Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 368

ელექტროტრავმა – electrotrauma – элекротравма

ელქტროტრავმა დაზიანებაა, რომელსაც ორგანიზმზე ელექტრული დენის ზემოქმედება იწვევს და ხშირად სიკვდილით სრულდება. ელექტროტრავმა შეიძლება მოჰყვეს დენის წყაროსთან სხეულის უშუალო ან რკალურ კონტაქტს (ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი მეტისმეტად ახლოს არის დენის წყაროსთან, მაგრამ არ ეხება მას).
ორგანიზმზე ელექტრული დენის ზემოქმედების ხარისხი მრავალი ფაქტორით განისაზღვრება. მათ შორის აღსანიშნავია დენის ფიზიკური პარამეტრები, ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, გარემოს თავისებურებანი. დადგენილია, რომ 450-500 ვოლტი ძაბვის შემთხვევაში საშიშია ცვლადი დენი, უფრო მაღალი ძაბვისას კი – მუდმივი.
დენის გამღიზიანებელ ზემოქმედებას ადამიანი 1 მა-დან გრძნობს. 15 მა ძალის დენის ზემოქმედების შედეგად ვითარდება კუნთების ძლიერი სპაზმი (შეკუმშვა), რის გამოც ადამიანი დენის წყაროს ეწებება, ამიტომ პირველი დახმარების აღმოჩენამდე დენის წყარო უნდა გამოირთოს, ოღონდ ისე, რომ საფრთხე თვითონ დამხმარეს არ დაემუქროს. მიწებების ეფექტი გაცილებით ნაკლები ძალის დენმაც შეიძლება გამოიწვიოს. ელექტროტრავმა სასიკვდილოა 100 მა-ზე მეტი ძალის დენის შემთხვევაში.
ორგანიზმში ელექტრული დენის გავლისას:

  • ეშვება გულის ქსოვილი, რაც გულის რიტმის დარღვევას და გულის გაჩერებას იწვევს;
  • ირღვევა ნერვული იმპულსების გადაცემა, რაც შესაძლოა სუნთქვის შეწყვეტის მიზეზად იქცეს;
  • ელექტრული დენის ორგანიზმში შესვლისა და გამოსვლის ადგილას ვითარდება დამწვრობა.

განასხვავებენ ელექტროტრავმის სამ სახეს:

  • მაღალი ძაბვის დენით გამოწვეულს;
  • დაბალი ძაბვის დენით გამოწვეულს;
  • მეხით გამოწვეულს.

მაღალი ძაბვით გამოწვეული ელექტროტრავმა უმეტესად სასიკვდილოა. ამ დროს სხეულზე მოქმედებს 2000-40000С ტემპერატურა, რომელიც ძლიერ დამწვრობას იწვევს. კუნთების ძლიერი შეკუმშვა დაშავებულის დიდ მანძილზე გადასროლისა და მოტეხილობების მიზეზად იქცევა.
მაღალი ძაბვის დენით მიღებული ელექტროტრავმის დროს:

  • 4 დაუყოვნებლივ ვიძახებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას;
  • 4 იკრძალება დაშავებულთან 18 მეტრზე ახლოს მისვლა, ვიდრე არ გამოირთვება დენი და არ მოხდება იზოლაცია.

მაღალი ძაბვით მიღებული ელექტროტრავმის შედეგად ადამიანი, როგორც წესი, გონს კარგავს, ამიტომ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ, პირველ ყოვლისა, მისთვის სასუნთქი გზების გახსნაზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ თავის უკან გადაწევა კატეგორიულად იკრძალება, დასაშვებია მხოლოდ ქვედა ყბის წინ წამოწევა. უნდა შემოწმდეს სუნთქვა, პულსი და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს რეანიმაციული ღონისძიებები (ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი). თუ დაშავებული უგონოდ არის, მაგრამ სუნთქავს, ის გადაყვანილ უნდა იქნეს უსაფრთხო ადგილას.

დამწვრობისა და მოტეხილობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სათანადო პირველი დახმარება.
დაბალი ძაბვის დენით გამოწვეული ელექტროტრავმა შესაძლოა სხეულის მძიმე დაზიანების და სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. ამ ტიპის ტრავმას ხშირად იწვევს დაზიანებული ჩამრთველი, ელექტროგაყვანილობა და მოწყობილობა. სველ იატაკზე დგომისას ან სველი ხელებით ელექტროგაყვანილობასთან შეხებისას ელექტროტრავმის მიღების რისკი იმატებს.
დაბალი ძაბვის დენისგან მიღებული ელექტროტრავმის დროს დენი უმეტესად ხელის არეში შედის და ტერფიდან გამოდის. ამ დროს ზიანდება შინაგანი ორგანოები, ამიტომ აუცილებლად უნდა გაირკვეს, როგორი იყო სხეულში ელექტროდენის მიმართულება – ეს ექიმს საშუალებას აძლევს, ამა თუ იმ ორგანოს დაზიანება ივარაუდოს.
დაბალი ძაბვის დენისგან მიღებული ელექტროტრავმის დროს:

  • არ შეიძლება დაშავებულთან შეხება, ვიდრე არ შეწყდება დენის წყაროსთან კონტაქტი – შესაძლოა, ელექტროტრავმა დამხმარემაც მიიღოს. დენის წყაროს მოსაშორებლად არ შეიძლება ლითონის საგნის გამოყენება. თუ შესაძლებელია, დენის მიწოდების შესაწყვეტად უნდა გამოირთოს ჩამრთველი. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დამხმარე უნდა დადგეს მშრალ მაიზოლირებელ საგანზე (ფიცარზე, რეზინის ან პლასტმასის საფენზე, წიგნის ან გაზეთების დასტაზე) და დაშავებულს დენის წყარო ცოცხის, ხის ჯოხის, სკამის საშუალებით მოაშოროს. შეიძლება თავად დაშავებულის გადაადგილებაც: ტერფებზე ან მხრებზე ისე უნდა შემოვახვიოთ ბაწარი, რომ სხეულზე არ შევეხოთ, უკიდურეს შემთხვევაში, მოვკიდოთ ხელი მშრალ ტანსაცმელზე (თუ ტანზე მჭიდროდ არ აქვს მიკრული) და ასე გავათრიოთ.
  • თუ დაშავებული უგონოდ არის, უნდა გავუხსნათ სასუნთქი გზები, შევუმოწმოთ სუნთქვა, პულსი და საჭიროების შემთხვევაში ჩავუტაროთ სარეანიმაციო ღონისძიებები.
  • თუ დაშავებული უგონოდ არის, მაგრამ სუნთქვა და პულსი აღენიშნება, უნდა მოთავსდეს უსაფრთხო ადგილას, დამწვარი ადგილები გაგრილდეს და დაედოს სუფთა ნახვევი.
  • დროულად უნდა იქნეს გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

თუ დაშავებულს ელექტროტრავმის შემდეგ არ აღენიშნება ხილული დაზიანებები და თავს კარგად გრძნობს, უმჯობესია, კარგად დაისვენოს.
მეხით გამოწვეული ელექტროტრავმის დროს ხშირია დამწვრობა, სახისა და თვალების დაზიანება. მეხმა შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილიც. დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას და პირველი დახმარება ჩაუტარდეს ისე, როგორც სხვა სახის ელექტროტრავმის შემთხვევაში.

