის საერთო მდგომარეობასა და კიბოს კლინიკურ სტადიაზე. მკურნალობა უმთავრესად ქირურგიულია (საშვილოსნოს ექსტირპაცია დანამატებთან ერთად, ზოგჯერ – მენჯის ლიმფური კვანძების ამოკვეთაც). შესაძლოა ჩატარდეს კომბინირებული მკურნალობაც: ჯერ ოპერაცია, შემდეგ – საშოს არის დისტანციური დასხივება, ღრუს შიდა გამა-თერაპია. ზოგჯერ სხივური თერაპია ოპერაციამდეც ტარდება. ჩარევის ფორმა დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული.
Iა სტადიაში (მიკროინვაზიური კიბო) წარმოებს საშვილოსნოსა და დანამატების ექსტირპაცია.
Iბ სტადიაში (კიბო გავრცელებულია მხოლოდ საშვილოსნოს ყელზე) ნაჩვენებია დასხივება, შემდეგ კი საშვილოსნოსა და დანამატების გაფართოებული ექსტირპაცია ან პირიქით: თავდაპირველად – ოპერაცია, ხოლო შემდეგ – დისტანციური გამა-თერაპია.
II სტადიაში (პროცესში ჩართულია საშოს ზედა ნაწილი, შესაძლოა კიბოს გადასვლა საშვილოსნოს სხეულზე და პარამეტრიუმის ინფილტრაცია მენჯის კედელზე გადაუსვლელად) მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს სხივური თერაპია, ქირურგიულ ჩარევას იშვიათად მიმართავენ.
III სტადიაში (სიმსივნური პროცესი გავრცელებულია საშოს ქვედა ნაწილზე, ხდება პარამეტრიუმის ინფილტრაცია და მისი გავრცელება მენჯის ძვლებზე) ნაჩვენებია სხივური თერაპია.
IV სტადიაში (სიმსივნური პროცესი გადადის შარდის ბუშტზე, სწორ ნაწლავზე ან განვითარებულია შორეული მეტასტაზები) მიმართავენ მხოლოდ პალიატიურ დასხივებას.
კარცინომის გვიან სტადიებში ხორციელდება სიმპტომური მკურნალობა. შეიძლება დაინიშნოს ქიმიოთერაპიაც.
სხივურ თერაპიას როგორც მკურნალობის დამოუკიდებელ მეთოდს მიმართავენ სიმსივნური პროცესის ადგილობრივი გავრცელებისა და ოპერაციის უკუჩვენების არსებობის შემთხვევაში. სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები ეფექტურია მაღალდიფერენცირებული, II და IV სტადიების კიბოს დროს.
საშვილოსნოს კიბოს მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ექიმთან პერიოდული ვიზიტი მცირე მენჯის ორგანოებისა და ნაცხის გამოსაკვლევად. ამასთანავე, უნდა ჩატარდეს გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ექოსკოპია. პირველ წელს ექიმთან ვიზიტი საჭიროა სამ თვეში ერთხელ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში – 6 თვეში ერთხელ. 5 წლის შემდეგ კი წელიწადში ერთხელ.
რეციდივების შემთხვევაში, თუ პროცესი ლოკალიზებულია, ტარდება მენჯის ნაწილობრივი ან ტოტალური ეკგენტერაცია (საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, საშოს, პარამეტრიუმის, შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ერთდროული ამოკვეთა), ხოლო შორეული მეტასტაზების არსებობის შემთხვევაში – ქიმიოთერაპია. სხივური თერაპიის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ მტკივნეული მეტასტაზების პალიატიური მკურნალობისთვის.

პროფილაქტიკა. საშვილოსნოს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა შესაძლებელია მხოლოდ რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვით, რომელიც 30 წელს გადაცილებულმა ყოველმა ქალმა წელიწადში 2-ჯერ მაინც უნდა ჩაიტაროს. სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ სასურველია რეგულარული ვიზიტი გინეკოლოგთან. რეგულარული გასინჯვა, ულტრაბგერითი ტომოგრაფია და ციტოლოგიური გამოკვლევა (2 წელიწადში ერთხელ) ხელს უწყობს კიბოსწინარე დაავადებების დროულ გამოვლენას, რომელთა მკურნალობაც კიბოს პროფილაქტიკისთვის აუცილებელია.
საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებებს სპეციფიკური სიმპტომები არ გააჩნია. მათი საერთო ნიშნებია ხანგრძლივი ქრონიკული მიმდინარეობა, სიმპტომების მუდმივობა და ანთების საწინააღმდეგო კონსერვატიული თერაპიის უეფექტობა. საშვილოსნოს ყელის  კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობა ითვალისწინებს ელექტროკოაგულაციას, დაზიანებული უბნის ან საშვილოსნოს ყელის ამპუტაციას. მიმართავენ სხივურ თერაპიასაც. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებათა მკურნალობის რადიკალური მეთოდები საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობას 6-ჯერ ამცირებს.
საშვილოსნოს კიბოს პროფილაქტიკა ასევე გულისხმობს მოწევისთვის თავის დანებებას და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკას.

 

 

კარცინომა სარძევე ჯირკვლის  – Carcinoma mammae – карцинома молочной железы

ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. მის წილად მოდის ავთვისებიან სიმსივნეთა 19%. კარცინომის განვითარების ალბათობა ასაკის პროპორციულად იზრდება – დაავადებულთა მხოლოდ 4%-ია 30 წელზე ახალგაზრდა. სიკვდილიანობა ყველაზე ხშირია 40-50 წლის ასაკში.
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების კარცინომა ძალიან იშვიათად გვხვდება.
სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა მეტი აქვთ 50 წელს გადაცილებულ ქალებს მენოპაუზის სტადიაში, ქალებს, რომლებსაც არასოდეს უმშობიარიათ ან პირველი შვილი გააჩინეს 30 წლის შემდეგ, ასევე – ქალებს, რომლებსაც აქვთ კიბოს ოჯახური ანამნეზი ან ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია.
ძუძუს კიბოს განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები. უმთავრესად ეს არის განმეორებადი დისჰორმონური ჰიპერტენზია, რომელსაც სდევს ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის კერების გაჩენა (ფიბროადენომატოზი). ასეთი ცვლილებები შესაძლოა გამოიწვიოს ენდოკრინულმა დარღვევებმა, რომლებსაც არცთუ იშვიათად განაპირობებს საკვერცხეების დაავადება, ხშირი აბორტი, ბავშვის არასწორი კვება ძუძუთი და სხვა.
ძუძუს კიბოს განვითარების თვალსაზრისით განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება ანატომიურ-ემბრიოლოგიურ გადახრებს – ჯირკვლოვანი ქსოვილის დამატებითი წილებისა და კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის (სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომის) არსებობას. ყოველგვარი წარმონაქმნი, ავთვისებიანი გადაგვარებისკენ მიდრეკილების მიუხედავად, უნდა ამოიკვეთოს, რადგან ახალდაწყებული კიბოსგან მათი გარჩევა ზოგჯერ შეუძლებელია.
ჰისტოლოგიური შენებით სარძევე ჯირკვლის კიბო უმეტესად ან ადენოკარცინომას წარმოადგენს, ან მრავალი გარდამავალი ფორმის მქონე სოლიდურ კიბოს.

განასხვავებენ კარცინომის ინფილტრირებულ და არაინფილტრირებულ ფორმებს.
იშვიათად (ასიდან ერთ შემთხვევაში) სარძევე ჯირკვალში ჩნდება არაეპითელური ავთვისებიანი სიმსივნე – სარკომა, რომლის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები კიბოსგან არაფრით განსხვავდება.
ძუძუს კიბოს კლასიფიცირება ხდება ესტროგენული რეცეპტორების (ერც) არსებობა-არარსებობის საფუძველზე. ერც-ის მდგომარეობამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს დაავადების მიმდინარეობა. ერც-დადებითი სიმსივნე ხშირად აღმოცენდება კლიმაქსის შემდეგ. სარძევე ჯირკვლების პირველად კიბოს ათიდან 6-7 შემთხვევაში ერც-ის არსებობა ახასიათებს. ერც-ნეგატიური სიმსივნე ხშირია მენოპაუზამდელი ასაკის პაციენტებს შორის. ესტროგენული რეცეპტორების მდგომარეობის მიხედვით შეირჩევა მკურნალობის ტაქტიკა.
სარძევე ჯირკვალში კარცინომას სხვადასხვა მდებარეობა აქვს. მარჯვენა და მარცხენა ჯირკვლები ერთნაირი სიხშირით ზიანდება. შემთხვევათა დაახლოებით 2,5%-ში კიბო ორივე სარძევე ჯირკვალს აზიანებს. მეორე ჯირკვალში სიმსივნური წარმონაქმნი შესაძლოა განვითარდეს როგორც მეტასტაზის, ისე დამოუკიდებელი სიმსივნის სახით.
პაციენტთა დაახლოებით ნახევარს ძუძუს კიბო ჯირკვლის ზედა გარეთა კვადრატში, იღლიის საზღვრის მიდამოში უჩნდება.
გარეგნულად სარძევე ჯირკვლის კიბო წარმოადგენს ან პატარა, მკვრივ, ხრტილისმაგვარ სიმსივნეს მკვეთრი საზღვრების გარეშე, ან რბილ, ცომისებური კონსისტენციის, მკვეთრად შემოსაზღვრულ მრგვალ კვანძს, რომელსაც აქვს გლუვი ან ხორკლიანი ზედაპირი და ზოგჯერ მნიშვნელოვან ზომას (5-10 სმ) აღწევს, ან გაურკვეველი სიმკვრივის წარმონაქმნს, რომელსაც გამოკვეთილი საზღვრები არ გააჩნია.
კიბოს ერთ-ერთ ტიპურ სიმპტომს წარმოადგენს კანის ფიქსაცია, დანაოჭება და ჩაღრმავება სიმსივნური წარმონაქმნის ზემოთ. შედარებით გვიანდელ სტადიაში ვითარდება ლიმფოსტაზი (ფორთოხლის ქერქის სიმპტომი) – კანი ფორთოხლის ქერქს ემსგავსება და წყლულდება. ღრმად მდებარე სიმსივნე სწრაფად იზრდება მიმდებარე ფასციასა და კუნთებში.

მიმდინარეობა და სიმპტომები. სარძევე ჯირკვლების კარცინომის მიმდინარეობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, პირველ ყოვლისა – ქალის ჰორმონურ სტატუსსა და ასაკზე. ახალგაზრდებში, განსაკუთრებით – ორსულებსა და მეძუძურ დედებში, იგი სწრაფად მიმდინარეობს და მალევე იძლევა შორეულ მეტასტაზებს, მოხუცებს კი სარძევე ჯირკვლის კიბო შესაძლოა 8-10 წელიც კი მეტასტაზირების გარეშე ჰქონდეთ.
ძუძუს კიბოს, უწინარეს ყოვლისა, ახასიათებს სარძევე ჯირკვალში ისეთი სიმსივნური კვანძების ან სიმაგრეების წარმოქმნა, რომლებსაც მკვეთრი საზღვრები არ გააჩნია. ამასთან ერთად, ხშირია ჯირკვლის მდებარეობის შეცვლა – იგი დვრილთან ერთად აჭიმულია მაღლა ან შესივებულია და ქვემოთ არის დაშვებული. სიმსივნური წარმონაქმნის ადგილას კანზე შეიმჩნევა გამკვრივება ან ფოსოსებრი ჩაღრმავება. ზოგჯერ აღინიშნება ფორთოხლის ქერქის სიმპტომი და დაწყლულება. 
სარძევე ჯირკვლის კიბოს ტიპური სიმპტომებია:

  • ნებისმიერი გამაგრება მკერდზე;
  • ცალი ძუძუს უჩვეულო გადიდება;
  • ცალი ძუძუს უჩვეულო ჩამოშვება;
  • კანის დანაოჭება მკერდის არეში;
  • ძუძუსთავის ჩაბრუნება;
  • მკლავის უჩვეულო შესივება;
  • ძუძუსთავის ნებისმიერი ცვლილება;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ნებისმიერი უჩვეულო გამონადენი დვრილებიდან.

გამოყოფენ სარძევე ჯირკვლის კიბოს თავისებურ ფორმებს: მასტიტის მსგავსს, წითელი ქარის მსგავსს, ჯავშნისებურსა და პეჯეტის კიბოს.
მასტიტის მსგავსი კიბო გამოირჩევა ბობოქარი მიმდინარეობით, სარძევე ჯირკვლის მკვეთრი ზრდით, შესივებითა და მტკივნეულობით. კანი დაჭიმული, ცხელი და წითელია. კიბოს ამ ფორმის სიპტომები მასტიტისას ჰგავს, რაც არცთუ იშვიათად დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად იქცევა.
წითელი ქარის მსგავს კიბოს ახასიათებს სარძევე ჯირკვალზე მკვეთრი სიწითლის გაჩენა, რომელიც ზოგჯერ სცდება მის საზღვრებს, აქვს დაკბილული კიდეები და ხანდახან ტემპერატურის მატებით მიმდინარეობს. სარძევე ჯირკვლის კიბოს ეს ფორმა შესაძლოა წითელ ქარად იქნეს მიჩნეული.
ჯავშნისებური კიბო ვითარდება ლიმფური ძარღვებითა და კანის ფორებით კიბოს ინფილტრაციის შედეგად, რაც იწვევს კანის ხორკლოვან გამკვრივებას.
პეჯეტის კიბოს ძუძუს დვრილის დაზიანება ახასიათებს. საწყის სტადიებში დვრილი სველია და იქერცლება, რასაც ხშირად ეგზემად მიიჩნევენ. შემდგომში სიმსივნე ჯირკვლის სადინარებით ღრმად ვრცელდება, ქსოვილში კიბოს კვანძებს წარმოქმნის და მეტასტაზურად აზიანებს ლიმფურ კვანძებს. პეჯეტის კიბო შედარებით ნელა მიმდინარეობს და მხოლოდ დვრილის დაზიანებით შემოიფარგლება.

მეტასტაზირება. სიმსივნური უჯრედები ლიმფურ კვანძებში  ლიმფის ნაკადით ვრცელდება და მეტასტაზებს იწვევს. ყველაზე ადრე ზიანდება  იღლიისა და ლავიწქვეშა ლიმფური კვანძები. შემდეგ ხდება ლავიწზედა, კისრის, მედიასტინური ლიმფური და საპირისპირო იღლიისქვეშა კვანძების მეტასტაზირება. ზოგჯერ ჯირკვალში სიმსივნის აღმოჩენაზე ადრე იღლიის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზებს აღმოაჩენენ.
მეტასტაზები ჰემატოგენური გზით ვრცელდება ფილტვებში, პლევრაში, ღვიძლში, ძვლებსა და თავის ტვინში. მეტასტაზებმა შესაძლოა დააზიანოს ხერხემალი, მენჯის, ნეკნების, ქალას, თეძოსა და ბეჭის ძვლები. ამ დაზიანებას თავდაპირველად ყრუ ტკივილი ახასიათებს, რომელიც მოგვიანებით აუტანელ, მუდმივ ტკივილში გადაიზრდება.