 

 

ეკლამფსია – eclampsia – эклампсия

ეკლამფსია ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის მძიმე ფორმაა. ახასიათებს არტერიული წნევის მკვეთრი მატება, რაც ძალზე სახიფათოა როგორც დედის, ისე ბავშვის სიცოცხლისთვის. ეკლამფსიის დროს ორსულის მდგომარეობის სიმძიმეზე მიუთითებს ყველა მნიშვნელოვანი სისტემისა და ორგანოს ფუნქციის დარღვევა. ის უპირატესად მშობიარობისას ვითარდება, იშვიათად – მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ. შედარებით ხშირია პირველმშობიარეებს (განსაკუთრებით – ხანდაზმულ პირველმშობიარეებს) და იმ ქალებს შორის, რომელთაც ღვიძლის, თირკმლის, გულ-სისხლძარღვთა, ნეიროენდოკრინული და სხვა სისტემების დაავადება აქვთ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ეკლამფსიის მნიშვნელოვანი სიმპტომია სხეულის მუსკულატურის კრუნჩხვითი მოძრაობები, რომლებსაც თან სდევს გონების დაკარგვა (კომა). კრუნჩხვის შეტევას წინ უძღვის ნეფროპათიის (ჰიპერტონია, შეშუპება, პროტეინურია) ფონზე განვითარებული პრეეკლამფსიის სიმპტომები: თავის ტკივილი, ნაპერწკლების მაგვარი ნათება თვალწინ, ტკივილი გულის კოვზთან, შფოთვა, არტერიული წნევის მატება, ცილა შარდში.
ეკლამფსიის შეტევა 1-2 წუთს გრძელდება და მოიცავს რამდენიმე პერიოდს:

1 – კრუნჩხვის წინარე პერიოდს. გრძელდება 20-30 წამს. სახის კუნთები ტოკავს, გუგები ფართოვდება, ქუთუთოებიდან ჩანს მხოლოდ თეთრი სკლერა, ტუჩის კუთხეები დაბლა ეშვება.

2 – ტონური კრუნჩხვის პერიოდს. გრძელდება 20-30 წამს. ამ დროს ხდება მთელი სხეულის კუნთების ტეტანური შეკუმშვა, ავადმყოფი წელში იზნიქება, სუნთქვას წყვეტს, სახე თანდათან ულურჯდება.

3 – კლონური კრუნჩხვების პერიოდს. გრძელდება 20-30 წამს. ვითარდება სახის, ტანისა და კიდურების კუნთთა ძლიერი სპაზმი, რომელიც თანდათან სუსტდება. ორსული ხროტინებს, პირიდან სდის სისხლნარევი (ენაზე კბენის გამო) ქაფი.

4 – შეტევის დასრულების პერიოდს. ის ზოგჯერ საათობითაც კი გრძელდება. ავადმყოფი კომურ მდგომარეობაშია, გონება ნელ-ნელა უბრუნდება, მომხდარი არ ახსოვს.

ხშირად შეტევას თან სდევს ტემპერატურის მატება და პულსის გაიშვიათება. შეტევის შემდეგ იმატებს არტერიული წნევა. ზოგჯერ კომურ მდგომარეობაში ხელახლა ვითარდება კრუნჩხვა.
მეტად იშვიათია ეკლამფსიის კრუნჩხვის გარეშე მიმდინარე ფორმა – ავადმყოფი მყისვე კომურ მდგომარეობაში ვარდება. ამ შემთხვევაში პროგნოზი ძალიან ცუდია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და სისტემების, მათ შორის – ნერვული სისტემის ფუნქციის ძლიერი დარღვევის გამო იმატებს ორგანიზმის აგზნებადობა, ამიტომ ნებისმიერმა გამღიზიანებელმა (ტკივილმა, ხმაურმა, მკვეთრმა სინათლემ) შესაძლოა ახალი შეტევის პროვოცირება მოახდინოს.
შეტევის დროს მოსალოდნელია ასფიქსია, ენის მოკვნეტა, მოტეხილობა. კრუნჩხვის დასრულების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ასპირაციული პნევმონია და ღვიძლ-თირკმლის უკმარისობა. ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს კრუნჩხვითი შეტევის დროს ან მის შემდეგ თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის, ასფიქსიის, ფილტვების შეშუპების გამო. არცთუ იშვიათად მწვავე ჰიპოქსიის გამო იღუპება ნაყოფი.

დიაგნოსტიკა. ეკლამფსიის დიაგნოსტირება ძნელი არ არის. კრუნჩხვითი შეტევები ორსულობისას, მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ დიაგნოზის დასმას აადვილებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ზოგიერთი დაავადებისგან ეკლამფსიის დიფერენცირება.

ეს დაავადებებია:

  • ჰიპერტონიული ენცეფალოპათია. მასზე მიუთითებს ანამნეზში ჰიპერტონიული დაავადების არსებობა, ეკგ-ის დამახასიათებელი ცვლილებები და შარდში პათოლოგიური ცვლილებების არარსებობა;
  • ეპილეფსია, რომელზეც შეშუპებისა და ჰიპერტონიის არარსებობა, გუგების შევიწროება მიუთითებს;
  • თავის ტვინის სიმსივნე. მასზე მეტყველებს გვიანი ტოქსიკოზის ნიშნების არარსებობა, სიმპტომატიკის თანდათანობითი გაძლიერება, შეგუბებითი მოვლენები თვალის ფსკერზე;
  • ისტერიკა ამ დროს ტოქსიკოზის სიმპტომები არ აღინიშნება. გონება და რეფლექსები შენარჩუნებულია.

მკურნალობა. ეკლამფსიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ითვალისწინებს:

  • წოლით რეჟიმსა და სიმშვიდეს, მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური და ტკივილის გამომწვევი გამღიზიანებლებისგან იზოლირებას (ავადმყოფი უნდა მოთავსდეს ჩაბნელებულ, კარგად ვენტილირებად პალატაში, სადაც ვერ აღწევს ხმაური. საწოლთან მუდმივად უნდა მორიგეობდეს ბებიაქალი, რომელიც ექიმის ხელმძღვანელობით ახორციელებს სამკურნალო-ჰიგიენური ღონისძიებების კომპლექსს).
  • არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი სისხლძარღვთა სპაზმის მოხსნას;
  • დეჰიდრატაციულ თერაპიას, რომელიც აძლიერებს დიურეზს, ხელს უშლის ტვინის შეშუპებასა და ჰიპერტენზიის განვითარებას (ლაზიქსი, ფუროსემიდი, მანიტოლი);
  • ვენაში წვეთოვანი სახით ცილოვანი (ალბუმინი, პროტეინი, მშრალი პლაზმის ხსნარი) პრეპარატების შეყვანას, დეტოქსიკაციისთვის გლუკოზა-ნოვოკაინის ხსნარის, რეოპოლიგლუკინის, ჰემოდეზის გადასხმას;
  • ოქსიგენოთერაპიას – ჟანგბადით სუნთქვას.

ჩამოთვლილი მეთოდების არასათანადო ეფექტიანობის შემთხვევაში ნაჩვენებია ადრეული მშობიარობა ან საკეისრო კვეთა.
ეკლამფსიის შეტევაგადატანილ ორსულებს განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდებათ. მშობიარობის შემდეგ მათ ყოველდღიურად უზომავენ არტერიულ წნევას, ყოველ მეორე-მესამე დღეს უკეთებენ შარდის ანალიზს, აკვირდებიან მელოგინის საერთო მდგომარეობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებას და სასაქესო ორგანოების ინვოლუციის პროცესს. ეს საჭიროა მშობიარობის შემდგომი სეპტიკური და სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად. ახალშობილებს არცთუ იშვიათად დაქვეითებული აქვთ სენშეუვალობა ინფექციების მიმართ, ამიტომ ახლობლებისა და პედიატრის განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

 

 

ეზოფაგიტი – oesophagitis – эзофагит

ეზოფაგიტი საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესია. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მის მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს, მიზეზის კვალობაზე – ალიმენტურს (იწვევს მეტისმეტად ცხელი ან ცივი, უხეში საკვების, ალკოჰოლის მიღება), პროფესიულს (მჟავას, ტუტეს ან მძიმე მეტალის ორთქლის ჩასუნთქვის შედეგია), შეგუბებითს (იწვევს საყლაპავში საკვების დიდხანს გაჩერება დივერტიკულის, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნის, სტენოზის, კარდიის აქალაზიის შემთხვევაში), ალერგიულს (ხშირია ბავშვებში საკვებისმიერი ალერგიის დროს, მოზარდებში ბრონქული ასთმის დროს), დისმეტაბოლურს (ვითარდება პოლიჰიპოვიტამინოზის, რკინის დეფიციტის, კანის დიდი ფართობის დამწვრობის, პორტული ჰიპერტენზიის ფონზე), პეპტიურს და რეფლუქს-ეზოფაგიტს (განაპირობებს კუჭის წვენის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის განუწყვეტელი უკუგადმოსროლა).
თითქმის ყოველგვარი ეზოფაგიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი მკერდის ძვლის უკან და ირადიაცია ზურგისა და ზედა კიდურებისკენ. ეს შეგრძნება ძალიან ჰგავს სტენოკარდიულ ტკივილს და ძლიერდება საკვების მიღებისას. დამახასიათებელია ტკივილის კავშირი ჭამასთან და დისფაგია.
რეფლუქს-ეზოფაგიტის (გასტროეზოფაგურ-რეფლუქსური დაავადების) განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის დისფუნქცია, იშვიათად – დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი. საყლაპავის მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევას თან სდევს კუჭიდან გადმოსროლილი მჟავე მასის შეკავება და ხანგრძლივი კონტაქტი საყლაპავის ლორწოვანთან, რაც განაპირობებს კიდეც რეფლუქს-ეზოფაგიტის განვითარებას. მას ახასიათებს: ჭამასთან დაკავშირებული გულძმარვა, რომელიც წოლისას, დახრისას და ფიზიკური დატვირთვისას ძლიერდება; წამოღებინება მჟავე ან ნაღვლის შემცველი შიგთავსით; დისფაგია, რომელიც მცირდება ანტაციდების ან ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღების შემდეგ; ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც სტენოკარდიისგან დიფერენცირებას მოითხოვს; ღამის ხველა ან ასთმის შეტევები, რომელთა კუპირება ანტირეფლექსური თერაპიით შეიძლება.

დიაგნოზი დაისმის ენდოსკოპიური გამოკვლევის საფუძველზე. ზოგჯერ საჭიროდ მიიჩნევენ ბიოფსიური მასალის შესწავლას და დღეღამურ pH-მეტრიას, რომლის საშუალებითაც ხდება ატიპური სიმპტომების (მათ შორის – გულის არეში აღმოცენებული ტკივილი) დიფერენცირება.
მკურნალობის წამყვანი კომპონენტებია კვების რეჟიმის დაცვა და ცხოვრების ნირის შეცვლა. კერძოდ, საჭიროა კვება რეგულარულად და მცირე ულუფებით, ალკოჰოლზე უარის თქმა, ცხიმის შეზღუდვა, 10-15-საათიანი ძილი შემაღლებულ სასთუმალზე.
მედიკამენტებიდან ინიშნება ანტაციდები, პროკინეტიკები და ანტისეკრეტორული საშუალებები, ეროზიული ეზოფაგიტის შემთხვევაში – პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (იხ. რეფლუქსი).

 

 

ეგზოსტოზი – exostosis – экзостоз

ეგზოსტოზი არის ხაზოვანი, სფერული ან სხვაგვარი ფორმის ერთეული ან მრავლობითი არასიმსივნური, ძვლოვანი ან ძვლოვან-ხრტილოვანი წანაზარდი ძვლის ზედაპირზე. ის ნელ-ნელა იზრდება, არც მტკივნეულია და არც სხვაგვარ დისკომფორტს იწვევს, ამიტომ უმეტესად შეუმჩნეველი რჩება. აღმოაჩენენ შემთხვევით, რენტგენოლოგიური კვლევისას, ან მაშინ, როცა წანაზარდი შესამჩნევი ხდება.
ეგზოსტოზის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება და გაზრდილი ძვლოვანი ქსოვილის მოკვეთას ითვალისწინებს.

 

ეგზემა – eczema – экзема

ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს. სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ეცზეო, რაც დუღილს ნიშნავს – მწვავე ეგზემის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, მრავალრიცხოვანი, გამჭვირვალე სითხის შემცველი გამონაყარი, მართლაც წააგავს მდუღარე სითხის ბუშტუკებს.
ეგზემის მიზეზი უცნობია. დაავადების წარმოქმნის მექანიზმს საფუძვლად უდევს ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილება, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის (უპირატესად – ცენტრალური და ვეგეტაციური ნერვული სისტემის) ფუნქციური დარღვევებით. ამ დარღვევების მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ეგზემით დაავადებულებში ერთობ თვალსაჩინოდ არის გამოხატული.
ენდოგენური ფაქტორების არსებობისას (ნერვული და ენდოკრინული სისტემების, ღვიძლის, ნაწლავების ფუნქციის მოშლის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში) ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს ეგზოგენური გამღიზიანებლები, რომლებსაც ორ ჯგუფად – ჩვეულებრივ ანუ ბანალურ გამღიზიანებლებად და ალერგენებად ყოფენ.
ბანალური გამღიზიანებელია სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური აგენტი, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე საყოფაცხოვრებო თუ პროფესიულ პირობებში. მათ შორის – მეტეოროლოგიური ფაქტორები (სიცივე, სიცხე, ქარი, მზის სხივები), წყალი, საპონი, მჟავები, ტუტეები.
ენდოგენური დარღვევებისა და ეგზოგენური გამღიზიანებლების კომპლექსი განაპირობებს ორგანიზმის მგრძნობელობის მომატებას (სენსიბილიზაციას) გარე გამღიზიანებლების მიმართ.
ალერგენები ისეთი გამღიზიანებლების მრავალრიცხოვანი ჯგუფია, რომლებიც ორგანიზმზე ერთჯერადი მოქმედებისას შესამჩნევ ცვლილებებს არ იწვევს, მაგრამ ხანგრძლივი, მრავალჯერადი ზემოქმედებისას ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლას – სენსიბილიზაციას განაპირობებს. ალერგენების მაგალითად გამოდგება ორგანული ნივთიერებები: სკიპიდარი, საღებავები, ნიკელის, ქრომის მარილები და სხვა.
სენსიბილიზაციის დასაწყისში შესაძლოა ორგანიზმი რომელიმე ერთ გამღიზიანებელზე რეაგირებდეს. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ორგანიზმის რეაქტიულობა იცვლება და იწყება რეაგირება მრავალ სხვადასხვა, მათ შორის – ბანალურ გამღიზიანებლებზეც კი.
ენდოგენური ფაქტორებიდან აღსანიშნავია ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, რომლის მნიშვნელობაზეც მიუთითებს ქავილისა და წვის შეგრძნებები და თერმორეგულაციის დარღვევა.
დაავადებულთა ალერგიულ მდგომარეობას შესაძლოა ხელი შეუწყოს ქრონიკული ინფექციის კერებმა (ტონზილიტმა, სინუსიტმა, ქოლეცისტიტმა, აპენდიციტმა, პროსტატიტმა, კოლიტმა). აგრეთვე – სოკოვანი დაავადების გამწვავებამ, ნაწლავთა პარაზიტების ცხოველმყოფელობის პროდუქტებმა და ა.შ. გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი განწყობა დაავადების მიმართ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ დაავადების ოთხ კლინიკურ ფორმას: ჭეშმარიტს, სებორეულს, მიკრობულსა და პროფესიულს. ჭეშმარიტი ეგზემის კლინიკური სურათი იწყება კანის მეტ-ნაკლებად გამოხატული შეშუპებით და ანთებით (ერითემული სტადია), რასაც თან სდევს ინტენსიური ქავილი. ამ ფონზე ჩნდება მრავალრიცხოვანი წვრილი, წერტილოვანი, იშვიათად – მსხვილი კვანძი (კვანძოვანი სტადია) და გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები (ბუშტუკოვანი სტადია), თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეგზემა მხოლოდ შეშუპებით და ანთებითი სიწითლით მიმდინარეობს. ბუშტუკები სკდება და შიშვლდება კანის სველი ზედაპირი. სითხე გამოიჟონება წვრილი ელემენტებიდან და ვრცლად ფარავს კერებს. ამ სტადიაზე დაავადებას სველ ეგზემას უწოდებენ. სითხე თანდათან შრება და თავდაპირველად – ნახევრად გამჭვირვალე-მოყვითალო, შემდეგ კი სქელ მორუხო ან მოყავისფრო ლაქებად გარდაიქმნება (ქერქოვანი სტადია). რამდენიმე დღის შემდეგ ქერქი კანის ზედაპირს სცილდება და მის ქვეშ ჩნდება ღია ვარდისფერი სადა, ნაზი, ოდნავ პრიალა ეპიდერმისით დაფარული კანი, რომელიც იწყებს აქერცვლას (აქერცვლისა და ეპითელიზაციის სტადია). ანთებითი პროცესი თანდათან სუსტდება და კანი ბუნებრივ ელფერს იღებს. ზოგჯერ კერაში მუქი შეფერილობის ლაქა რჩება. შესაძლოა, პროცესი განვითარების რომელიმე (ნებისმიერ) სტადიაზე შეჩერდეს, უკუგანვითარდეს და რამდენიმე ხანში განკურნებით დასრულდეს. შესაძლოა, კერაში ერთდროულად სხვადასხვა ნიშანმა იჩინოს თავი. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ გამონაყარი პოლიმორფულია.