დიაგნოსტიკა. სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის პირველი საფეხურია ავადმყოფის დათვალიერება, ხელით გასინჯვა და ჩივილების გაანალიზება. აუცილებლად უნდა გაისინჯოს ორივე სარძევე ჯირკვალი. ვინაიდან საკმაოდ ხშირია კიბოს ღვიძლში მეტასტაზირება, ისინჯება ღვიძლიც. გამოკვლევის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ფილტვების რენტგენოსკოპია.
როდესაც კარცინომის სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის, მაგრამ საწყის სტადიებში, როცა სიმსივნური წარმონაქმნი პატარაა, ღრმად მდებარეობს ან მეტასტაზები ჯერ კიდევ არ არის განვითარებული, დამატებითი კვლევა გარდაუვალია. ამ მიზნით ტარდება სარძევე ჯირკვლების რენტგენოგრაფია (უკონტრასტო მამოგრაფია), სიმსივნური წარმონაქმნის პუნქცია და ციტოლოგიური კვლევა. აუცილებელია ბიოფსიის შედეგად აღებულ მასალაში ესტროგენებისა და რეცეპტორების პროგრესირების განსაზღვრა. რეცეპტორპოზიტიური სიმსივნე ხშირად ჰორმონურ თერაპიას ექვემდებარება და უკეთესი პროგნოზი აქვს. ულტრაბგერით კვლევას სოლიდური ან კისტოზური ხასიათის წარმონაქმნების დიაგნოსტიკისთვის იყენებენ.
დაავადების გავრცელების ხარისხის დასადგენად ტარდება ჩონჩხის სცინტიგრაფია (საჭიროების შემთხვევაში – ჩონჩხის რენტგენოგრაფია), ღვიძლის ექოსკოპიური კვლევა, ფილტვების რენტგენოგრაფია და სხვა.

მკურნალობა. საწყის სტადიაში, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი მცირე ზომისაა და რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები არ აღინიშნება, ხორციელდება ქირურგიული მკურნალობა, კერძოდ, რადიკალური მასტექტომია. როდესაც სიმსივნური წარმონაქმნის ზომა 5 სმ-ზე მეტია, კანის სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, აღინიშნება სარძევე ჯირკვლის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ინფილტრაცია, ხოლო იღლიის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები შეიმჩნევა, ინიშნება კომბინირებული მკურნალობა. თავდაპირველად ტარდება დისტანციური გამა-თერაპია სარძევე ჯირკვლის არეზე და რეგიონული მეტასტაზების მიდამოში, შემდეგ კი ქირურგიული ჩარევა ხორციელდება. საოპერაციოდ სპეციალური მომზადება და ოპერაციის შემდგომი მოვლა საჭირო არ არის, აუცილებელია მხოლოდ ჭრილობის დამუშავება და ხელის ვარჯიშების ჩატარება ნაოპერაციევ მხარეს.
თუ ახალგაზრდა ქალს ძუძუს გავრცელებული კიბო აქვს, ინიშნება სხივური თერაპიის, ოპერაციისა და ჰორმონული თერაპიის კომბინაცია. ზოგჯერ ამას ჰორმონო-ქიმიოთერაპიაც ემატება.
სარძევე ჯირკვლის ჰორმონული ბუნების კარცინომის დროს იკვეთება ორივე საკვერცხე (ან დასხივებით ითიშება მათი ფუნქცია), ტარდება ანდროგენოთერაპია და კორტიკოიდული თერაპია თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის  დასათრგუნავად. ჰორმონული თერაპიის შეწყვეტა არ შეიძლება. მისი კურსი რამდენიმე თვეს, ზოგჯერ წელიწადსაც კი გრძელდება. ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების ან გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში  დასაშვებია დოზის შემცირება ან მისი მიღებიდან მიღებამდე ინტერვალის გაზრდა.
ქიმიო და ჰორმონულ თერაპიას ფართოდ იყენებენ შორეული მეტასტაზების არსებობისას. მეტასტაზები ძვლებშია ლოკალიზებული, ძირითად მკურნალობას ემატება მეტასტაზების დასხივებაც, რაც დროებითი რემისიის მიღწევისა და ავადმყოფის სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.
თუ სარძევე ჯირკვლის კიბო შორს არის წასული: განვითარებულია მრავალი მეტასტაზი, სიმსივნე დაწყლულებულია, – ტარდება პალიატიური ოპერაცია, რაც ჯირკვლის ამპუტაციას ითვალისწინებს. ასეთი ოპერაცია გამიზნულია არა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ ავადმყოფის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
სარძევე ჯირკვლის გავრცობილი კიბოს დროს ანუ შორეული მეტასტაზების არსებობის შემთხვევაში ხანშიშესულ ქალებს, რომელთაც 6 წელზე მეტია, აქვთ მენოპაუზა, ქიმიოთერაპიის პარალელურად ენიშნებათ მკურნალობა ქალის სასქესო ჰორმონით – ესტროგენით.
გულმკერდზე არსებული ნაწიბურის არხში სარძევე ჯირკვლის კიბოს რეციდივი იშვიათია. ამ შემთხვევაში ტარდება როგორც ადგილობრივი სხივური თერაპია, ისე ზოგადი ჰორმონო-ქიმიოთერაპია.
რეციდივის დროულად აღმოსაჩენად საჭიროა ავადმყოფის დინამიკაში დაკვირვება. ამისათვის 3-4 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს სამედიცინო შემოწმება, ყოველწლიურად ჩატარდეს მამოგრაფია, ძვლების სკანირება, გულმკერდის ყაფაზის რენტგნოგრაფია და ღვიძლის გამოკვლევა. თავად ავადმყოფებმა უნდა აწარმოონ ყოველთვიური თვითგასინჯვა.

პროფილაქტიკა. 20-25 წელს გადაცილებულმა ყოველმა ქალმა პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის რეგულარულად უნდა იაროს ექიმთან. 35 წლამდე გამოკვლევის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია მამოლოგის მიერ პალპატორული (ხელით) გასინჯვა. ამის საფუძველზე ექიმი განსაზღვრავს, აუცილებელია თუ არა შემდგომი გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში ულტრასონოგრაფიულ (ექოსკოპიულ) კვლევას დანიშნავს. 35 წლის შემდეგ აღნიშნულ მეთოდებს ემატება მამოგრაფია – ძუძუს რენტგენოლოგიური კვლევა.
მამოლოგთან ვიზიტისთვის საუკეთესოა მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდი, რომელიც მენსტრუაციის დასრულებიდან 1 კვირის შემდეგ იწყება და მომდევნო ციკლის დაწყებამდე 5-6 დღით ადრე სრულდება. ამ დროს სარძევე ჯირკვალი ყველაზე მეტად არის მოსვენებული და პათოლოგიური პროცესი უფრო იოლი აღმოსაჩენია. ინსტრუმენტული გამოკვლევებიც მხოლოდ ამ პერიოდში ტარდება.
ექიმთან ვიზიტის სიხშირე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას. თუ სისხლით ნათესავებს ეს დაავადება ჰქონდათ, ალბათობა გაცილებით მეტია. ამ შემთხვევაში ქალმა 6 თვეში ერთხელ უნდა მიმართოს ექიმს. თუ ოჯახური ანამნეზი ამ დაავადებით არ არის დატვირთული, სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა 35 წლამდე ორ წელიწადში ერთხელაც საკმარისია, 35 წლის შემდეგ კი წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული.
დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია ძუძუს თვითგასინჯვა.
ძუძუს თვითგასინჯვა ტარდება ყოველთვიურად, სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან სიბერემდე. სარძევე ჯირკვლის შესამოწმებლად საუკეთესო დროა მერვე-მეათე დღე მენსტრუაციის შემდეგ. ამ დროს მკერდი არც ზედმეტად მაგარია და არც ზედმეტად რბილი. მენოპაუზის შემდეგ ძუძუს თვითგასინჯვა სასურველია ჩატარდეს ყოველი თვის პირველ რიცხვში.
სარძევე ჯირკვლების გასინჯვა ხდება აბაზანაში, ოდნავ გასაპნული ხელით, რათა ხელისგულმა კანზე ისრიალოს. მაღლა ასწიეთ მარცხენა მკლავი და მარჯვენა ხელით შეიმოწმეთ მარცხენა ძუძუ, შემდეგ – პირიქით. ძუძუ უნდა გაისინჯოს გაშლილი ხელისგულით ან შუა სამი თითის ბალიშებით. ძუძუს კიბოს 50% ძუძუს ზედა გარეთა კვადრატში ვითარდება, 15% – ზედა შიგნითა კვადრატში, 6% – ქვედა შიგნითა კვადრატში, 11% – ქვედა გარეთაში, ხოლო 18% – ძუძუსთავზე.
ზედაპირული გასინჯვა: თითის ბალიშებით მსუბუქი ზეწოლისას გამოვლინდება ნებისმიერი მცირე ზომის კანქვეშა მოძრავი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც უფრო ძლიერი ზეწოლისას ქრება და აღარ ისინჯება.
ღრმა გასინჯვა: ღრმა ზეწოლით გასინჯვისას ვლინდება შედარებით ღრმად მდებარე ქსოვილები და ნეკნების მიმდებარე არე.
ლიმფური კვანძები გაივლის იღლიების ქვეშ და ლავიწის არეში. ვინაიდან ძუძუს კიბო შესაძლოა ლიმფური კვანძების გადიდებით გამოვლინდეს, ზედმიწევნით გამოიკვლიეთ იღლიებისქვეშა და ლავიწის ძვლის გარშემო არსებული არე.
არსებობს ძუძუს ხელით გამოკვლევის ორი ძირითადი მეთოდი: სპირალური და ბადისა.
სპირალური მეთოდი : გასინჯვა დაიწყეთ მკერდის ზედა არიდან და ხელის მოძრაობით შემოხაზეთ დიდი სპირალი ძუძუსთავამდე. პროცედურა გაიმეორეთ ორ-ორჯერ ჯერ მსუბუქი, შემდეგ – ღრმა ზეწოლით.
ბადის მეთოდი : მკერდი წარმოსახვით დაყავით კვადრატებად და გამოიკვლიეთ ყოველი კვადრატი ცალ-ცალკე თითების წრიული მოძრაობით. თითოეული კვადრატი გაისინჯეთ ჯერ მსუბუქი, შემდეგ კი ღრმა ზეწოლით.
თუ დაშვებული ან მძიმე ძუძუ გაქვთ, გასინჯვისას შესაბამისი ხელით ქვემოდან დაიჭირეთ, საპირისპიროთი კი გაისინჯეთ.
შხაპის შემდეგ დადექით სარკესთან და კარგად დააკვირდით მკერდს ხილული ცვლილებების აღმოსაჩენად (ზომა, ფორმა, ფერი, ძუძუსთავის ჩაბრუნება). შემდეგ ხელები ასწიეთ თავს ზემოთ და მკერდი ახლა ამ მდგომარეობაში დაითვალიერეთ. ხელები ნიკაპქვეშ ერთმანეთს გადააჭდეთ, მოადუნეთ მკერდის კუნთი, ასწიეთ მხრები და წინ გადაიხარეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ორივე ძუძუ თანაბრად არის დაკიდებული. ბოლოს ნაზად მოუჭირეთ ხელი ძუძუსთავებს – დააკვირდით, ხომ არა გაქვთ უჩვეულო, განსაკუთრებით – მოვარდისფრო ამ მოწითალო გამონადენი.
სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვის უკანასკნელი საფეხურია მწოლიარე მდგომარეობაში გასინჯვა. ბეჭების ქვეშ ოთხად გაკეცილი პირსახოცი ამოიდეთ, მკერდზე ცოტაოდენი ლოსიონი წაისვით და დაიწყეთ მკერდის გასინჯვა სპირალურად ან უჯრედულად. არ დაგავიწყდეთ იღლიებისა და ლავიწის არეების შემოწმება.

 

კარცინომა პანკრეასის  – Carcinoma pancreatis – карцинома поджелудочной железы

პანკრეასის კიბო ონკოდაავადებების იშვიათი (2-3%) ფორმაა. იგი გაცილებით ხშირად ემართებათ მამაკაცებს, უმთავრესად – 50 წლის შემდეგ. დაავადების განვითარების რისკი 30 წლიდანვე არსებობს, ხოლო პიკს 70 წლის ასაკში აღწევს. სიმსივნე უმეტესად (ასიდან 75 შემთხვევაში) პანკრეასის თავში მდებარეობს. უფრო იშვიათად ზიანდება მისი სხეული და კუდი. პანკრეასის სიმსივნეს მეტწილად (ასიდან 95 შემთხვევაში) აქვს ადენოკარცინომური შენება. კიბოსწინარე მდგომარეობებია ქრონიკული პანკრეატიტი, კისტა და კუჭქვეშა ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე.
პანკრეასის კიბო შესაძლოა უკავშირდებოდეს თამბაქოს მოხმარებას, შაქრიან დიაბეტს, აზბესტის ზემოქმედებას. კარცინომის განვითარების რისკი საგრძნობლად მეტი აქვთ პანკრეატიტის მემკვიდრეობითი ფორმებით დაავადებულ ადამიანებს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. პანკრეასის თავის კიბო სიმპტომატიკის გამოვლენის თვალსაზრისით შეიძლება ორ პერიოდად გაიყოს. ადრეულ სტადიაში ავადმყოფებს ჩივილები იშვიათად აქვთ. უმეტესად დაავადების პირველი სიმპტომია ეპიგასტრიუმსა და ნეკნების ქვეშ აღმოცენებული ტკივილი, რომელიც გადაეცემა ზურგში და ძლიერდება საღამოობით. შესაძლოა მიგრირებადი ხასიათის თრომბოფლებიტის ჩამოყალიბებაც. შემდგომ იწყება სხეულის მასის უმიზეზო, პროგრესული კლება, ჭამის შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნების გაჩენა, შრომის უნარის დაქვეითება. მეორე პერიოდში, სიმსივნის ზრდის კვალდაკვალ, თავს იჩენს პანკრეასის თავის კიბოს წამყვანი სიმპტომი – სიყვითლე. ის ნელ-ნელა იწყება და სწრაფად ძლიერდება. კანის საფარველი მკვეთრ მომწვანო-მოწაბლისფრო ფერს იღებს. ამას ერთვის ძლიერი ქავილი და განავლის გაუფერულება. ვინაიდან პანკრეასის თავის სიმსივნე გამუდმებით აწვება ნაღვლის საერთო სადინარს, სიყვითლის პარალელურად აღმოცენდება საჭმლის მონელების დარღვევები: უმადობა, ხორცისა და ცხიმისადმი ზიზღი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ორგანიზმის გაუცხიმოვნება, კახექსია.
დაავადების ადრეულ სტადიაში სიმსივნე ხელით არ ისინჯება. ხელით გასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ დიდი სიმსივნის ან მისი მეტასტაზირების შემთხვევაში. ხშირად ღვიძლი გადიდებულია. თუ სიმსივნური წარმონაქმნი თორმეტგოჯა ნაწლავში ან კუჭში ჩაიზარდა, შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა ან სტენოზი.
პანკრეასის სხეულის ან კუდის კიბო მხოლოდ უკანასკნელ სტადიებში ვლინდება, ვინაიდან ასეთი ლოკალიზაციის სიმსივნე მექანიკურ სიყვითლეს ათიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში იწვევს.
პანკრეასის სხეულის კიბო სწრაფად ჩაიზრდება ჯორჯლის ვენებსა და არტერიებში და კარის ვენაში. ზოგჯერ (ათიდან 1-2 შემთხვევაში) ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების დესტრუქციის გამო ვითარდება შაქრიანი დიაბეტი.
პანკრეასის კუდის კარცინომა ხშირად ჩაიზრდება კარის ვენასა და ელენთის სისხლძარღვებში, რაც იწვევს პორტული ჰიპერტენზიის განვითარებას, ელენთის გადიდებას და სხვა.
პანკრეასის სხეულსა და კუდში ლოკალიზებული სიმსივნის დროს ტკივილი მკვეთრად არის გამოხატული, რადგან სიმსივნე ჯირკვლის ირგვლივ არსებულ ნერვულ ბადეში ჩაიზრდება.
მეტასტაზირება. პანკრეასის კარცინომის მეტასტაზირება ძალიან სწრაფად ხდება, უმეტესად – რეგიონულ ლიმფურ კვანძებსა და ღვიძლში. ასევე შესაძლებელია მეტასტაზირება ფილტვებში, ძვლებში, მუცლის ფარში, პლევრაში, თირკმელზედა ჯირკვალში და სხვა.

დიაგნოსტიკა. პანკრეასის კარცინომა ყოველთვის ტიპურად არ მიმდინარეობს, რის გამოც ზოგჯერ (განსაკუთრებით – პანკრეასის კუდისა და სხეულის კიბოს შემთხვევაში) დიაგნოზის დასმა ძნელდება. კუჭქვეშა ჯირკვლის კარცინომას ეჭვობენ, როდესაც ავადმყოფი ასაკოვანია და ნაღველკენჭოვანი დაავადების არარსებობის მიუხედავად აღენიშნება სიყვითლე ცხელების გარეშე. პანკრეასის კიბოს დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ულტრაბგერით და კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ენდოსკოპიას, რეტროგრადულ პანკრეოგრაფიას, ანგიოგრაფიას და რელაქსაციურ დუოდენოგრაფიას.
მიუხედავად ჩამოთვლილი დიაგნოსტიკური პროცედურებისა, რიგ შემთხვევაში მაინც ჭირს პანკრეასის კიბოს დიფერენცირება პანკრეასის ქრონიკული ანთების ზოგიერთი ფორმისგან. ასეთ დროს საბოლოო დიაგნოზი ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე დაისმის.
თუ კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე იმდენად დიდია, რომ ადგილს უცვლის თორმეტგოჯა ნაწლავს, მისი დიაგნოსტირება შესაძლებელია რენტგენოგრაფიის მეშვეობით. თორმეტგოჯა ნაწლავის ცდომის შემთხვევაში სავარაუდოა პანკრეასის თავის კიბოს არსებობა.

მკურნალობა. პანკრეასის კარცინომის მკურნალობა ქირურგიულია. წინათ ოპერაციებს ჰქონდა წმინდა პალიატიური ხასიათი და ხორციელდებოდა ნაღვლის სადინარებზე ნაწლავებში ნაღვლის წვენის შეუფერხებლად გადასვლის მიზნით. ახლა ქირურგიული მეთოდით მკურნალობა გაცილებით ეფექტურია. კიბოს ადრეულ, გაუვრცობელ სტადიაზე ტარდება რთული ოპერაცია – პანკრეას-დუოდენალური რეზექცია: კუჭქვეშა ჯირკვლის ნაწილს სადინარებსა და თორმეტგოჯა ნაწლავთან ერთად მოკვეთენ, შემდეგ კი ნაღვლის წვენისა და ნაწლავის შიგთავსის გასასვლელი გზის აღსადგენად ატარებენ რთულ რეკონსტრუქციულ სამუშაოებს. მაგრამ ასეთი რადიკალური ოპერაციის ჩატარება ასიდან მხოლოდ 10-25 შემთხვევაშია შესაძლებელი.
როდესაც კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო მეტასტაზირებას განიცდის მუცლის ღრუს ახლომდებარე და შორეულ ლიმფურ კვანძებში, ხორციელდება ზემოხსენებული პალიატიური ოპერაცია.
პანკრეასის კარცინომის დროს სხივური თერაპია ნაკლებეფექტურია, ქიმიოთერაპიის დროს კი შედარებით შედეგიანია.

პროფილაქტიკა. პროფილაქტიკა ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი ავთვისებიანი სიმსივნის დროს: კიბოს ადრეულ სტადიაში გამოვლენისა და სწორი მკურნალობის დროული დაწყებისთვის აუცილებელია კიბოსწინარე მდგომარეობის დროული მკურნალობა და რეგულარული გამოკვლევა. ასევე მნიშვნელოვანია მოწევისთვის თავის დანებება და მავნე ფაქტორების (მაგალითად, აზბესტის მტვრის) ზემოქმედების თავიდან აცილება.

 

 

კარცინომა ნაწლავის  – Intestinal carcinoma – карцинома кишки

მსხვილი ნაწლავის კარცინომა (კოლინჯის კიბო)
მსხვილი ნაწლავის კიბოს წილად ონკოლოგიური დაავადებების 5-6% მოდის. ის უმეტესად 50-60 წლის მამაკაცებს ემართებათ. კარცინომის განვითარების რისკს ზრდის კიბოსწინარე დაავადებები: ადენომა, დიფუზიური პოლიპოზი და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი. მაგალითად, დიფუზიური პოლიპოზის მალიგნიზაცია ასიდან თითქმის ასივე შემთხვევაში ხდება.
სხვადასხვა ქვეყანაში მსხვილი ნაწლავის კარცინომის გახშირებას ზოგი მეცნიერი რაციონში ხორცისა და ცხოველური ცხიმის შემცველობის მომატებას და უჯრედისის კლებას უკავშირებს. ვეგეტარიანელებს შორის ეს დაავადება ნაკლებად არის გავრცელებული. ხშირია აზბესტის წარმოებასა და ხის სახერხებში მომუშავე პირებს შორის.
ქრონიკული შეკრულობა კოლინჯის კიბოს რისკფაქტორია. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ კიბო ხშირად ვითარდება მსხვილი ნაწლავის მოხრის ანუ განავლოვანი მასების შეფერხების ადგილას.
კიბო ყველაზე ხშირად სიგმოიდურ კოლინჯსა და ბრმა ნაწლავში წარმოიშობა, შედარებით იშვიათად – აღმავალ კოლინჯში, მარჯვენა ნაკეცში, განივ კოლინჯში, მარცხენა ნაკეცსა და დაღმავალ კოლინჯში. თუ კიბო პოლიპოზის ფონზე აღმოცენდა, ხშირად ჩნდება სიმსივნის ერთზე მეტი კერა (ორმაგი და სამმაგი ლოკალიზაცია).
კოლინჯის ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობას (90%-ს) ადენოკარცინომული სტრუქტურა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნაწლავის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი ეპითელიუმისგან არის წარმოშობილი. იშვიათად გვხვდება ბეჭდისებრუჯრედოვანი, ბრტყელუჯრედოვანი და არადიფერენცირებული კიბო.
სიმპტომები და მიმდინარეობა. მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომატიკა სიმსივნის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ადრეულ სტადიაში დაავადებას მკვეთრი, დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს, თუმცა ავადმყოფის გულდასმით გამოკითხვის შედეგად შესაძლებელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესების, შრომის უნარისა და მადის დაქვეითების დაფიქსირება. გახდომა, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების დამახასიათებელი სიმპტომია, მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს იშვიათია, პირიქით, შესაძლოა, ავადმყოფმა მოიმატოს კიდეც წონა.
დროთა განმავლობაში თავს იჩენს ნაწლავური აშლილობის ნიშნები: ნაწლავების ყურყური, ფაღარათი და შეკრულობა, მუცლის პერიოდული სპაზმური (ჭვალისებური) ან მუდმივი ყრუ ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება საკვების მიღებას. თუ სიმსივნურმა წარმონაქმნმა ნაწლავის სანათური შეავიწროვა, ვითარდება მუცლის ცალმხრივი შებერვა. მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ნაწილის კიბო ქრონიკული, მაგრამ ნელა მიმდინარე სისხლდენის გამო ანემიას იწვევს.
მოგვიანებით დაავადების სიმპტომები ძლიერდება. მძიმე შემთხვევაში ყალიბდება ნაწლავის გაუვალობა, სისხლდენა, ანთებითი გართულებები (აბსცესი, ფლეგმონა, პერიტონიტი).

მეტასტაზირება. მსხვილი ნაწლავის კიბოს მეტასტაზები ლიმფური გზით ვრცელდება. ზიანდება ჯერ ჯორჯლის, შემდეგ მუცლის აორტის ლიმფური კვანძები. ჰემატოგენურად მეტასტაზები ყველაზე ხშირად ღვიძლში ჩნდება. ნაწლავის სეროზულ გარსში ჩაზრდის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მუცლის ღრუს დისემინაცია, რასაც ასციტის განვითარება მოჰყვება.

დიაგნოსტიკა. ავადმყოფის გასინჯვისას თვალში საცემი ცვლილებები არ შეიმჩნევა, მუცლის პალპაციით სიმსივნური წარმონაქმნის დაფიქსირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმსივნე დიდი ზომისაა ან ავადმყოფია გამხდარი. კოლინჯის კიბოს დიაგნოსტიკაში დიდ როლს ასრულებს რენტგენოლოგიური გამოკვლევა. რენტგენოლოგს შეუძლია, ნაწლავის კიბოთი დაზიანება მაშინაც კი გამოავლინოს, როდესაც დაავადება კლინიკურად მკვეთრად ჯერ კიდევ არ არის გამოხატული. სიგმოიდური ნაწლავის კიბოს დროს აუცილებელია კოლინოსკოპიის ჩატარება და ბიოფსიური მასალის აღება ციტოლოგიური კვლევისთვის.
ზემოხსენებული კვლევების ჩატარებამდე ავადმყოფს გაკეთებული უნდა ჰქონდეს განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე და განსაზღვრული ჰქონდეს სისხლში კარცინოემბრიონული ანტიგენების არსებობა.
ღვიძლში მეტასტაზების გამოსარიცხად ტარდება ულტრაბგერითი ტომოგრაფია. გენერალიზებული ავთვისებიანი პროცესის გამოსარიცხად ლაპაროსკოპიას მიმართავენ.

მკურნალობა. მსხვილი ნაწლავის რადიკალური მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული მეთოდით. ოპერაციის ხასიათი დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობაზე:

  • ბრმა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილის კიბოს დროს ამოიკვეთება ნაწლავის მთელი მარჯვენა ნახევარი და მყარდება კავშირი თეძოსა და განივ კოლინჯს შორის (მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია).
  • განივი კოლინჯის კიბოს დროს ხორციელდება მისი რეზექცია და ხდება დარჩენილი ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება.
  • დაღმავალი კოლინჯის კიბოს დროს კვეთენ მსხვილი ნაწლავის მთელ მარჯვენა ნახევარს და ერთმანეთთან აკავშირებენ განივ და სიგმოიდურ კოლინჯს (მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომია).
  • სიგმოიდური კოლინჯის კიბოს შემთხვევაში ხორციელდება მისი რეზექცია.

ავადმყოფი ოპერაციისთვის წინასწარ უნდა მომზადდეს: ჩაუტარდეს ნაწლავების საგულდაგულო გამორეცხვა, ოპერაციამდე 3-4 დღით ადრე გადაყვანილ იქნეს დიეტაზე (რაციონიდან ირიცხება პური და ბოსტნეული), 2 დღით ადრე დაენიშნოს აბუსალათინის ზეთი და განმეორებითი ოყნა. პროფილაქტიკის მიზნით ტარდება ორ-სამდღიანი თერაპია ანტიბიოტიკებითა და სულფამიდებით.
ოპერაციის შემდეგ შოკისა და ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო ზოგადი ღონისძიებების პარალელურად ინიშნება ვაზელინის ზეთი – 30 გ დღეში 2-ჯერ. ეს მსუბუქი საფაღარათო საშუალება ხელს უშლის მკვრივი განავლის ფორმირებას და თავიდან გვაცილებს გაკერილი ნაწლავის ტრავმირებას.
ოპერაციის მეორე დღიდან ავადმყოფს შეუძლია მიიღოს სითხე, შემდეგ ეძლევა თხევადი, მსუბუქი საკვების მიღების უფლება, რაციონი თანდათან ფართოვდება, ხოლო პირველი ნორმალური განავლის შემდეგ პაციენტი კვების საერთო რეჟიმზე გადაჰყავთ.
მსხვილი ნაწლავის შორს წასული, არაოპერირებადი კიბოს შემთხვევაში ტარდება პალიატიური ოპერაცია. კერძოდ, ნაწლავის სიმსივნური წარმონაქმნით დახშობისას მწვავე გაუვალობის თავიდან ასაცილებლად კეთდება შემოვლითი ანასთომოზი. პალიატიულ ოპერაციებთან ერთად ინიშნება ქიმიოთერაპია.
მსხვილი ნაწლავის კიბოს რეციდივი იშვიათია.

პროფილაქტიკა. მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ნაწლავის პოლიპოზის დროული და რადიკალური მკურნალობა, კოლიტის მართებული თერაპია. ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკაში დიდ როლს ასრულებს სწორი კვება, რაციონში ხორცისა და თევზის პროდუქტების წილის შემცირება და შეკრულობასთან ბრძოლა.