ჭეშმარიტი ეგზემის კერა სხვადასხვა ზომისაა, აქვს არცთუ მკვეთრად გამოხატული საზღვრები, ახასიათებს უპირატესად სიმეტრიულობა და ჩნდება ხელის ზურგზე, წინამხრებზე, ტერფების ზემოთა ზედაპირზე, ბავშვებში – სახეზე, ტანზე, გულმკერდზე და ნებისმიერ სხვა მიდამოში. ჭეშმარიტი ეგზემის ლოკალიზაცია დაავადების მორფოლოგიურ სურათზე გავლენას არ ახდენს. გამონაკლისია ხელისგულები და ფეხისგულები, სადაც კანის აგებულების თავისებურებების (რქოვანას სისქის) გამო დაავადება სხვაგვარი ფორმით ვლინდება. მას დისჰიდროზულ ეგზემას უწოდებენ. ამ დროს ხელისგულებისა და ფეხისგულების, თითების გვერდითა ზედაპირებზე ჩნდება მრავალი წვრილი ბუშტუკი. ეპიდერმისის სისქის გამო ანთებითი ფონი ამ ადგილებში ძლიერ სუსტად არის გამოხატული. ბუშტუკები ან იხსნება, ან ხმება და ბრტყელ მოყვითალო ფუფხად იქცევა. დისჰიდროზული ეგზემის კერა მკვეთრად არის შემოსაზღვრული ჯანმრთელი კანისგან. დაზიანების კერა შესაძლოა გაფართოვდეს და გადავიდეს ხელის მტევნებსა და ტერფების ზემოთა ზედაპირზე, სადაც პროცესი ჭეშმარიტი ეგზემის ტიპურ კლინიკურ სურათს შექმნის.
სახელწოდება `დისჰიდროზული~ ოფლის გამოყოფის დარღვევით მიმდინარეს ნიშნავს, თუმცა საოფლე ჯირკვლები ამ დროს ნორმალურად ფუნქციონირებს.
გახანგრძლივების შემთხვევაში მწვავე ეგზემამ შესაძლოა ქვემწვავე ან ქრონიკული ხასიათი მიიღოს.
ქრონიკული ეგზემა გახანგრძლივებული მორეციდივე ეგზემის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს და დამოუკიდებლადაც. ქრონიკული ეგზემის შემთხვევაში სისველე სუსტად არის გამოხატული ან სრულებით არ აღინიშნება. ქრონიკული ეგზემის მთავარი ნიშნებია კანის ინფილტრაცია, ლიქენიფიკაცია და აქერცვლა. ბუშტუკოვანი ელემენტები მხოლოდ პროცესის გამწვავებისას ჩნდება.
სებორეული ეგზემა, რომლის წინარე მდგომარეობა სებორეაა, უმთავრესად ლოკალიზებულია ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებზე: თავის თმიან ნაწილზე, ყურის ნიჟარებზე, სახეზე, შუბლის, საფეთქლების, ცხვირ-ლოყის ნაოჭებში, გულმკერდსა და ბეჭთაშუა არეებში, იღლიისქვეშა ფოსოში, საზარდულის, ჭიპის მიდამოებში, ზემო და ქვემო კიდურების მომხრელ და გვერდით ზედაპირებზე. პროცესი თავის თმიანი ნაწილიდან იწყება. ამ უბანზე სისველის შედეგად დიდი რაოდენობის ქატოსებრ, მონაცრისფრო-მოთეთრო ქერცლთან ერთად გროვდება უხვი ქერქი, რომელიც ზოგჯერ მთელ თავს ფარავს. ყურის ნიჟარების უკან კანი შეშუპებული, წითელი და სველია, დაფარულია ქერქით. ყურებს უკანა ნაოჭებში მტკივნეული ნაპრალებია, სისველის პერიოდებს ცვლის კანის მეტისმეტი სიმშრალის პერიოდები. სებორეული ეგზემის მძიმე შემთხვევაში იქ, სადაც დაზიანება უფრო ინტენსიურია, თმა ცვივა. პროცესს თან სდევს ქავილი, წვა, ზოგჯერ – ტკივილი, თუმცა შესაძლოა, სებორეული ეგზემა თითქმის სუბიექტური შეგრძნებების გარეშე მიმდინარეობდეს.
მიკრობული ეგზემა ვითარდება პიოდერმიის, სოკოვანი დაავადების (მიკოზური ეგზემა), ინფიცირებული ტრავმის, ჭრილობის, დამწვრობის (პარატრავმული ეგზემა), ქვემო კიდურების სისხლის მიმოქცევის მოშლის, ტროფიკული წყლულის (ვარიკოზული ეგზემა) მეორეული ეგზემატიზაციის შედეგად. ჭეშმარიტი ეგზემისგან განსხვავებით, დაავადება გამოირჩევა ასიმეტრიული განლაგებით (ანთებითი შეშუპებული კანი დაფარულია წვრილი ბუშტუკებით ან ჩირქოვანი ელემენტებით), მკაფიოდ გამოხატული საზღვრებით, ჩვეულებრივ, იოლად ექვემდებარება მადეზინფიცირებელი საშუალებებით მკურნალობას, რომელთა გამოყენება ჭეშმარიტი ეგზემის დროს გაღიზიანებას იწვევს. დაზიანება ლოკალიზებულია წვივებისა და ჭიპის გარშემო, სარძევე ჯირკვლების ქვეშ.
ვარიკოზული ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება ტრავმები და სენსიბილიზაცია ვარიკოზული დაავადების სამკურნალო პრეპარატების მიმართ.
პროფესიული ეგზემა ჭეშმარიტისგან კლინიკურად არ განსხვავდება. იგი ვითარდება საწარმოო ალერგენებთან მრავალჯერადი კონტაქტის შედეგად, რომელიც წლობით გრძელდება. თავდაპირველად კანის ანთებით რეაქციას ალერგენის ზემოქმედების ადგილებზე ალერგიული დერმატიტის ხასიათი აქვს და ალერგენის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ მალევე უკუვითარდება. ალერგენთან კონტაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში დაავადება უფრო მდგრადი ხდება. ამ დროს მოსალოდნელია გამწვავება არამარტო საწარმოო გამღიზიანებელზე.
პროფესიული ეგზემის გახანგრძლივებისას შესაძლოა გამოვლინდეს ორგანიზმის სენსიბილიზაცია არა მარტო საწარმოო, არამედ საყოფაცხოვრებო გამღიზიანებლებზეც.