სწორი ნაწლავის კარცინომა
სწორი ნაწლავის კიბოს წილად მოდის ონკოდაავადებათა 4-5%, ნაწლავში ლოკალიზაციის მიხედვით კი მას პირველი ადგილი უკავია – ნაწლავის კიბოს შემთხვევათა საერთო რიცხვის 70-80%-ს შეადგენს.
სწორი ნაწლავის კარცინომა მეტწილად 40-60 წლის ასაკში დიაგნოსტირდება, თუმცა შესაძლოა, უფრო ადრე – 20-30 წლის ასაკშიც კი იჩინოს თავი. ქალები და მამაკაცები თანაბარი სიხშირით ავადდებიან.
სწორი ნაწლავის კიბოსწინარე დაავადებებია სწორ ნაწლავში მიმდინარე ანთებითი პროცესები (პროქტიტი, წყლული), ნახეთქებითა და ნაწიბურებით ხანგრძლივად გართულებული ბუასილი, სწორი ნაწლავის პოლიპი და პოლიპოზი.
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ სწორი ნაწლავის კიბოს შემდეგ ფორმებს:

  • მაღალი სუპრაამპულარული კიბო – ის რგოლისებურად უჭერს ნაწლავის სანათურს და სწრაფად იწვევს სტენოზს;
  • ამპულარული კიბო – მას, ჩვეულებრივ, ადენოკარცინომის სტრუქტურა აქვს და უმეტესად გვხვდება ეგზოფიტურად მზარდი სიმსივნის ან კრატერისმაგვარი სისხლმდინარი წყლულის სახით;
  • ანალური კიბო, რომელიც უშუალოდ უკანა გასასვლელის სანათურში წარმოიშობა მკვრივი სიმსივნის ან წყლულის სახით და არცთუ იშვიათად ბრტყელუჯრედოვანი შენება აქვს.

სწორ ნაწლავში შესაძლოა წარმოიშვას სიმსივნის სხვა ფორმებიც, მაგალითად, ავთვისებიანი მელანომა ან სარკომა, მაგრამ მათი კლინიკური მიმდინარეობა და მკურნალობა თითქმის ისეთივეა, როგორიც კარცინომისა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. სწორი ნაწლავის კიბოს, სხვა ღრუ ორგანოების კარცინომის მსგავსად, ადრეულ სტადიაში მკვეთრი კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს. მხოლოდ სიმსივნის ზრდის ან დაწყლულების შემთხვევაში იჩენს თავს არასასიამოვნო შეგრძნება და ყრუ ტკივილი კუჭის მოქმედების დროს, განავალს ერევა სისხლი და ლორწო, (ბუასილისგან განსხვავებით, სწორი ნაწლავის კიბოს დროს განავალში სისხლი დეფეკაციის დასაწყისში ჩნდება და არა ბოლოს), ხდება განავლოვანი მასების დეფორმაცია, ხშირდება დეფეკაცია (განავლოვანი მასები ჭარბი და სისხლიან-ჩირქიანია), რასაც შეკრულობა ცვლის.
დაავადების სიმპტომები თანდათან მძაფრდება. მძიმე შემთხვევაში ყალიბდება ნაწლავთა გაუვალობა, ვითარდება სისხლდენა, ანთებითი გართულებები (აბსცესი, ფლეგმონა, პერიტონიტი). შესაძლოა, სიმსივნე ჩაიზარდოს შარდის ბუშტში, საშოში, გამოიწვიოს შარსადენ გზებზე ზეწოლა და სხვა.

მეტასტაზები. სწორი ნაწლავის კიბო ლიმფური გზით მეტასტაზირდება ჯორჯლის ლიმფურ კვანძში, შემდეგ კი აორტის გასწვრივ არსებულ ლიმფურ კვანძებს აზიანებს. ჰემატოგენურად მეტასტაზები ყველაზე ხშირად ღვიძლში აღმოცენდება, ზოგჯერ შეიმჩნევა ძვლის დაზიანებაც.
კიბოს სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილში ლოკალიზაციისას შესაძლოა განვითარდეს მეტასტაზები საზარდულის ლიმფურ კვანძებში. ამ შემთხვევაში საჭირო გახდება კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება და ამ ჯგუფის ლიმფური კვანძების ამოკვეთა.

დიაგნოსტიკა. სწორი ნაწლავის კიბოს ამოსაცნობ ყველაზე მარტივი და ინფორმაციული მეთოდია თითით გასინჯვა. სწორი ნაწლავის ნებისმიერი ცვლილების, თუნდაც ხილული ჰემორაგიული კვანძის არსებობის შემთხვევაში თითით გასინჯვა აუცილებელია. ათიდან 8-9 შემთხვევაში ეს საკმარისია კიბოს დიაგნოზის დასასმელად.
სწორი ნაწლავის კიბოს კვლევის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მეთოდია რექტომანოსკოპია ანუ კოლინოსკოპია, რომელიც ციტოლოგიური კვლევისთვის საჭირო ბიოფსიური მასალის აღების საშუალებასაც იძლევა. ამ გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია – სწორი ნაწლავის კიბოს ქირურგიული მკურნალობის შედეგად ყალიბდება მძიმე ვიზუალური დეფექტი, ამიტომ დიაგნოზის მორფოლოგიური დადასტურების გარეშე ოპერაცია არ უნდა დაინიშნოს.
სწორი ნაწლავის კიბოს მაღლა მდებარეობის შემთხვევაში მესამე სადიაგნოზო მეთოდია რენტგენოლოგიური კვლევა. კვლევის მეთოდი შეირჩევა კლინიკური სიმპტომების გაანალიზების, ფარულ სისხლდენაზე განავლის გამოკვლევის, სისხლში კარცინოემბრიონული ანტიგენების განსაზღვრის შემდეგ. ღვიძლში მეტასტაზების გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი ტომოგრაფია.

მკურნალობა. სწორი ნაწლავის კიბოს რადიკალური მკურნალობა ქირურგიული მეთოდით ხორციელდება. მიმდინარეობს კვლევები ოპერაციის წინა პერიოდში სხივური თერაპიის გამოყენების მიზანშეწონილობის დასადგენად.
სწორი ნაწლავის კიბოს დროს უმთავრესად ორი ტიპის ოპერაცია ხორციელდება: 1. სწორი ნაწლავის ექსტირპაცია მუცლის კედელზე არაბუნებრივი უკანა გასავლის გაკეთებით; 2. სწორი ნაწლავის რეზექცია, სიგმოიდური ნაწლავის დაბლა დაწევა და მისი ფიზიოლოგიური უკანა გასავლის ანუსთან მიკერება. მეორე ტიპის ოპერაცია ტარდება მხოლოდ ზედა ნაწილში ლოკალიზებული საწყისი სტადიის კარცინომის დროს, მაგრამ სიგმოიდური კოლინჯი იმდენად გრძელი უნდა იყოს, რომ მისი ანალურ ხვრელამდე ჩამოწევა დაუჭიმავად შეიძლებოდეს.
ოპერაციისთვის ავადმყოფი ისევე უნდა მომზადდეს, როგორც მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მძიმეა. საჭიროა, განხორციელდეს შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები, აღდგეს დაკარგული სითხე და სისხლი. ნაწლავის ქვემოთ ჩამოწევის შემთხვევაში მას, ჩვეულებრივ, ღიას ტოვებენ და ნახვევით ფარავენ, ხოლო არაბუნებრივი უკანა ხვრელის დადებისას ნაწლავს ხსნიან მხოლოდ ორი დღის შემდეგ. აირების დაგროვების თავიდან ასაცილებლად ამ დღეებში პაციენტს არ კვებავენ, მხოლოდ ჩაისა და მინერალური წყლის დალევის ნებას რთავენ. მას შემდეგ, რაც ხელოვნური ანუსი დაიწყებს ფუნქციონირებას აირებისა და განავლის ნორმალური გამოყოფით, პაციენტი გადაჰყავთ საერთო კვებაზე. ნაოპერაციევი ადამიანი საჭიროებს ნახვევის ხშირ ცვლას და მუცლის კედელზე გამოტანილი ნაწლავის ირგვლივ არსებული არის ტუალეტს, ასევე – ნაწლავის ამოკვეთის შემდეგ შორისის მიდამოში გაჩენილი დიდი ჭრილობის სათანადო დამუშავებას.
სწორი ნაწლავის კიბოს შორს წასული ფორმის დროს ხორციელდება პალიატიური მკურნალობა არაბუნებრივი უკანა ხვრელის შექმნით, რათა ავადმყოფი დეფეკაციის თანამდევი ძლიერი ტკივილისგან იხსნან. გარდა ამისა, ამ გზით თავიდან იცილებენ დაავდებული უბნის განავლოვანი მასებით მუდმივ ტრავმირებას და რამდენადმე აფერხებენ სიმსივნის ზრდას.
სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილში მდებარე არაოპერირებადი კიბოს დროს შეიძლება ავადმყოფის მდგომარეობის შემსუბუქება და მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება სიმსივნის ელექტროკოაგულაციის გზით და არაბუნებრივი ანუსის დადებით. კიბოს შორს წასული ფორმების დროს პალიატიურ ოპერაციასთან ერთად ტარდება სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია.
სწორი ნაწლავის კიბო არცთუ იშვიათად იძლევა რეციდივს შორისის ნაწიბურების არესა და რბილ ქსოვილებში. რეციდივის მკურნალობა ხდება განმეორებითი ოპერაციით, ზოგჯერ ინიშნება სხივური თერაპია.

პროფილაქტიკა. რისკჯგუფში შემავალი (სწორი ნაწლავის პოლიპითა და პოლიპოზით დაავადებული, ქრონიკული ანთებითი პროცესებისა და გართულებული ბუასილის მქონე) ადამიანები წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ეწვიონ პროქტოლოგს. მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებაა ნორმალური კვება, რაციონში ხორცის პროდუქტების წილის შემცირება და მარცვლეულის ოდენობის გაზრდა.

 

 

კარცინომა – carcinoma – карцинома

კარცინომა ანუ კიბო ავთვისებიანი სიმსივნის ნაირსახეობაა, რომელიც სხვადასხვა ორგანოს (კანის, ლორწოვანი გარსის, შინაგანი ორგანოების) ეპითელური ქსოვილის უჯრედებისგან ვითარდება. დანარჩენი (კუნთოვანი, ნერვული და სხვა) ქსოვილებისგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეების კიბოდ მოხსენიება არ არის სწორი.
დაზიანებული უჯრედები, ჩვეულებრივ, განიცდიან აპოპტოზს (პროგრამირებულ სიკვდილს), კიბოს უჯრედები კი აპოპტოზს არ განიცდიან და დაყოფას განაგრძობენ.
საზოგადოდ, ავთვისებიან სიმსივნეს ახასიათებს:

  • აშკარა ქსოვილოვანი ატიპიზმი – უჯრედების მიერ დიფერენცირების უნარის დაკარგვა და იმ ქსოვილის სტრუქტურის შეცვლა, რომლისგანაც წარმოიშობა სიმსივნე;
  • აგრესიული ზრდა – ავთვისებიანი სიმსივნე უკონტროლოდ იზრდება. მისი უჯრედები უსასრულოდ იყოფიან და თავიანთივე მსგავსებს შობენ. ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედები არ სჯერდებიან იმ ქსოვილს, რომლისგანაც წარმოიშვნენ – ჩაიზრდებიან ირგვლივ არსებულ ორგანოებსა და ქსოვილებში და აზიანებენ მათ.
  • მეტასტაზირების უნარი – სიმსივნურ უჯრედებს შეუძლიათ, ლიმფის ან სისხლის ნაკადის მეშვეობით მთელ ორგანიზმში გადაადგილდნენ და პირველადი კერისგან მოშორებულ ორგანოებში ახალ, დედისეულის მსგავს სიმსივნურ კერას დაუდონ სათავე.

სადღეისოდ ცნობილია მრავალი ისეთი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია კანცეროგენეზის მექანიზმის ჩართვა. ასეთი თვისებების მქონე ნივთიერებასა და ფაქტორს კანცეროგენულს უწოდებენ.
ქიმიური კანცეროგენებია პოლიციკლური და ჰეტეროციკლური არომატული ნახშირწყლების სხვადასხვა ჯგუფი, არომატული ამინები და სხვა (მეტალები, პლასტმასი და სხვა). მათ შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ უჯრედის დნმ-ზე და მისი ავთვისებიანი გადაგვარება გამოიწვიონ. ფიზიკური კანცეროგენებია სხვადასხვა სახის მაიონიზირებელი გამოსხივება (ალფა, ბეტა და გამა გამოსხივება, რენტგენის სხივი).
კანცეროგენეზის ბიოლოგიური ფაქტორებია ზოგიერთი ვირუსი (ჰერპესის მსგავსი ვირუსი (ეპშტეინ-ბარის დაავადება, ბერკიტის ლიმფომა), ადამიანის პაპილომავირუსი (საშვილოსნოს ყელის კიბო), B და C ჰეპატიტის ვირუსები (ღვიძლის კიბო)). ეს ვირუსები არიან მატარებლები სპეციფიკური ონკოგენებისა, რომელთაც შეუძლიათ უჯრედის გენეტიკური მასალის მოდიფიცირება და მისი მალიგნიზაცია (გაავთვისებიანება).
ცნობილია კანცეროგენეზის ჰორმონული ფაქტორებიც. ადამიანის რამდენიმე ჰორმონს (კერძოდ, სასქესო ჰორმონებს) შეუძლია გამოიწვიოს მათ მიმართ მგრძნობიარე ქსოვილის გაავთვისებიანება (სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის, წინამდებარე ჯირკვლის კიბო).

დაბოლოს, გენეტიკური ფაქტორი. კანცეროგენები არღვევენ უჯრედთა სტრუქტურასა და ფუნქციას (ცვლიან დნმ-ს), რის შედეგადაც დაზიანებული უჯრედი მალიგნიზაციისკენ მიდრეკილებას იძენს. იმავე კანცეროგენის განმეორებითი ზემოქმედება იწვევს უჯრედის დაყოფის, ზრდისა და დიფერენცირების უნარის მაკონტროლებელი მექანიზმების შეუქცევად დარღვევას, რის შედეგადაც უჯრედი იძენს თვისებებს, რომლებიც ორგანიზმის ნორმალური უჯრედებისთვის არ არის დამახასიათებელი. კერძოდ, სიმსივნური უჯრედები იძენენ უკონტროლო დაყოფის უნარს, ქსოვილები კარგავენ სპეციფიკურ სტრუქტურასა და ფუნქციონალურ აქტივობას და სხვა. სიმსივნეს ახასიათებს დიფერენცირების უნარის მუდმივი დაქვეითება, უკონტროლო დაყოფის უნარის მატება და მეტასტაზირება.

სტრუქტურა
კარცინომის შენება ბევრად არის დამოკიდებული იმ ორგანოს უჯრედთა სტრუქტურულ-ფუნქციონალურ თავისებურებებზე, რომლისგანაც იგი განვითარდა. გარესამყაროსთან კონტაქტში მყოფი უჯრედებისგან (კანის ეპითელიუმი, პირის, საყლაპავის, ხორხის, სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი) ვითარდება მრავალშრიანი კარცინომა, ბრტყელი (როგორც გარქოვანებული, ისე გაურქოვანებელი) ეპითელიუმისგან – ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (ბრტყელუჯრედოვანი კიბო), ჯირკვლოვანი ქსოვილის (ბრონქების ჯირკვლები, სარძევე ჯირკვლები, პროსტატა) უჯრედებისგან კი – ჯირკვლოვანი სტრუქტურის მქონე სიმსივნე ადენოკარცინომა.
დიფერენცირების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ:

  • მაღალდიფერენცირებულ სიმსივნეს;

  • საშუალოდ დიფერენცირებულ სიმსივნეს;

  • დაბალდიფერენცირებულ სიმსივნეს;

  • არადიფერენცირებულ სიმსივნეს.

მაღალდიფერენცირებული სიმსივნისთვის დამახასიათებელია იმ ქსოვილის მსგავსი შენება, რომლისგანაც არის წარმოქმნილი, საშუალო და დაბალდიფერენცირებული სიმსივნეები კი ნაკლებად ჰგავს საწყის ქსოვილებს. ზოგჯერ სიმსივნური წარმონაქმნის უჯრედული და ქსოვილოვანი ატიპიზმი ისე მკვეთრად არის გამოხატული, რომ სიმსივნის ქსოვილოვანი ბუნების დადგენა შეუძლებელია (არადიფერენცირებული სიმსივნე). ასეთ სიმსივნეებს, წესისამებრ, ახასიათებს ავთვისებიანობის მაღალი ხარისხი (მეტასტაზების განვითარების უნარი).
სიმსივნის სტრუქტურაში სტრომისა (შემაერთებელი ქსოვილი) და პარენქიმის (სისმსივნური უჯრედები) თანაფარდობის მიხედვით განასხვავებენ მარტივ კიბოს, რომელშიც სტრომა და პარენქიმა ერნაირად არის განვითარებული, მედულარულ კიბოს, რომლის სტრუქტურაშიც ჭარბობს პარენქიმა და ფიბროზულ კიბოს, რომელშიც სტრომა ჭარბობს.
ზოგიერთი (განსაკუთრებით – მაღალდიფერენცირებული) კიბოს უჯრედებს შენარჩუნებული აქვს საწყისი ქსოვილის ფუნქცია. მაგალითად, ადენოკანცერომას – ჯირკვლოვანი ქსოვილის კიბოს – შეუძლია ლორწოს პროდუცირება.
სიმსივნე ლიმფოგენურად მეტასტაზირდება პარაკავალურ, პარააორტულ ლიმფურ კვანძებსა და ღვიძლის კარის ლიმფურ კვანძში. თირკმლის კიბოსთვის დამახასიათებელია მკვეთრი ვასკულარიზაცია და სხვა ორგანოებში სწრაფი მეტასტაზირება. მეტასტაზები პირველად ჩნდება ფილტვებში, შემდეგ – ღვიძლში, ძვლებსა და თავის ტვინში.

კლასიფიკაცია
კარცინომის კლასიფიკაცია TNM სისტემით ხდება. ამ სისტემაში სიმსივნის გავრცელება, ლოკალური და შორეული მეტასტაზების არსებობა რიცხვებით არის გამოხატული.
T -tumor (ლათ. სიმსივნე) – აღწერს სიმსივნის კერას და ახდენს მის კლასიფიცირებას:

  • Tis (in situ) an T0 – კარცინომა, რომელიც არ არის ჩაჭრილი ეპითელიუმის ბაზალურ შრეში;
  • T1-4 – მიუთითებს სიმსივნური კერის განვითარების სხვადასხვა ხარისხზე;
  • Tx – გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა გამოვლენილია მეტასტაზები, მაგრამ ძირითადი კერა აღმოჩენილი არ არის. დღესდღეობით მას პრაქტიკულად არ იყენებენ.

N – nodulus (კვანძი) – მიუთითებს რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების არსებობაზე.

  • Nx – რეგიონული მეტასტაზები ჯერ არ გამოვლენილა, მათი არსებობა უცნობია;
  • N0 – მეტასტაზების აღმოსაჩენად ჩატარებულ კვლევას რეგიონული მეტასტაზები არ გამოუვლენია.
  • N1 – გამოვლენილია რეგიონალური მეტასტაზები.

M – metastasis – მიუთითებს შორეული (კერიდან დაშორებულ ლიმფურ კვანძებში, სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში) მეტასტაზების არსებობაზე:

  • Mx – შორეული მეტასტაზები არ გამოვლენილა, მათი არსებობა უცნობია;
  • M0 – მეტასტაზების აღმოსაჩენად ჩატარებულ კვლევას შორეული მეტასტაზები არ გამოუვლენია.
  • M1 – გამოვლენილია შორეული მეტასტაზები.

P, G – ზოგიერთი ორგანოსა და სისტემისთვის გამოიყენება დამატებითი პარამეტრები, რომლებიც ახასიათებს სიმსივნური უჯრედების დიფერენცირების ხარისხს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კიბოს სიმპტომატიკა დამოკიდებულია სიმსივნური წარმონაქმნის ადგილმდებარეობაზე, მისი ზრდის ხარისხსა და მეტასტაზების არსებობაზე. კარცინომის ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • განსაზღვრულ უბანში კანის ცვლილება მზარდი, ირგვლივ ჰიპერემიული შესივების სახით. შესივება შესაძლოა დაწყლულდეს და არ დაექვემდებაროს მკურნალობას;
  • ხმის ტემბრის შეცვლა, ყლაპვის გაძნელება, შეტევითი ხასიათის ხველა, ტკივილი გულმკერდის ან მუცლის არეში;
  • წონის კლება, მადის დაქვეითება, არამოტივირებული სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მყარი მატება, ანემია, სარძევე ჯირკვლის გამკვრივება და დვრილებიდან სისხლიანი გამონადენი, სისხლიანი გამონადენი შარდის ბუშტიდან, შარდვის გაძნელება და სხვა.

გამოყოფენ კარცინომის შვიდ გამაფრთხილებელ ნიშანს. მათი არსებობა სასიკვდილო დიაგნოზს არ ნიშნავს, მაგრამ გამოკვლევა აუცილებელია, ამიტომ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ნიშანი მაინც:
1. უჩვეულო მოვლენები ნაწლავისა და შარდის ბუშტის დაცლის დროს;
2. დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობა (წყლული);
3. უჩვეულო სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი (შარდში სისხლის არსებობისას აუცილებელია სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება);
4. გამკვრივება ან სიმსივნური წარმონაქმნი მკერდზე ან სხვაგან;
5. საჭმლის მონელების დარღვევა ან ყლაპვის გაძნელება;
6. ხალის ან მეჭეჭის შესამჩნევი ცვლილება;
7. შემაწუხებელი ხველა.

ტკივილი იშვიათად არის კარცინომის ადრეული სიმპტომი, ამიტომ თუ დიდი ხანია შეამჩნიეთ თუნდაც ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი, ნუ დაელოდებით ტკივილის აღმოცენებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სადღეისოდ მედიცინაში ცნობილია 500-მდე ონკოლოგიური დაავადება.

 

კარიესი – caries – кариес

კბილების კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც კბილის მკვრივი ქსოვილი მინერალებით ღარიბდება, რბილდება, ირღვევა და უჩნდება ღრუ. უხეშად რომ ვთქვათ, კარიესი არის კბილის დაშლა, რომელიც იწყება კბილის მინანქრიდან მინერალური ნივთიერებების გაწოვით და სრულდება ხვრელის წარმოქმნით.
ამჟამად კბილების კარიესის განვითარებას უკავშირებენ PH-ის ლოკალურ ცვლილებას კბილის ზედაპირზე არსებული ნადების ქვეშ. ნადები წარმოადგენს ბაქტერიების კოლონიას, რომელთაგან ზოგიერთი გადაამუშავებს ნახშირწყლებს და გამოყოფს ორგანულ მჟავებს. ეს მჟავები გროვდება ნადების ზედაპირზე, პერიოდულად ჩამოირეცხება ნერწყვით, ნეიტრალიზდება და საშიში აღარ არის, მაგრამ თუ ნადების სისქეში შეაღწია და კბილის ზედაპირზე მოხვდა, დაიწყება მინანქრიდან მინერალური ნივთიერებების გამოდევნის პროცესი, რაც კარიესის პირველი საფეხურია.
კბილის დემინერალიზაციის პროცესს მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს: პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმები, კვების თავისებურება (მიღებული ნახშირწყლების ოდენობა), კვების რეჟიმი, ნერწყვის ხარისხი და რაოდენობა, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, ორგანიზმის მიერ მიღებული ფტორის ოდენობა და სხვა, მაგრამ უმთავრესია კარიესისადმი კბილის მგრძნობელობა, კარიესოგენული ბაქტერიები, ნახშირწყლები და დრო.

კბილის ზედაპირის მგრძნობელობა
კბილის მინანქარი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მაგარი ქსოვილია. იგი სიმტკიცით მხოლოდ ალმასს თუ ჩამოუვარდება. მინანქრის 96%-ს წარმოადგენს მინერალები, ძირითადად – ჰიდროქსიაპატიტები, რომლებიც მეტად მგრძნობიარეა მჟავის მიმართ.
კარიესისადმი კბილის მგრძნობელობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე:

  • კბილის ზედაპირის ანატომიურ თავისებურებაზე – ბუნებრივ ფისურებსა და კბილებს შორის არსებულ შუალედებში კარგი პირობებია კბილის ნადების ხანგრძლივი ფიქსაციისთვის;
  • კბილის მინანქარის ფტორით გაჟღენთაზე – ამის შედეგად წარმოიქმნება ფტორაპატიტები, რომლებიც მჟავების მიმართ უფრო გამძლეა;
  • პირის ღრუს ჰიგიენა – კბილის ნადების მოშორების თანამედროვე მეთოდები აფერხებს კარიესის განვითარებას;
  • კვების თავისებურებაზე – რბილი, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ხელს უწყობს კბილებზე ნადების გაჩენას; ვიტამინებისა და მიკროელემენტების სიუხვე დადებითად მოქმედებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობასა და ნერწყვის თვისებებზე;
  • ნერწყვის ხარისხსა და ოდენობაზე – წებოვანი ნერწყვის მცირე ოდენობაც კი უწყობს ხელს ბაქტერიების მიწებებას და ნადების გაჩენას. მინანქრის კარიესისადმი გამძლეობაზე დიდ გავლენას ახდენს ნერწყვის ბუფერული (მჟავიანობის გამანეიტრალებელი) თვისებები და მასში იმუნოგლობულინებისა და სხვა დამცავი ფაქტორების არსებობა;
  • გენეტიკურ ფაქტორზე;
  • ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.

კარიესოგენული ბაქტერიები
პირის ღრუში მრავალი ბაქტერიაა, მაგრამ კბილის ნადების გაჩენასა და მინანქრის დემინერალიზაციაში უმთავრესად მჟავაწარმომქმნელი სტრეპტოკოკები და ლაქტობაქტერიები მონაწილეობენ. ნახშირწყლოვანი საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში პH 6-დან 4-მდე ეცემა. რძის მჟავასთან ერთად, რომელიც უშუალოდ ნახშირწყლების დაშლის პროდუქტია, კბილის ნადები შეიცავს ჭიანჭველამჟავას, ცხიმოვან, პროპიონულ და სხვა ორგანულ მჟავებს.

ნახშირწყლების ფორმირება
სწორედ ნახშირწყლების ცხოველქმედების პროდუქტები აზიანებს კბილის მინანქარს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია საქაროზას, შედარებით მოკრძალებული – გლუკოზასა და ფრუქტოზას. ნადებს მანიტი, სორბიტი და ქსილიტიც აჩენს, მაგრამ ნადების აქტიური ფერმენტი მათ უსაფრთხო ფრუქტოზად აქცევს. არც სახამებელი წარმოადგენს კარიესოგენულ ნივთიერებას, ვინაიდან მისი მოლეკულები ნადების სიღრმეში ვერ აღწევენ.