ბავშვებში ეგზემა ვლინდება ჭეშმარიტი, სებორეული და მიკრობული ფორმებით. შესაძლოა კომბინირებული განვითარებაც – სხვადასხვა ადგილას დაავადება სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი.
მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს ნერვული, ენდოკრინული დარღვევების ლიკვიდაციას, ქრონიკული ინფექციის კერების სანაციას, ჰიპოალერგენულ დიეტას. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასაკი და თანმხლები დაავადებანი შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, პროფესია, ცხოვრებისა და კვების რეჟიმი, მავნე ჩვევები.
ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად ინიშნება სედაციური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, განგლიობლოკატორები (ვალერიანის ექსტრაქტი, სედუქსენი, ამინაზინი). ჰიპოსენსიბილიზაციისთვის ანუ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის შესამცირებლად ინიშნება კალციუმის ქლორიდისა და ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარები. ფართოდ გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები (როგორც საინექციოდ, ისე შინაგანად) და ვიტამინები (უპირატესად – B ჯგუფისა).
დაავადების მყარი და მძიმე ფორმების შემთხვევაში სისტემური დანიშნულების კორტიკოსტეროიდულ თერაპიასაც მიმართავენ.
განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება რაციონალურ დიეტას. რეკომენდებულია მარილიანი, ცხარე, შებოლილი საკვების, შოკოლადის, კაკაოს, კვერცხის, ნიგვზისა და ციტრუსების შეზღუდვა. უკუნაჩვენებია ალკოჰოლი და თამბაქო.

ადგილობრივი მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, კლინიკურ ფორმაზე, ამა თუ იმ სამკურნალო საშუალების მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. სისველის სტადიაში ანთებითი მოვლენებისა და შეშუპების შესამცირებლად ინიშნება გამაგრილებელი (რეზორცინის, ბორის მჟავას, რივანოლის) საფენები, ზედაპირის შეშრობის შემდეგ – გოგირდისა და კუპრის მალამოები, კორტიკოსტეროიდული მალამოები. მიკრობული ეგზემის შემთხვევაში ინიშნება იგივე მალამოები ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად. ადგილობრივი მკურნალობისთვის იყენებენ ფიზიოთერაპიულ საშუალებებსაც: ულტრაიისფერ სხივებს, ელექტროფორეზს, პარაფინის აპლიკაციებს და სხვა. რემისიის პერიოდში რეკომენდებულია კურორტული მკურნალობა (წყალტუბო, ურეკი).

 

 

დუოდენიტი – duodenitis – дуоденит

დუოდენიტი თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით-დისტროფიული დაავადებაა. ამ დროს თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის, ხოლო მისი ჯირკვლოვანი აპარატი – განუწყვეტელ ატროფიას. დუოდენიტი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და მეტწილად მამაკაცებს შორის გვხვდება.
დუოდენიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
მწვავე დუოდენიტი, წესისამებრ, მიმდინარეობს კუჭისა და ნაწლავების მწვავე ანთებასთან ერთად მწვავე გასტროენტერიტის, გასტროენტეროკოლიტის სახით. განასხვავებენ მის კატარულ, ეროზიულ-წყლულოვან და ფლეგმონურ ფორმებს. მწვავე დუოდენიტი შეიძლება გამოიწვიოს საკვებისმიერმა ინტოქსიკაციამ – იმ ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლამ, რომლებიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელ ზემოქმედებას ახდენს, ასევე – მწარე და ცხარე საკვების ჭარბმა მიღებამ, ალკოჰოლიანმა სასმელებმა, თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის უცხო სხეულით დაზიანებამ.
მწვავე დუოდენიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, ძლიერი სისუსტე. ეპიგასტრიუმის მიდამოში შეხება მტკივნეულია. დიაგნოზი დასტურდება დუოდენოფიბროსკოპიით, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში ანთებით ცვლილებებს ავლენს.
ფლეგმონური ფორმის დროს ავადმყოფის მდგომარეობა სწარაფად უარესდება. ეპიგასტრიუმის არეში კუნთები დაჭიმულია. ტემპერატურა იმატებს. მომატებულია ედს-იც. ამ დროს ზონდირება და დუოდენოფიბროსკოპია უკუნაჩვენებია.
მწვავე კატარული და ეროზიულ-წყლულოვანი დუოდენიტი, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში თვითგანკურნებით სრულდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის განმეორებად ხასიათს იღებს და ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. ფლეგმონური დუო¬დენიტის პროგნოზი კი მძიმეა: მოსალოდნელია ნაწლავებიდან სისხლდენა, ნაწლავის კედლის პერფორაცია, მწვავე პანკრეატიტი.
ქრონიკული დუოდენიტი შეიძლება იყოს პირველადიც, როდესაც თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება დამოუკიდებლად ვითარდება, და მეორეულიც, როდესაც ის სხვა დაავადებით არის განპირობებული. უკანასკნელ შემთხვევაში დუოდენიტი შერწყმულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ორგანოების პათოლოგიასთან, მაგალითად, გასტრიტთან, წყლულოვან დაავადებასთან, პანკრეატიტთან, ქოლეცისტიტთან.
დუოდენიტის დროს ანთებითი პროცესი შეიძლება მთელ ნაწლავზე გავრცელდეს. ასეთ შემთხვევაში ანთებას დიფუზურს უწოდებენ. თუ ანთებითი პროცესი თორმეტგოჯა ნაწლავის რომელიმე ნაწილზეა ლოკალიზებული, დუოდენიტი ლოკალურია.
პირველადი ქრონიკული დუოდენიტი იშვიათია. მის მიზეზად შეიძლება იქცეს კვების რეჟიმის დარღვევა (არარეგულარული კვება, ცხარე საკვების მიღება, არასრულფასოვანი ღეჭვა, მაგარი ალკოჰოლური სასმელების, მაგარი ყავის ან ჩაის ჭარბი მოხმარება). გამაღიზიანებელი საკვების მიღებისას იმატებს კუჭის წვენის მჟავიანობა და მისი ნეგატიური ზემოქმედება თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე. იშვიათად პირველადი ქრონიკული დუოდენიტი მწვავე ფორმის შემდეგ ვითარდება. მის განვითარებას ხელს უწყობს თამბაქოს წევა – სიგარეტის კვამლში არსებული ნივთიერებები ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და თრგუნავს თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე რეაქციის მქონე სეკრეტის პროდუქციას.
მეორეული ქრონიკული დუოდენიტი შედარებით ხშირად გვხვდება. მას სხვადასხვა მიზეზი აქვს: ჰელიკობაქტერიული ინფექცია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი. შესაძლოა, განვითარდეს ალერგიული დაავადების, ნაწლავებსა და სანაღვლე გზებში გლისტების არსებობის, თორმეტგოჯა ნაწლავში სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე სხვა პათოლოგიების დროსაც.
ჰელიკობაქტერიული ინფექციისას ანთებითი პროცესის დასაწყისსა და გაქრონიკულებაში ჰელიკობაქტერიის დამაზიანებელ ზემოქმედებას მიუძღვის ბრალი. რაც შეეხება ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკულ დაავადებებს, ამ დროს ფერმენტების ბალანსი ირღვევა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი მათ აგრესიულ ზემოქმედებას განიცდის. ანთებითი პროცესი მხოლოდ ლორწოვანი გარსის ზედა შრეზე ვრცელდება. ლორწოვანი გარსი შუპდება, უჯრედთა კვება ირღვევა და უჯრედები განილევა.
დიფუზური დუოდენიტის დროს დისტროფიული პროცესი ვრცელდება ლორწოვანი გარსის მთელ სისქეზე და მოიცავს თორმეტგოჯა ნაწლავის ჯირკვლებს. ამ დროს სეკრეტორული ფუნქცია შესაძლოა მომატებულიც კი იყოს.
ანთების ერთ-ერთ ფორმას, ატროფიულ დუოდენიტს, ნაწლავის ლორწოვანი გარსის განლევა და მისი სეკრეტორული ფუნქციის დათრგუნვა ახასიათებს.
გვხვდება ეროზიული დუოდენიტიც, რომლის დროსაც ნაწლავის ლორწოვან გარსზე წვრილ-წვრილი ზედაპირული წყლულები ჩნდება.
ქრონიკული დუოდენიტი შეიძლება მიმდინარეობდეს წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის მსგავსი ან შერეული სიმპტომებით. არსებობს დაავადების ფარული ფორმაც, რომლის დროსაც ავადმყოფს, ფაქტობრივად, არაფერი აწუხებს.
ქრონიკული დუოდენიტის დროს ავადმყოფი უჩივის ყრუ, მჩხვლეტ ან სპაზმურ ტკივილს კუჭის ქვედა არეში. ზოგჯერ ეს შეგრძნება ჭიპის მიდამოსაც გადაეცემა. ტკივილი, წესისამებრ, აღმოცენდება ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ. აყუჩებს ანტაციდური პრეპარატების ან საკვების მიიღება. ზოგჯერ კუჭში ჩნდება სიმძიმის შეგრძნებაც.
თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილის ანთება შესაძლოა კუჭის წყლულოვან დაავადებას ჰგავდეს, ქვედა ნაწილისა კი ქოლეცისტიტის ან პანკრეატიტის მსგავსი ჩივილებით მიმდინარეობს. იშვიათად აღინიშნება ღებინება, შედარებით ხშირად – ბოყინი ან გულძმარვა. ზოგჯერ თავს იჩენს მოულოდნელი შიმშილის გრძნობა.
ხშირია შემთხვევა, როდესაც დუოდენიტს თან სდევს ცვლილებები ვეგეტაციური ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, ოფლიანობა, თავბრუხვევა, რომლებიც თავს იჩენს ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. ენაზე ჩნდება ნადები, მკერდის ძვლის ქვედა არის შეხება მტკივნეულია.
ქრონიკული დუოდენიტის დიაგნოზი დაისმის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის რენტგენოსკოპიული გამოკვლევისა და ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის საფუძველზე. გარდა ამისა, ტარდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სეკრეტორული ფუნქციის კვლევა, დუოდენალური ზონდირება.
ქრონიკული დუოდენიტის მკურნალობისას, პირველ ყოვლისა, დიეტა ინიშნება. გამწვავების პერიოდში დიეტა დამზოგველი უნდა იყოს, რათა ლორწოვანი გარსი მექანიკური, თერმული და ქიმიური გამღიზიანებლებისგან დავიცვათ. საჭიროა კვება დღეში 5-6-ჯერ. მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს ანტაციდური, მარილმჟავას სეკრეციის დამაქვეითებელი, თორმეტგოჯა ნაწლავის უჯრედთა რეგენერაციის გამაძლიერებელი და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის მარეგულირებელის პრეპარატების მიღებას. მეტად ეფექტურია ფიზიოთერაპიული მკურნალობა. რეკომენდებულია სანატორიულ-კურორტული თერაპია.
დუოდენიტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს რეჟიმულ კვებას, ალკოჰოლისგან თავის შეკავებას, დუოდენიტის მაპროვოცირებელი დაავადებების მკურნალობას.