დრო
კარიესის განვითარებაზე გავლენას ახდენს კბილზე კარიესოგენული მჟავების ზემოქმედების სიხშირე და ხანგრძლივობა. შაქრის შემცველი საკვების მიღების შემდეგ მიკროორგანიზმები წარმოქმნიან მჟავას, რომელიც მინანქარს აზიანებს. დროთა განმავლობაში ეს მჟავები ანეიტრალებენ ნერწყვის ბუფერულ თვისებებს და ახდენენ მინანქრის ნაწილობრივ დემინერალიზაციას. თუ ნახშირწყლებს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში იღებს, PH დიდხანს რჩება დაბალი, ნერწყვი ვერ ასწრებს მისი ბალანსის აღდგენას და ჩნდება მინანქრის ზედაპირის შეუქცევადი დაზიანების ალბათობა.
კარიესული პროცესის განვითარების სისწრაფე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფტორის მიღების შემთხვევაში დაწყებული პროცესი შეიძლება შენელდეს. მუდმივი კბილების კარიესი ნელა პროგრესირებს და ღრუს ჩამოყალიბების პროცესი შესაძლოა 4 წელიც კი გაგრძელდეს, კბილის ფესვი კი მინანქართან შედარებით რბილი ქსოვილით – ცემენტით არის დაფარული, ამიტომ აქ კარიესი 2,5-ჯერ უფრო სწრაფად პროგრესირებს. როდესაც კბილის ჰიგიენა არადამაკმაყოფილებელია და საკვები რაციონი მდიდარია შაქრით, კარიესი კბილის ამოჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი შეიძლება განვითარდეს.
განასხვავებენ კარიესის შემდეგ სტადიებსა და ფორმებს:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით მიხედვით:

  • მინანქრის კარიესი;
  • დენტინის კარიესი;
  • ცემენტის კარიესი;
  • შეჩერებული კარიესი;
  • ოდონტოკლაზია;
  • დაუდგენელი კარიესი;

 პროცესის სიღრმის მიხედვით:
ა) გაურთულებელი (მარტივი) კარიესი:

  • ლაქის სტადია;
  • ზედაპირული კარიესი;
  • საშუალო კარიესი;
  • ღრმა კარიესი;

ბ) გართულებული კარიესი (პულპიტი, პერიოდონტიტი);
(ამ კლასიფიკაციის მიხედვით არჩევენ მკურნალობის მეთოდს)

ლოკალიზაციის მიხედვით:
I კლასი – ღრუ ჩნდება ფისურისა და კბილების ბუნებრივ ჩაღრმავებებში;
II კლასი – ღრუ მდებარეობს ფესვიანი კბილების ურთიერთშემხებ ზედაპირებზე;
III კლასი – ღრუ მდებარეობს საჭრელი კბილებისა და ეშვების ურთიერთშემხებ ზედაპირზე, პროცესი არ მოიცავს საჭრელ ზედაპირებს;
IV კლასი – ღრუ მდებარეობს საჭრელი კბილებისა და ეშვების ურთიერთშემხებ ზედაპირებზე, პროცესი გავრცელებულია საჭრელ კიდეებსა და კუთხეებში;
V კლასი –  ღრუ შეიძლება იყოს ყველა ტიპის კბილის ყელის არეში;
VI კლასი – ატიპური ლოკალიზაციის ღრუები ფრონტალური და საღეჭი კბილების საღეჭ ზედაპირებზე.
წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორეულ (რეციდიულ) ანუ ადრე დაბჟენილი კბილის კარიესს.
ლაქის სტადია: დემინერალიზაციის პროცესის დასაწყისში მინანქარი კარგავს ბუნებრივ ბრწყინვალებას და მასზე ჩნდება მქრქალი, თეთრი, ღია ყავისფერი და მუქი ყავისფერი ლაქები. პროცესის სიმწვავის მიხედვით, კბილის ზედაპირის მთლიანობის დაზიანების გამო თეთრი კარიესული ლაქა შეიძლება გარდაიქმნას ზედაპირულ კარიესად (პროგრესირებადი დემინერალიზაცია) ან პროცესი შენელდეს, დასტაბილურდეს და ორგანული მღებავი ნივთიერებების შეჭრის შედეგად ფერი იცვალოს (მოხდეს პიგმენტაცია). სტაბილიზაცია დროებითია, ადრე თუ გვიან პიგმენტაციის ადგილას ჩამოყალიბდება ქსოვილის დეფექტი.
ლაქის სტადიაში კარიესი, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ძალიან იშვიათად, მწვავე პროცესის (თეთრი ლაქის არსებობის) შემთხვევაში, შესაძლოა მოიმატოს მგრძნობელობამ ქიმიური და ცხელი გამღიზიანებლების მიმართ.

ზედაპირული და საშუალო კარიესი ვითარდება თეთრი ან პიგმენტირებული ლაქების ადგილას კბილის მინანქრის დესტრუქციული ცვლილებების გამო. მისთვის დამახასიათებელია ხანმოკლე ტკივილი ცივი და ქიმიური (ტკბილი, მარილიანი, მჟავე) გამღიზიანებლის ზემოქმედებისას. კბილების დათვალიერებისას ღრუს აღმოჩენა შესაძლებელია. ზედაპირული კარიესის დროს დეფექტი მინანქარზე მდებარეობს, საშუალო კარიესის შემთხვევაში კი პროცესში დენტინიც ერთვება.
ღრმა კარიესის დროს დენტინი საგრძნობლად ზიანდება, რის გამოც მექანიკური, ქიმიური და ტემპერატურული გამღიზიანებლის ზემოქმედებისას აღმოცენდება ტკივილი, რომელიც გამღიზიანებლის მოცილების შემდეგ გაივლის. კბილის დათვალიერებისას ვლინდება დარბილებული დენტინით სავსე ღრმა ხვრელი. ვინაიდან კარიესული პროცესი მინანქარზე იოლად დენტინს აზიანებს, დენტინში არსებული ღრუ ხვრელის შესასვლელზე ფართოა. არ არის გამორიცხული პულპიტის ნიშნები, მაგალითად, ყრუ ტკივილი გამღიზიანებლის მოშორების შემდეგაც.

გართულებები. თუ კარიესი ნებაზე მივუშვით, შესაძლოა, პროცესი უფრო მძიმე დაავადებაში – პულპიტში, პერიოდონტიტში გადაიზარდოს და კბილის დაკარგვით დასრულდეს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. შორს წასული კარიესის დიაგნოსტირება ძნელი არ არის. სტომატოლოგიური სარკისა და ზონდის მეშვეობით კარიესულ ღრუს ადვილად პოულობენ. შედარებით ძნელია ისეთი ღრუების აღმოჩენა, რომლებიც კბილების  ურთიერთშემხებ ზედაპირებზეა ლოკალიზებული. ასეთ შემთხვევაში მიმართავენ კბილების თერმოდიაგნოსტიკას და რენტგენოგრამას. რენტგენოგრამის საშუალებით შესაძლებელია კარიესის დიაგნოსტირება ლაქის სტადიაში, როცა მინანქრის მთლიანობა არ არის დარღვეული და ზონდის შეყვანა ვერ ხერხდება. ამ სტადიაში კარიესის დიაგნოსტირება შესაძლებელია აგრეთვე კბილის ზედაპირის მეთილენის ლილით შეღებვის გზითაც – ამ დროს მხოლოდ დაზიანებული უბანი იღებება.
ფარული და საწყისი სტადიის კარიესის სადიაგნოზოდ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ტრანსლუმინესცენცია – კბილის განათება საპირისპირო მხრიდან ძლიერი შუქით, მაგალითად, სტომატოლოგიური ფოტოპოლიმერიზატორით.
სწორი რემინერალიცაზიური თერაპიის შემთხვევაში ლაქის სტადიიდან დემინერალიზაციის პროცესი შექცევადია. ასეთი მკურნალობა 10 დღის განმავლობაში გრძელდება. იყენებენ 10%-იანი კალციუმის გლუკონატის, 1-3%-იანი რემოდენტას ხსნარის აპლიკაციებს, ფტორის შემცველ პრეპარატებს (2-4%-იან ნატრიუმის ფტორიდს). თეთრი არაპიგმენტირებული ლაქების პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ზედაპირული, საშუალო და ღრმა კარიესის მკურნალობა ხორციელდება დაზიანებული ქსოვილის მოშორებით, კარიესული ღრუს დაბჟენით, რაც შემდეგი თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს:
1. კბილის ანესთეზია;
2. ბორმანქანით კარიესული ღრუს დამუშავება, ნეკრექტომია (დარბილებული და ინფიცირებული დენტინის მთლიანად მოშორება), ღრუს ფორმირება ბჟენის უკეთ ფიქსაციის მიზნით;
3. კარიესული ღრუს მედიკამენტური და ანტისეპტიკური დამუშავება;
4. ღრმა კარიესული ღრუს არსებობის შემთხვევაში  – მის ფსკერზე  სამკურნალო ან მინაიონომერული ცემენტის სარჩულის მოთავსება;
5. კარიესული ღრუს დაბჟენა;
6. ბჟენის საბოლოო დამუშავება და გაპრიალება.
არის შემთხვევები, როცა საჭირო ხდება დეპულპაცია – ნერვის ამოღება.
კარიესის ადრეულ სტადიაში მკურნალობა დაბჟენით კბილის დიდხანს შენარჩუნების საწინდარია – ამ დროს ხდება მისი მხოლოდ მცირე ნაწილის მოშორება, ძლიერი დაზიანების შემთხვევაში კი გვირგვინის მთლიანად მოცილება ხდება საჭირო. ასე რომ, რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო შედეგიანია ის.

პროფილაქტიკა. კბილების კარიესის აღმოცენების თანამედროვე  თეორიებიდან გამომდინარე, მისი პროფილაქტიკა შეიძლება ორი მიმართულებით განხორციელდეს:
1. პირის ღრუში კარიესული სიტუაციის აღმოფხვრით;
2. კბილის ქსოვილის კარიესული რეზისტენტობის ამაღლებით.
კარიესის საპროფილაქტიკო ძირითადი ღონისძიებები ითვალისწინებს:

  • პირის ღრუს რეგულარულ მოვლას;
  • შაქრის გამოყენების შემცირებას;
  • ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენებას;
  • კბილების სწორად ხეხვას;
  • 0,1-0,2%-იანი ქლორჰექსიდინის ხსნარის ყოველდღიურად გამოვლებას ან ქლორჰექსიდინის კბილის პასტების გამოყენებას;
  • წელიწადში ერთხელ მაინც სტომატოლოგთან ვიზიტს პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით.

კარიესოგენული სიტუაციების თავიდან აცილებაში დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის გაკაჟება, პირის ღრუს სათანადო ჰიგიენა, კბილ-ყბათა დეფექტების გასწორება და სხვა.
ფისურებისა და ბრმა ორმოების ჰერმეტიზაცია სპეციალური დენადი პოლიმერებით კარიესის განვითარების ალბათობას 90%-ით ამცირებს.
კარიესის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ხელშემწყობ ფაქტორს რაციონში შაქრის სიჭარბე წარმოადგენს. პროფილაქტიკის პერსპექტიული მიმართულებაა ნახშირწყლების შეზღუდვა რაციონში და შაქრის ჩანაცვლება არაკარიესოგენული პროდუქტებით (სორბიტით, ქსილიტით) ბავშვთა საკვებ ნარევებსა და საკონდიტრო ნაწარმში. მინანქრის რემინერალიზაციას იწვევს რძე და ყველის ზოგიერთი სახეობა. ერთგვარი დადებითი ეფექტი აქვს ქსილიტის შემცველი საღეჭი რეზინების ზომიერ გამოყენებას: ჯერ ერთი, საღეჭი რეზინი კბილის ზედაპირს აშორებს საკვების ნარჩენებს და ნაწილობრივ – ნადებს, მეორე – ღეჭვის აქტი ნერწყვის გამოყოფას უწყობს ხელს.
პირის ღრუს ჰიგიენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარიესის, გინგივიტისა და პაროდონტიტის პროფილაქტიკაში.

ფტორს მკვეთრად გამოხატული კარიესსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს – ის ჩაენაცვლება მინანქრის ჰიდროქსიაპატიტის ჰიდროქსილურ ჯგუფს. ზოგი მეცნიერის აზრით, ფტორი თრგუნავს მჟავაწარმომქმნელ ბაქტერიებს. ეფექტი განსაკუთრებით ძლიერი იქნება, თუ კბილებს განვითარების, მინერალიზაციისა და მომწიფების პერიოდში ოპტიმალური ოდენობით მივაწვდით ფტორს. ყველაზე რადიკალურ და ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია წყლის ფტორირება (1 მგ/ლ-მდე კონცენტრაციით) – ეს კარიესის ალბათობას 30-35%-ით ამცირებს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ფტორის ჭარბ (1მგ/ლ-ზე მეტ) შემცველობას შეუძლია ფლუოროზი გამოიწვიოს.
ფტორის შინაგან მიღებასთან ერთად მიმართავენ ფტორის ადგილობრივ აპლიკაციას 1-2%-იანი ნატრიუმის ფტორიდით ან კბილზე ადებენ ფტორის შემცველ ლაქებს.
უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს მუშაობა კარიესის პროფილაქტიკისთვის ჰელიონეონური ლაზერის გამოსაყენებლად. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჰელიონეონური ლაზერის დაბალინტენსიური მონოქრომატული წითელი სინათლე ზრდის მინანქრის სიმტკიცესა და გამძლეობას, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, ააქტიურებს ორგანიზმის თავდაცვით მექანიზმებს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა კარიესული პროცესის მთავარი გამომწვევის – Streptpcoccus mutans-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად.

 

 

კარდიომიოპათია – Cardiomyopathia – кардиомиопатия

ტერმინი კარდიომიოპათია აერთიანებს დაავადებათა ჯგუფს, რომლებსაც ახასიათებს გულის კუნთის პირველადი, არაანთებითი დაზიანება და მისი ფუნქციის მოშლა.
ცნობილია კარდიომიოპათიის სამი ნაირსახეობა:

  • დილატაციური კარდიომიოპათია;
  • ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია;
  • რესტრიქციული კარდიომიოპათია.

კარდიომიოპათიის სამივე ნაირსახეობას აქვს სხვადასხვაგვარი კლინიკური გამოვლინება და პროგნოზი, მაგრამ აქვთ საერთო ნიშნებიც, კერძოდ:

  • მიზეზი უმეტესად უცნობია;
  • ორგანიზმში ანთებითი რეაქციის ნიშნები არ არსებობს;
  • გულის ზომები იმატებს;
  • არსებობს მიდრეკილება თრომბების წარმოქმნისკენ;
  • კარდიომიოპათიებით განპირობებული გულის უკმარისობის მკურნალობა ძალიან ძნელია.