 

 

დიფთერია – diphtheria – дифтерия

დიფთერია ინფექციური დაავადებაა, რომელსაც დიფთერიის ტოქსინი იწვევს. ტოქსინებს Corynebacterium diphtheridae-ს ტოქსიგენური შტამები გამოიმუშავებს. დიფთერიის გამოწვევა არატოქსიგენურ გამომწვევებსაც შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში დაავადების კლინიკური მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია. ინფექციის წყაროა ადამიანი, რომელიც გადამდებია დაავადების პირველივე დღიდან ავადმყოფობის დასასრულამდე, ზოგჯერ – მის შემდეგაც. დიფტერიის ბაქტერიები ცხვირ-ხახის ლორწოვანზე ბინადრობენ და ხველის, ცემინების, კოცნის დროს ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდებიან. ბაქტერია გარემოში დიდხანს ძლებს, ამიტომ ავადმყოფის სათამაშოებმა, ჭურჭელმა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებმა შესაძლოა ჯანმრთელი ბავშვი დაასნებოვნოს.

დაავადება ხშირია შემოდგომაზე და ზამთარში. დიფთერიით უმეტესად ის ბავშვები და მოზარდები ხდებიან ავად, რომელთაც სწორად არ ჩაუტარდათ ან საერთოდ არ ჩასტარებიათ დიფტერიის საწინააღმდეგო აცრა. აუცრელი ადამიანის ორგანიზმში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, არცთუ იშვიათად ვითარდება ძლიერი ინტოქსიკაცია, ყელისა და სასუნთქი გზების ანთება და ისეთი მძიმე გართულებები, როგორიც არის ხორხის შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, გულის, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება. წინათ დიფთერია ხშირად იწვევდა სიკვდილს. რამდენიმე ათეული წელია, გეგმური აცრების შედეგად ავადობა და სიკვდილიანობა, ფაქტობრივად, აღმოიფხვრა, თუმცა გვხვდება ერთეული, ზოგჯერ – დაგვიანებით ნამკურნალევი და მძიმედ მიმდინარე შემთხვევები.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დიფთერიის ფარული პერიოდი 2-დან 10 დღემდე გრძელდება. განასხვავებენ მის შემდეგ ფორმებს:

  • ხახის დიფთერიას;
  • სასუნთქი გზების დიფთერიას;
  • ცხვირის დიფთერიას;
  • იშვიათი ლოკალიზაციის (კანის, გარეთა სასქესო ორგანოების) დიფთერიას.

ყველაზე ხშირია დიფთერიის ხახის ფორმა. თავდაპირველად ის ზოგადი სიმპტომებით: საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, მუცლის ტკივილით, ყლაპვის გაძნელებით, უმადობით, ტემპერატურის უმნიშვნელო მატებით ვლინდება. ინფიცირებული ბავშვი ფითრდება, ხახა, ნუშურა ჯირკვლები და სასა შეწითლებული აქვს, დიდი ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლები – გადიდებული, გულისცემა – გახშირებული. გადიდებულ ნუშურა ჯირკვლებზე ჩნდება დამახასიათებელი აპკოვანი ნადები, რომელსაც აქვს ჭუჭყიანი რუხი ფერი, მკვრივი კონსისტენცია და იმდენად მჭიდროდ არის შეზრდილი ქვეშ მდებარე ქსოვილთან, რომ მოცილებისას სისხლდენაც კი იწყება. დაავადების ხანგრძლივობის კვალობაზე, აპკოვანი ნადები სხვადასხვა ფართობს იკავებს, ხოლო ფერი მოყვითალო-მორუხოდან კრემისფრამდე იცვლება. ავადმყოფი თავს ძალიან ცუდად გრძნობს, შესაძლოა, აღებინოს კიდეც, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მცირე ასაკის ბავშვებს ეს სიმპტომები დაავადების სრულ განვითარებამდე არც კი უვლინდებათ.
თუ ხახის დიფტერია დროულად არ იქნა ამოცნობილი, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები 6-7 დღე გრძელდება, მეორე კვირიდან კი თითქოსდა გამოჯანმრთელება იწყება: ტემპერატურა ნორმას უბრუნდება, ნადები შორდება ლორწოვანს (ავადმყოფი ამ ნადებს ან გადმოაფურთხებს, ან ყლაპავს), მაგრამ სიფითრე და აჩქარებული პულსი რჩება. თითქოსდა განკურნებულ ავადმყოფს შესაძლოა აღმოაჩნდეს უმძიმესი გართულებები მიოკარდიტისა და დამბლის სახით.
ცხვირის დიფთერია გაცილებით იშვიათია და მცირე ასაკის ბავშვებშიც გვხვდება. ამ დროს ცხვირიდან მოედინება ლორწოვან-ჩირქოვანი, სისხლიანი სითხე, ცხვირით სუნთქვა ჭირს, ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია.
ხორხის დიფთერია (კრუპი) იწყება ტემპერატურის მატებით, ხმის ჩახლეჩით, უხეში მყეფავი ხველით. ბავშვი ხმას მალე კარგავს. ვითარდება დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), ინტოქსიკაცია. ხორხისა და საყლაპავის შეშუპება იწვევს სუნთქვის გაძნელებას. აპკმა შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად გადაფაროს სასუნთქი გზა. კისრის ლიმფური კვანძები დიდდება. მძიმე შემთხვევაში ეგზოტოქსინი აღწევს კისრის ქსოვილებში და იწვევს მათ შეშუპებას (ე.წ ხარის კისერს). თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა და სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, ნადებისა და ძლიერი შეშუპების გამო სუნთქვის უკმარისობა გაძლიერდება, ბავშვი თანდათან დასუსტდება, გალურჯდება და შესაძლოა, დაიხრჩოს.

გართულებები. თუ ანტიტოქსინის შეყვანა დაგვიანდა, მოსალოდნელია შემდეგი გართულებების განვითარება:

  • ბაქტერიის ტოქსიკური მოქმედების შედეგად მინიმუმ – 3-14 დღეში, მაქსიმუმ – 4-7 კვირაში შესაძლოა განვითარდეს გულის კუნთის მძიმე დაზიანება (ტოქსიკური მიოკარდიტი), რომელიც ხშირად ლეტალურად სრულდება. ამ გართულების ალბათობა 50%-ს შეადგენს.
  • მოსალოდნელია გულის უკმარისობა და უეცარი სიკვდილი.
  • ავადმყოფების 20-30%-ს კარდიოგრამაზე აღენიშნება უმნიშვნელო ცვლილებები, გულის სრული ბლოკადა, პარკუჭოვანი არითმია, რომლის დროსაც ხშირია ლეტალური დასასრული.
  • მონო- ან პოლინევრიტი: რბილი სასის პარეზი (ხმის ჩახლეჩა, სასის ლაგამის ასიმეტრიული განლაგება, სასის რეფლექსის უქონლობა), თვალის მამოძრავებელი კუნთის პარეზი (მხედველობის აკომოდაციის დარღვევა, რომლის შედეგადაც შეუძლებელი ხდება წვრილი ნაბეჭდი შრიფტის წაკითხვა). გართულება 14-24 დღეში იჩენს თავს. მისი განვითარების ალბათობა 20%-ს შეადგენს. მეოთხე-მეხუთე კვირას მოსალოდნელია ტანის, კიდურებისა და სასუნთქი კუნთების გენერალიზებული დამბლა.
  • ტოქსიკური ნეფროზი – 5-8 დღე.
  • ტოქსიკური შოკი – პირველი 3-4 დღე.
  • პნევმონია – 2-4 კვირა.
  • ასფიქსია (სასუნთქი გზების დიფტერიის დროს) – 3-5 დღე.

ამჟამად დიფთერიის ლეტალური დასასრულის ალბათობა 10%-ს შეადგენს. უმეტესად იღუპებიან 5 წლამდე ასაკისა და 40 წელს გადაცილებული პაციენტები.
სპონტანური გამოჯანმრთელება მიმდინარეობს ნელა, კვირების განმავლობაში. დაავადების გვიანდელ ეტაპზე ანტიტოქსინის ან კორტიკოსტეროიდების დანიშვნა მიოკარდიტსა და დამბლას ვერ ამსუბუქებს.

მკურნალობა. დიფთერიის ეჭვის შემთხვევაში ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საავადმყოფოში. დიფტერიის საწინააღმდეგო შრატით დროული მკურნალობა მოკლე ხანში გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს. კრუპის შემთხვევაში საჭიროა ხორხში სპეციალური მილის ჩადგმა (ინტუბაცია) ან სხეულის გარედან გაკვეთა (ტრაქეოტომია).

პროფილაქტიკა. დიფთერიის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა აცრაა. დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა იწვევს ანტიტოქსიკური ანტისხეულების წარმოქმნას, რაც დიფთერიის კლინიკურ გამოვლენას შეუძლებელს ხდის. ეფექტი 95-100%-ში მიიღწევა. დაავადების შემთხვევაში დითტერია მსუბუქად მიმდინარეობს. ვაქცინის მოქმედების პერიოდი 10 წელია.

 

 

დისპლაზია – dysplasia – дисплазия

დისპლაზია ქსოვილის ან ორგანოს განვითარების დარღვევაა. ხშირია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ, მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზია. ის ჩვენში სამხარეო პათოლოგიად მიიჩნევა – საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში იყო აღრიცხული.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება ემბრიონის განვითარების მე-4-5 კვირას იწყება, ხოლო მისი საბოლოო ფორმირება მას შემდეგ ხდება, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს. დარღვევა შეიძლება მოხდეს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ყველაზე ხშირად მისი მიზეზი გენეტიკური დეფექტია. თუ ბავშვის დედას ან მის რომელიმე ნათესავს ჩვილ ასაკში ან ბავშვობაში ორთოპედიული პრობლემები ჰქონდა, ასეთი გადახრის მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა დიდია. განსაზღვრულ როლს ასრულებს გარეგანი ფაქტორები და ორსულობის დროს დედის ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული დარღვევები.
ორთოპედიაში დისპლაზიური სინდრომის ცნება გულისხმობს შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევას, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს შემაერთებელი ქსოვილის სისუსტესთან შერწყმული სახსრების ჰიპერმობილურობის (ჭარბი მოძრაობის) სახით. დისპლაზია დამოუკიდებელი დიაგნოზი არ არის. ის მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება.

დისპლაზიის ერთ-ერთ კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს ბარძაყის თავის ამოვარდნილობა. განასხვავებენ მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილების ურთიერთდამოკიდებულების დარღვევის სამ ძირითად ფორმას: ბარძაყის წინარეამოვარდნილობას, ბარძაყის ქვეამოვარდნილობას და ბარძაყის ამოვარდნილობას. განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს დისპლაზიური, მოუმწიფებელი მენჯ-ბარძაყის სახსარი (ხშირად ბარძაყის თავი ცდომის გარეშეა და საგანგებო მკურნალობას არ მოითხოვს).
ბარძაყის თავის ამოვარდნილობა სახსრის შემადგენელი ელემენტების განუვითარებლობაა. ის უმთავრესად მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება და გოგონებში 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ვაჟებში. ხშირია ჯდომით წინმდებარეობით დაბადებულ და მცირეწონიან (2500 გ-ზე ნაკლები წონის) ახალშობილებში. ჯდომით წინმდებარეობისას სახსრებში, განსაკუთრებით – მენჯ-ბარძაყის სახსარში, მოძრაობის მოცულობა მცირდება, რაც სახსრის განუვითარებლობის წინაპირობას წარმოადგენს, მცირე მასა კი, როგორც წესი, შერწყმულია კუნთოვანი ქსოვილის სიმცირესთან, რაც სახსრის არასწორი განვითარების ალბათობას ზრდის. გარდა ამისა, ბარძაყის ამოვარდნილობის რისკფაქტორია საშვილოსნოს გინეკოლოგიური დაავადებები (საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოში შეხორცებითი პროცესები და სხვა, რამაც მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის მოძრაობის შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს).

დაავადების ნიშნები. ბარძაყის თავის ამოვარდნილობა შეიძლება დაკვირვებულმა დედამაც შეამჩნიოს. მისი ნიშნები ასეთია:

  • ბავშვს ცალი ფეხი მეორეზე მოკლე აქვს;
  • ბარძაყზე დამატებითი ნაოჭი ჩნდება;
  • დუნდულა კუნთისა და საზარდულის ნაოჭები ასიმეტრიულია
  • მენჯ-ბარძაყის განზიდვისას ბარძაყების მდებარეობა ასიმეტრიულია
  • განზიდვისას ისმის ტკაცუნი ხან მენჯ-ბარძაყის, ხან მუხლის სახსრებში.

ეს არის თანდაყოლილი ამოვარდნილობის უტყუარი ნიშნები, რომელთა აღმოჩენისთანავე დედამ ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა მიუყვანოს ორთოპედს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგვიანების გამო ბავშვი შესაძლოა დაკოჭლდეს.

დიაგნოსტიკა. ბავშვი ორთოპედმა უნდა გასინჯოს და საეჭვო შემთხვევაში მენჯ-ბარძაყის სახსრის ექსკოპიურ კვლევაზე გაგზავნოს. ეს კვლევის უვნებელი მეთოდია, რომელიც 6 თვემდე ასაკის ბავშვებს უტარდებათ. ამის შემდეგ რენტგენული კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული.