დილატაციური კარდიომიოპათია
დილატაციური კარიომიოპათიის დროს ირღვევა გულის ძირითადი ფუნქცია – კუმშვადობა. იგი სუსტდება. ამასთანავე, დიფუზიურად დიდდება გულის პარკუჭები. მხოლოდ ერთი პარკუჭის დაზიანება იშვიათია. გულის უკმარისობის ასიდან 9 შემთხვევაში მიზეზი დილატაციური კარდიომიოპათიაა.
დილატაციური კარიომიოპათიის მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი. სავარაუდოდ, მას მემკვიდრეობითი ბუნება აქვს, ვინაიდან ხშირად გვხვდება ნათესავებს შორის. დილატაციური კარიომიოპათიის განვითარებას შეიძლება ხელს უწყობდეს იმუნური დარღვევები, მაგრამ ამის დამადასტურებელი ნიშნები ყველა დაავადებულს არ აღენიშნება. მრავალი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ დილატაციური კარდიომიოპათია ვირუსული ბუნებისაა, თუმცა გამომწვევ ვირუსს ჯერჯერობით ვერავინ მიაგნო.
დილატაციური კარდიომიოპათიის სავარაუდო მიზეზებიდან აღსანიშნავია რევმატული დაავადებები (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა), ტოქსიკური ნივთიერებები (ეთილის სპირტი), საკვები პროდუქტების ზოგიერთი დანამატი (კობალტი, რომელსაც გერმანიაში ლუდს ამატებდნენ ქაფის შესანარჩუნებლად), კატექოლამინების ჭარბი ცირკულაცია სისხლში, რასაც იწვევს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, ასევე – ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორის და კალიუმის დეფიციტი.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დილატაციური კარდიომიოპათია, ჩვეულებრივ, თანდათანობით ვითარდება. ზოგჯერ ადამიანი წლობით ვერ ამჩნევს, რომ დაავადებულია და გულის მარცხენა პარკუჭის საზღვრების გადიდება ვლინდება შემთხვევით, რენტგენოლოგიური კვლევის დროს.
დაავადების პირველი ნიშნები არ არის სპეციფიკური – მათ მიხედვით კარდიომიოპათიაზე ეჭვის მიტანა ძნელია. ეს ნიშნებია სწრაფად დაღლა ფიზიკური დატვირთვის დროს და სისუსტე. თავდაპირველად თავს იჩენს ქოშინი, რომელიც თანდათან ძლიერდება და საბოლოოდ კარდიულ ასთმაში გადაიზრდება. ხშირად აღმოცენდება გულის არეში სხვადასხვა ხასიათის (ყრუ, მჩხვლეტავი, მოჭერითი) ტკივილი, მაგრამ სტენოკარდია იშვიათია. გულის შიდა ღრუების გადიდებისა და სხვა, ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზების გამო გულის ღრუსა და დიდ ვენებში ხშირად ჩნდება თრომბები, რომლებიც შეიძლება მოწყდეს და სისხლის ნაკადთან ერთად ფილტვებში მოხვდეს. ასეთ შემთხვევაში ვითარდება მეტად საშიში გართულება – ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. დილატაციური კარდიომიოპათიის შემთხვევათა მესამედში სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს გართულებაა.
ავადმყოფის გასინჯვისას ექიმი ამჩნევს კანის სიცივეს და გულის საზღვრების გადიდებას. მოსმენისას ვლინდება სისტოლური შუილი და სხვადასხვა სახის არითმია. გულის მარცხენა პარკუჭის მნიშვნელოვანი გადიდებისა და დასუსტებული გულის კუნთის მიერ გადასროლილი სისხლის მოცულობის შემცირების გამო პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

დიაგნოსტირება. დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოზს ადასტურებს რენტგენული, ექოკარდიოგრაფიული და ანგიოგრაფიული კვლევების მონაცემები, თუმცა ამ დაავადების დიაგნოსტირების ძირითადი მეთოდი ექოკარდიოგრაფიაა. მისი მეშვეობით ვლინდება გულის მარცხენა პარკუჭის გადიდება, გულის სხვა ღრუების გაფართოება, განისაზღვრება მარცხენა პარკუჭის კედლის სისქე (ნორმალურია თუ შემცირებული).
დილატაციური კარდიომიოპათიის ეჭვის შემთხვევაში ექოკარდიოგრაფია აუცილებელია. დიაგნოზი პირველივე გამოკვლევისას დაისმის. მომდევნო გამოკვლევები საჭიროა მკურნალობის ეფექტიანობისა და გულის კუნთის მდგომარეობის საკონტროლოდ. აუცილებელია, შემოწმდეს გულის კუნთში მკვდარი უჯრედების არსებობა-არარსებობა, გულის კუნთოვანი ქსოვილის შემაერთებელი ქსოვილით ჩანაცვლება (გულის კუნთის სკლეროზი).

მკურნალობა. კარდიომიოპათიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. სამკურნალო ღონისძიებები მიზნად ისახავს გართულებათა პროფილაქტიკას. პირველ რიგში – გულის უკმარისობის თავიდან აცილებას, რომელიც დროთა განმავლობაში ყველა პაციენტს უყალიბდება.
ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, შეიცვალოს ცხოვრების წესი: შეამციროს ფიზიკური აქტიურობა, შეზღუდოს მარილისა და ცხიმის მოხმარება, თავი დაანებოს სმასა და მოწევას. ეს აუცილებელია, რათა შემცირდეს გულის დატვირთვა და ხელი შეეშალოს გულის უკმარისობის განვითარებას.
მედიკამენტური მკურნალობის მიზანი არტერიული წნევის დაქვეითებაა. საამისოდ გამოიყენება ენალაპრილი, ბერლი პრილი, ლიზინოპრილი და სხ¬ვა. ეს პრეპარატები ამცირებენ სისტოლურ წნევას, აქვეითებენ წნევას მარცხენა პარკუჭში და ამცირებენ გულის დატვირთვას. დადასტურებულია, რომ მათი მიღება ზრდის დილატაციური კარდიომიოპათიით დაავადებულების სიცოცხლის ხანგრძლივობას.
ზოგჯერ ინიშნება საგულე გლიკ¬ოზიდები და ბეტა-ადრენობლოკატორები. თითქმის ყველა პაციენტს სისხლძარღვებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შესამცირებლად ენიშნება შარდმდენი საშუალებები.
გულის რიტმის მოშლის შემთხვევაში ინიშნება რიტმის მომწესრიგებელი საშუალებები.
ვინაიდან ასეთ ავადმყოფებს ხშირად უვითარდებათ თრომბი, პროფილაქტიკისთვის ინიშნება თრომბის წარმოქმნის შემფერხებელი საშუალებებიც (ასპირინი, ვარფარინი).
არის შემთხვევები, როდესაც გულის უკმარისობა მკურნალობას არ ემორჩილება. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი გულის ტრანსპლანტაციაა.
დილატაციური კარდიომიოპათიის პროგნოზი მძიმეა, ვინაიდან, მკურნალობის მიუხედავად, გულის ფუნქცია თანდათანობით მაინც უარესდება.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათაია
ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიას ახასიათებს გულის მარცხენა პარკუჭის კედლის მნიშვნელოვანი ჰიპერტროფია – გასქელება და ზომაში მატება. უმეტესად სქელდება პარკუჭთაშორისი ძგიდეც.
დილატაციურისგან განსხვავებით, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს პარკუჭის ღრუ არ ფართოვდება.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის სიხშირე 0,2%-ს შეადგენს. დაავადება უფრო მეტად ახალგაზრდებს შორის არის გავრცელებული და ნელი პროგრესი ახასიათებს. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს არსებობს უეცარი სიკვდილის საშიშროება. სიკვდილიანობა 2-4%-ს უტოლდება.
დადასტურებულია კარდიომიოპათიის ამ ნაირსახეობის მემკვიდრეობითი ბუნება, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დაავადების მემკვიდრეობითობა არ დასტურდება. თუ პაციენტის ახლო ნათესავებიდან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით არავინ არის დაავადებული, მაშინ დაავადების მიზეზად მიიჩნევენ გულის კუნთის ცილების მაკოორდინირებელი გენების მუტაციას.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს გულის კუნთი ზოგჯერ თანაბრად სქელდება, ზოგჯერ კი აღინიშნება მისი რომელიმე ნაწილის უპირატესი გასქელება. ამაზეა დამოკიდებული დაავადების გამოვლინებაც:

  • თუ გულის კუნთი ჰიპერტროფირებულია უპირატესად პარკუჭთაშორისი ძგიდის მიდამოში, შესაძლოა შევიწროვდეს მარცხენა პარკუჭიდან გამოსასვლელი. ამას თან სდევს გულის შიდა გარსის (რომლისგანაც შედგება სარქვლები) გასქელება და მიტრალური და აორტული სარქვლების ფუნქციის მოშლა. ასეთი რამ ხშირად ხდება პარკუჭთაშორისი ძგიდის არათანაბარი გასქელების დროს.
  • შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პარკუჭთაშორისი ძგიდის არასიმეტრიულ გასქელებას, მაგრამ შეცვლილი არ იყოს გულის სარქვლოვანი აპარატი და არც მარცხენა პარკუჭის გამოსასვლელი იყოს შევიწროებული.
  • თუ გულის კუნთი გადიდებულია მწვერვალის არეში, მაშინ აღმოცენდება მწვერვალოვანი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
  • სიმეტრიული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ადგილი აქვს მიოკარდის ჰიპერტროფიას მარცხენა პარკუჭის ირგვლივ.

დაავადება სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. ზოგი დიდხანს არაფერს უჩივის, ზოგს თავიდანვე უმძიმდება მდგომარეობა. ასეთ შემთხვევებში დიდია უეცარი სიკვდილის ალბათობა.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა გულის არეში აღმოცენებული სხვადასხვა ხასიათის (მჩხვლეტი ან ყრუ შეგრძნებიდან სტენოკარდიულ შეტევამდე) ტკივილი. დაავადებულებს ხშირად ემართებათ სტენოკარდია. საქმე ის არის,  რომ ჰიპერტროფიის დროს კორონარული სისხლძარღვები იჭყლიტება, გადიდებული გულის კუნთი კი მეტ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებას ითხოვს. ამის გამო აღმოცენდება შეუსაბამობა ჟანგბადზე მიოკარდის მოთხოვნილებასა და მის მიწოდებას შორის.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ხშირად ვლინდება გულის რიტმის დარღვევით. გულის გამტარი სისტემა იჭყლიტება, ელექტრული იმპულსების გავრცელების პროცესი ირღვევა და თავს იჩენს გულის რიტმის სხვადასხვაგვარი დარღვევა. ავადმყოფი უჩივის გულისცემის შეგრძნებას, ამოვარდნებს. გულის რიტმის დარღვევის გამო მცირდება ტვინის სისხლით მომარაგება, რაც გულის წასვლას იწვევს. ზოგს სიცოცხლეში ერთხელ მისდის გული, ზოგს – დღეში რამდენიმეჯერაც  კი. ზოგჯერ დაავადების პირველი სიმპტომია ქოშინი, რომელიც ფიზიკური დატვირთვის დროს ძლიერდება. ავადმყოფის გასინჯვისას ვლინდება გულის საზღვრების გაფართოება და სისტოლური შუილი, რენტგენოგრამა გულის მარცხენა საზღვრის გადიდებას ავლენს, ელექტროკარდიოგრამაზე ჩანს სპეციფიკური ცვლილებები, რომლებიც ექიმს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დიაგნოზის დასმაში ეხმარება, მაგრამ დიაგნოსტირების ძირითად მეთოდს წარმოადგენს ექოკარდიოგრაფია. მისი მეშვეობით ვლინდება გულის მარცხენა პარკუჭის გასქელება, პარკუჭთაშორისი ძგიდის გასქელება, მიოკარდიუმის მოძრაობითი აქტიურობის დაქვეითება. ზოგჯერ საჭირო ხდება გულის კუნთის ბიოფსიის ჩატარება.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მკურნალობა მიმართული უნდა იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ აღმოცენებული სიმპტომების აღკვეთისკენ. ინიშნება ბეტა-ბლოკერები და ვერაპამილი, რომლებსაც იყენებენ როგორც მანიფესტირებული, ისე უსიმპტომო (ჯერ გამოუვლენელი) ფორმების შემთხვევაში. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობისას ტარდება ქირურგიული ოპერაცია ჰიპერტროფირებული გულის კუნთის ნაწილის ამოსაკვეთად.
ჰიპერტოფიული კარდიომიოპათიის პროგნოზი უფრო საიმედოა, ვიდრე კარდიომიოპათიის სხვა სახეებისა. დაავადება შეიძლება ათეულობით წელს გაგრძელდეს და ავადმყოფმა დიდხანს შეინარჩუნოს შრომის უნარი. დილატაციური კარდიომიოპათიისგან განსხვავებით, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადებულისთვის ორსულობა და მშობიარობა დასაშვებია.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ძლიერი ფიზიკური დატვირთვა საშიშია.

რესტრიქციული კარდიომიოპათია
ტერმინი რესტრიქციული კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებათა ჯგუფს აერთიანებს. ამ დროს პარკუჭთა კედლები უხეშდება (მაგრამ არ სქელდება). ეს გულის შეკუმშვებს შორის, მოდუნების ფაზაში, პარკუჭების სისხლით ავსებას უშლის ხელს, რის შედეგადაც ვითარდება სისხლძარღვოვანი უკმარისობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გულის კუნთის ელასტიკურობის დაქვეითების გამო დარღვეულია გულის დიასტოლური ფუნქცია. ამ დროს პარკუჭთა კედლები არ სქელდება, არც ღრუები ფართოვდება, ამიტომ რესტრიქციულ კარდიომიოპათიას დილატაციისა და პიპერტროფიის გარეშე მიმდინარე კარდიომიოპათიად განიხილავენ.
რესტრიქციული კარდიომიოპათია კარდიომიოპათიის მეტად იშვიათი ნაირსახეობაა. გულის დიასტოლური ფუნქციის დარღვევის მიზეზის მიხედვით განასხვავებენ მის შემდეგ ფორმებს:

  • იდიოპათიური ხასიათის რესტრიქციული კარდიომიოპათია. მას მიოკარდიუმის რომელიმე ცნობილი დაავადება უდევს საფუძვლად. ამ დროს პარკუჭის ღრუს ზომა, კედლები, პარკუჭთაშორისი ძგიდე ნორმის ფარგლებშია. არც მიოკარდიუმის შესწავლისას ვლინდება სპეციფიკური ცვლილებები. იდიოპათიური რესტრიქციული კარდიომიოპათია ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა.

  • მიოკარდიუმში სხვადასხვა ნივთიერების დაგროვებით გამოწვეული რესტრიქციული ანუ ინფილტრაციული კარდიომიოპათია. ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის ამილოიდოზი, სარკოიდოზი, გოშეს დაავადება, ჰელერის დაავადება, ჰემოქრომატოზი, ფარბის დაავადება, გლიკოგენის დაგროვების დაავადება, მიოკარდიუმში ჩნდება ინფილტრატი და ვითარდება პარკუჭების დიასტოლური დისფუნქცია.

  • ენდომიოკარდიული დაავადებების (ენდომიოკარდიული ფიბროზი, ჰიპერეოზინოფილური სინდრომი, კარციდოზი, მეტასტაზირებადი სიმსივნე, რადიაციის შედეგად განვითარებული ინტოქსიკაცია) თანამდევი რესტრიქციული კარდიომიოპათია.

დაავადების საწყის ეტაპზე ავადმყოფი შეიძლება უჩიოდეს სისუსტეს, ადვილად დაღლას, ქოშინს. გულის ან გულმკერდის არეში ტკივილი იშვიათია. მოგვიანებით, იმის კვალობაზე, მარცხენა პარკუჭშია დაზიანებული მიოკარდიუმი თუ მარჯვენაში, შეიძლება განვითარდეს გულის უკმარისობა. ხშირად დაავადებას მხოლოდ მაშინ აღმოაჩენენ, როცა უკვე აშკარაა გულის უკმარისობის ნიშნები: ქვედა კიდურების შეშუპება, ასციტი (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება), სახის ციანოზი, კისრის ვენების დაბერვა. მოსალოდნელია, თუმცაღა იშვიათად, მოციმციმე არითმია და გულის ბლოკადაც. აუსკულტაციის დროს ისმის გულის ტონების მოყრუება, ზოგჯერ – სისტოლური შუილი. ელექტროკარდიოგრამაზე ჩანს გულის რიტმის სხვადასხვაგვარი დარღვევა. რენტგენოგრამაზე ხშირად გადიდებულია მარჯვენა წინაგული და მარცხენა პარკუჭი, ჩანს ცვლილებები ფილტვებში. ექოკარდიოგრაფია ავლენს გულის შიგნითა შრის გასქელებას, პარკუჭების ღრუს მოცულობის შემცირებას, პარკუჭთაშორისი ძგიდის არასწორ მოძრაობას. ხშირად დარღვევები შეინიშნება გულის სარქვლოვან აპარატშიც. ანგიოკარდიოგრაფიით შესაძლოა დადგენილ იქნეს პარკუჭთა ზომების შემცირება, მათი უსწორმასწორო საზღვარი და გულის მიერ სისხლის გადასროლის შემცირება. ზოგჯერ საჭირო ხდება ენდოკარდიუმის ბიოფსიის ჩატარება – გულის შიდა შრის უმცირესი ნაწილის მიკროსკოპით შესწავლა.
რესტრიქციული კარდიომიოპათიის მკურნალობის ეფექტური მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია. გულის უკმარისობის აღმოცენების შემთხვევაში ინიშნება შარდმდენები და საგულე გლიკოზიდები. ყოველგვარი პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით. გულის გადანერგვა მეტწილად უეფექტოა, ვინაიდან გადანერგილ გულში დროთა განმავლობაში ისეთივე პროცესი ვითარდება.

 

 

კარბუნკული – carbunculus – карбункул

კარბუნკული არის რამდენიმე თმის ბოლქვისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვან-ნეკროზული ანთება, რომელსაც ახასიათებს ინფილტრატის გაჩენა და კანისა და კანქვეშა უჯრედების გავრცობილი ნეკროზი.
კარბუნკული ყველაზე ხშირად ჩნდება უსუფთაობის პირობებში, კანის ტანსაცმელთან ხახუნის ადგილას ჩირქმბადი მიკრობების – სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების – შეჭრის შედეგად. კარბუნკულის გაჩენას ხელს უწყობს ორგანიზმის გამოფიტვა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მოშლა, ავიტამინოზი.
კარბუნკული იწყება ისე, როგორც ფურუნკული, მაგრამ სტაფილოკოკი თმის ბოლქვიდან სწრაფად იჭრება ლიმფურ ძარღვებში და აღწევს კანის ღრმა შრეებსა და კანქვეშა უჯრედებში. შედეგად ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი განივრცობა და ინფილტრატი მკვეთრად იზრდება.
კლინიკურად კარბუნკული წარმოადგენს რამდენიმე შერწყმულ ფურუნკულს, რომლებსაც აქვთ საერთო, მკვეთრად შეშუპებული საფუძველი.
კარბუნკული ხშირად ჩნდება კისრის უკანა ნაწილზე, ბეჭებზე დაბეჭებს შუა არსებულ არეში, წელზე, დუნდულებზე, იშვიათად – კიდურებზე. თავდაპირველად წარმოიქმნება პატარა ანთებადი ინფილტრატი თავზე პუსტულით, რომელიც სწრაფად იზრდება. შეხებისას მტკივნეულია, თუმცა ტკივილი შეხების გარეშეც შეიგრძნობა. ინფილტრატის არეში კანი იღებს მოვარდისფრო ელფერს, დაჭიმული და შეშუპებულია. ნეკროზული კერის ზემოთ ეპიდერმისი  რამდენიმე ადგილას იგლიჯება და ჩნდება რამდენიმე ხვრელი, საიდანაც  გამოდის მომწვანო-მორუხო ფერის სქელი ჩირქი. ხვრელებში ჩანს ნეკროზული ქსოვილი. ზოგი ხვრელი ერთდება და წარმოიქმნება კანის დიდი დეფექტი, საიდანაც მოედინება ჩირქი და ძვრება ნეკროზული ქსოვილი. ტემპერატურა 40 გრადუსამდე იმატებს. აღინიშნება ძლიერი ინტოქსიკაცია (გულისრევა, ღებინება, უმადობა, თავის ტკივილი, უძილობა, იშვიათად – ბოდვა და უგონო მდგომარეობა). სახეზე ლოკალიზებული და დიდი ზომის კარბუნკულების დროს ზოგადი სიმპტომები კიდევ უფრო მკვეთრია, მაგრამ როგორც კი დაიწყება ჩირქის დენა და ნეკროზული ქსოვილების მოძრაობა, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. ჩირქის ამოსვლის შემდეგ ჭრილობა ივსება გრანულებით და ხორცდება.
გართულებათაგან მოსალოდნელია ლიმფანგიტი, ლიმფადენიტი, პროგრესირებადი თრომბოფლებიტი, სეფსისი, ჩირქოვანი მენინგიტი. სეფსისი, მენინგიტი და თრომბოფლებიტი შედარებით ხშირია სახის კარბუნკულის დროს.
გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ჩირქოვან განყოფილებაში. კარბუნკულის განვითარების საწყის (ანთებადი ინფილტრატის) ეტაპზე მიმართავენ ანტიბიოტიკოთერაპიას – პათოლოგიურ კერაში შეჰყავთ ანტიბიოტიკი, კეთდება კუნთშიგა ინექცია, ინიშნება სულფანილამიდები. რეკომენდებულია სისხლის გადასხმა და ადგილობრივი დასხივება ულტრამაღალი სიხშირის სხივებით. კარბუნკულს ადებენ მშრალ ასეპტიკურ ნახვევს ან სინტომიცინის ან სტრეპტომიცინის ემულსიის ნახვევს. თუ ავადმყოფს აქვს შაქრიანი დიაბეტი, აუცილებელია ინსულინოთერაპიის ჩატარება, რათა ინფილტრატისა და ნეკროზის განვითარების პროცესი შეფერხდეს. ავადმყოფს სჭირდება დასვენება (წოლითი რეჟიმი, იმობილიზაცია). სახის კარბუნკულის დროს იკრძალება ლაპარაკი და ინიშნება თხიერი საკვები. საჭიროებისამებრ, დასაშვებია ტკივილგამაყუჩებელი და საგულე საშუალებების მიღება, აუცილებელია კარგი კვება, რძის ნაწარმისა და მცენარეული პროდუქტების დიეტა.
თუ ერთ-ორდღიანი კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა და ინტოქსიკაციის ნიშნები პროგრესირებს, ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.
დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის მოვლას.
დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

 

 

კანდიდოზი – Candidosis – кандидоз

კანდიდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა, რომელსაც იწვევს კანდიდას სახეობის საფუარა სოკო (ჩანდიდა ალბიცანს). სოკომ შეიძლება ბინა დაიდოს კანზე და ნებისმიერი ორგანოს (პირის ღრუს, ნაწლავების, საშოს, საშარდე გზების) ლორწოვან გარსზე.
კანდიდოზი შეიძლება განუვითარდეს ჯანმრთელ ადამიანს (და თავისთავადვე გაუაროს) ან გართულებად მოჰყვეს ლორწოვანი გარსის ნორმალური მიკროფლორის დარღვევით მიმდინარე მძიმე დაავადებას, მაგალითად, დისბაქტერიოზს. კანდიდოზის გამოვლინება დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზე.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი (მას რძიანასაც უწოდებენ) ხშირად გვხვდება ახალშობილებში, მაგრამ სხვა ასაკშიც შეიძლება განვითარდეს. ამ დროს ლოყების, ენისა და ხახის ლორწოვანი გარსი შეწითლებულია და მოფენილია თოვლის ფიფქების მსგავსი ნადებით (ლორწოვანი გამოიყურება ისე, თითქოს ბავშვს ახლახან ეჭამოს ხაჭო ან ნადუღი). თუ დედას ორსულობის დროს ან მანამდე ჰქონდა მსგავსი გამონადენი საშოდან ან აწუხებდა არასასიამოვნო შეგრძნება, მაგალითად, ქავილი სასქესო ორგანოების არეში, მაშინ ზემოაღწერილი სიმპტომები პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზზე მეტყველებს. სკოლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებს რძიანა უვითარდებათ მძიმედ მიმდინარე დაავადებების ან ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ. პროცესი შეიძლება გავრცელდეს სასუნთქ გზებსა და საყლაპავის ლორწოვან გარსებზე ან ჩამოყალიბდეს ვისცერული ფორმა, რომლის დროსაც შინაგანი ორგანოებიც ზიანდება.
მართებული მკურნალობის შემთხვევაში პირის ღრუს კანდიდოზი საშიში არ არის. სამკურნალოდ ინიშნება გამაუვნებელი და სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივი პრეპარატები.
ნაწლავთა კანდიდოზი მძიმედ მიმდინარე დისბაქტერიოზის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს. როდესაც ნაწლავებში ნორმალური მიკლოფლორისთვის არასასურველი პირობები იქმნება, იქ გამრავლებას იწყებს კანდიდა. ეს გამოვლინდება ფაღარათით, ნაწლავებში აირების ჭარბი წარმოქმნით და განავალში თეთრი ფიფქისებრი მინარევების არსებობით. ადრეული ასაკის ბავშვებისთვის კანდიდოზის ეს ფორმა საშიშია, ვინაიდან პატარები ცუდად იმატებენ წონას, ფაღარათის შედეგად კარგავენ ვიტამინებს და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს.
ნაწლავთა კანდიდოზის დროს, ავადმყოფის მდგომარეობის გათვალისწინებით, ინიშნება ელექტროლიტების შემცველი სითხეების შინაგანი მიღება (ზოგჯერ – გადასხმაც) და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.
სასქესო ორგანოების კანდიდოზი სოკოვან დაავადებებს შორის ყველაზე ხშირია, ვინაიდან მისი გამომწვევი სოკო საშოს ბუნებრივი მიკროფლორის ნაწილს წარმოადგენს. როცა სოკო ნორმალური რაოდენობით არის საშოში, ქალს არაფერი ემუქრება, მაგრამ როგორც კი უკონტროლო გამრავლებას დაიწყებს, ვითარდება კანდიდოზი. ამის გამო ქალებში სასქესო ორგანოების კანდიდოზს საშოს კანდიდოზსაც უწოდებენ.
სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება სქესობრივი პარტნიორისგან მამაკაცსაც შეიძლება გადაედოს. ამ დაავადების მამაკაცისეულ ვარიანტს ბალანოპოსტიტი ეწოდება.
სასქესო ორგანოების კანდიდოზის დროს ქალს აქვს დიდი რაოდენობით ხაჭოსმაგვარი გამონადენი, აწუხებს სასქესო ორგანოს ქავილი, სქესობრივი აქტისა და შარდის გამოყოფის დროს – ტკივილი.
დაავადება რომ გამოიწვიოს, საფუარა სოკოს განსაკუთრებული პირობები სჭირდება: გარემო, სადაც იგი ბინადრობს, არ უნდა იყოს მჟავე, ხოლო ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქცია დაქვეითებული უნდა იყოს. სოკოს გაძლიერებულ გამრავლებას ხელს უწყობს ანტიბიოტიკოთერაპია, იმუნიტეტის დაქვეითება (შიდსი, ქრონიკული ანთებითი დაავადებები), ნივთიერებათა ცვლის მოშლა (შაქრიანი დიაბეტი), არასწორი კვება (ნახშირწყლების ჭარბი მიღება და ვიტამინების ნაკლებობა), ჰორმონული ცვლილებები (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება, ორსულობა), ვიწრო სინთეტიკური საცვლების ტარება (ისინი არ ატარებენ ჰაერს, რითაც სოკოს გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიან) და სხვა.
სასქესო ორგანოების კანდიდოზი ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს, მაგრამ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს და ხელს უშლის ნორმალურ სქესობრივ ცხოვრებას. იშვიათად კანდიდოზი შეიძლება ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს და პათოლოგიურ პროცესში ჩართოს ახლომდებარე ორგანოები – შარდის ბუშტი და ნაწლავები.
სასქესო ორგანოების კანდიდოზის დიაგნოსტირება ადვილია კლინიკური ნიშნებისა და საშოს ნაცხის ანალიზის საფუძველზე.
საშოს კანდიდოზის დროს აუცილებელია როგორც დაავადებულის, ისე მისი სქესობრივი პარტნიორის ხანგრძლივი და ეტაპობრივი მკურნალობა. ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, ისახება ღონისძიებები სოკოს გამრავლების ხელშემწყობი ფაქტორების აღმოსაფხვრელად. კერძოდ, საჭიროა:

  • შეიცვალოს ანტიბიოტიკი;
  • შეწყდეს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;
  • მოწესრიგდეს ნივთიერებათა ცვლა;
  • ამაღლდეს იმუნიტეტი;
  • დაინიშნოს ვიტამინები;
  • აღდგეს საშოს ნორმალური მჟავიანობა;
  • ჩატარდეს ნაწლავების დისბაქტერიოზის მკურნალობა.

ზოგჯერ ინიშნება პრობიოტიკებიც – სასარგებლო ბაქტერიების ცოცხალი კულტურის შემცველი პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან პათოგენური მიკლოფლორისა და სოკოების გამრავლებას.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ აუცილებელია გამოკვლევის ხელახალი ჩატარება, რადგან სიმპტომების გაქრობა ყოველთვის დაავადების დამარცხებაზე არ მიუთითებს.

 

 

იცენკო-კუშინგის სინდრომი – Icenco-Cushing syndromum – синдром Иценко-Кушинга

იცენკო-კუშინგის სინდრომს უწოდებენ სიმპტომთა კომპლექსს, რომელსაც ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის მოშლის შედეგად ორგანიზმში ჭარბად წარმოქმნილი გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების ზემოქმედება განაპირობებს. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ უმთავრესად 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებს შორის გვხვდება, თანაც ქალებში მამაკაცებთან შედარებით 10-ჯერ ხშირია. ახასიათებს თავისებური სიმსუქნე (მთვარისებრი სახე, ცხიმის ჭარბი დაგროვება, უპირატესად მუცელზე), წითელი ფერის ატროფული ზოლები მუცელსა და ბარძაყებზე, არტერიული წნევის მატება, კუნთების გალევა, ოსტეოპოროზი,  ჰიპერგლიკემია,  სასქესო ჯირკვლების ფუნქციის მოშლა და სხვა. იცენკო-კუშინგის სინდრომის განვითარების მიზეზად შეიძლება იქცეს ჰიპოფიზის ადენომა, თავის ტვინში მიმდინარე ანთებითი პროცესები, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, ფილტვების, ბრონქების, შუასაყრის სიმსივნე, სხვადასხვა დაავადების გამო გლუკოკორტიკოიდების დიდი დოზის ხანგრძლივი გამოყენება და სხვა.
თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურაში იცენკო-კუშინგის სინდრომს კუშინგის სინდრომს უწოდებენ. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. კუშინგის სინდრომი.

 

 

 

Don`t copy text!