პროფილაქტიკა. პროფილაქტიკისთვის ნაჩვენებია ფართო შეხვევა: ბავშვს ფეხებს შორის უნდა ამოვუფინოთ დიდი ზომის საფენი, რაც უზრუნველყოფს მენჯ-ბარძაყის სახსრის განზიდვას და ბარძაყის თავის სწორ მდებარეობას ტაბუხის ფოსოში. სახსრების სწორი განვითარებისთვის აუცილებელია მოძრაობის ადეკვატური მოცულობა (რაც ჩვილის მჭიდროდ შეხვევისას გამორიცხულია), მოსვენებისას კი ფიზიოლოგიური მდებარეობის შენარჩუნება.

მკურნალობა. თუ ორთოპედი ამოვარდნილობის დიაგნოზს დაადასტურებს, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსურია. იყენებენ ფართო შეხვევას, გამბჯენებს (სპეციალური არტაშნით), პავლიკის თასმას, თაბაშირის ნახვევს, რაც ქმნის პირობებს სახსრის ყველა ელემენტის (ბარძაყის თავის, ტაბუხის ფოსოს) განვითარებისთვის. გამბჯენების ტარების ვადა ინდივიდუალურია და რამდენიმე თვიდან 1 წლამდე მერყეობს. მთავარია, მკურნალობა ნაადრევად არ შეწყდეს. ასევე ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპია, მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, თუმცა ისინი მკურნალობის მხოლოდ დამხმარე მეთოდებია.
რაც უფრო ადრე დაიწყება კონსერვატიული მკურნალობა, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, ბავშვს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციას, რომლის მიზანიც ბარძაყის ძვლის თავის გასწორება და მენჯ-ბარძაყის სახსრის ელემენტების ანატომიური ურთიერთმდებარეობის აღდგენაა. ქირურგიული ჩარევის მოცულობა ინდივიდუალურია (ზოგჯერ რამდენიმე ოპერაცია ხდება საჭირო). ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ხანგრძლივი ფიქსაცია, შემდეგ – აღდგენითი მკურნალობა სახსრის ადეკვატური ფიზიკური დატვირთვით, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ფიზიოთერაპია.
თუ ბარძაყის თავის ამოვარდნილობას არ ვუმკურნალეთ ან მკურნალობა ნაადრევად შეწყდა, 20 წლისთვის ან მშობიარობის შემდეგ მოსალოდნელია სახსრის ტკივილი და კოჭლობა, მოგვიანებით კი შესაძლოა კოქსართროზი განვითარდეს. ეს მეტად მძიმე დაავადებაა, თან სდევს ძლიერი ტკივილი, კოჭლობა, სახსრის მოძრაობის მოცულობის შეზღუდვა, რაც საბოლოო ჯამში ინვალიდობას იწვევს. მისი მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური სახსრის ჩადგმით, თანაც რაც უფრო გვიან გაკეთდება ოპერაცია, მით უფრო მცირეა სრული განკურნების შანსი.

ვარჯიშები. მასაჟიც და ვარჯიშიც მაგარ, ბრტყელ ზედაპირზე უნდა შესრულდეს. ყველაზე მოხერხებული ზეწარგადაფარებული მაგიდაა. მასაჟი კეთდება დღეში ერთხელ, მაშინ, როცა ბავშვი კარგ გუნებაზეა. კურსი 10-15 სეანსს მოიცავს, შემდეგ კეთდება 3-თვიანი შესვენება და კურსი მეორდება. მასაჟი ბავშვისთვის დატვირთვაა, ამიტომ შესვენება აუცილებელია. სამკურნალო კომპლექსი ტარდება დღეში 2-3-ჯერ, თითოეული ვარჯიში მეორდება 10-15-ჯერ.

  • ველოსიპედი:  ბავშვს ფეხები მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მოახრევინეთ და მოახდინეთ პედლების ტრიალის იმიტაცია.
  • ფეხების გაშლა-მოხრა: ერთი ფეხი მოხრილია მუხლში, მეორე – გაშლილი და ასე რიგრიგობით.
  • მოახრევინეთ ბავშვს ფეხები მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში, გააკეთეთ ბრუნვითი მოძრაობები – ცალი ხელით მენჯ-ბარძაყის სახსარი შეაკავეთ, მეორე ხელი მუხლში მოჰკიდეთ და მსუბუქი მიწოლით აბრუნეთ ბარძაყი გარედან შიგნით.
  • ბავშვს ფეხები მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მოახრევინეთ და ფრთხილად განუზიდეთ. ერიდეთ მკვეთრ მოძრაობას, რათა პატარას ტკივილი არ მიაყენოთ.

საუკეთესო ვარჯიშია იატაკზე ხოხვა 8 თვის ასაკიდან.

 

 

დისბაქტერიოზი ბავშვთა – disbacteriosis of children – дисбактериоз детский

ბავშვი სტერილური ნაწლავებით იბადება. ბაქტერიებით მათი დასახლება მშობიარობის პროცესშივე იწყება – საშოში ბინადრობენ ლაქტობაქტერიები, რომლებიც სამშობიარო გზების გავლისას ნაყოფის ნაწლავებში ხვდებიან. ნაწლავის დასახლება აქტიურად გრძელდება ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში, თავდაპირველად – ხსენით, შემდეგ კი დედის რძით კვებისას. სწორედ დედის რძე აძლევს ახალშობილს ყველაფერს, რაც ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო: სასარგებლო ბაქტერიებს, ანტისხეულებს, საკვებ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ჰორმონებსა და მიკროელემენტებს.
ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბების პერიოდში ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს არაფორმირებული განავალი და აწუხებდეს მუცლის შებერვა. ამ მდგომარეობას ნაწლავური დისბიოცინოზი ეწოდება და ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ადაპტაციური რეაქციაა საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებაზე. 10-14 დღის ბავშვის ნაწლავური მიკროფლორა მეტ-ნაკლებად მუდმივია (ბიფიდო- და ლაქტობაქტერიები, ნაწლავის ჩხირი, რძემჟავა ბაქტერიები, ენტეროკოკი, სტრეპტოკოკი და სხვა), მაგრამ ზოგიერთი ფაქტორის გავლენით ეს წონასწორობა შეიძლება დაირღვეს.

ჩვილთა დისბაქტერიოზის მიზეზებია: გართულებული მშობიარობა; ბაქტერიული ვაგინიტი (საშოს ლორწოვანი გარსის ანთება) და მასტიტი; ძუძუს დაგვიანებით მიცემა; რეანიმაციული ჩარევა; ნაწლავის ფიზიოლ¬ოგიური ჩამოყალიბების შეფერხება, ახალშობილის ორგანიზმში პატარ-პატარა ჩირქოვანი კერების არსებობა და ა.შ.; ძუძუს წოვის პერიოდში არახელსაყრელი პრემორბიდული ფონი; ხელოვნურ კვებაზე ნაადრევი გადაყვანა; დისპეფსიური დარღვევები; მწვავე რესპირაციული ინფექციით ხშირი ავადობა სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში; დიათეზი,  რაქიტი,  ანემია, ჰიპოტროფია; ცვლილებები ბავშვის ფსიქ¬ონევროლოგიურ სისტემაში; ინფექციური და სომატური პათოლოგიები.

სკოლის ასაკის ბავშვებში დისბაქტერიოზის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს: არარაციონალური კვება, დახურულ შენობაში (ბაღი, სკოლა) დიდხანს ყოფნა; ქრონიკული დაავადებები, მწვავე რესპირაციული ინფექციით ხშირი ავადობა; ალერგიული რეაქციები; ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია; ორგანიზმის ჰორმონული გადაწყობა; ენდოკრინოპათიები.
დისბაქტერიოზის განვითარებაზე ნებისმიერ ასაკში მოქმედებს ანტიბიოტიკების (განსაკუთრებით ფართო სპექტრის) არარაციონალური გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილები დისბაქტერიოზით უფრო ხშირად ავადდებიან. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები დედის რძის მეშვეობით იღებენ ბიფიდოგენურ ფაქტორებს, რომლებიც ნაწლავებში ბიფიდობაქტერიების გამრავლებას განაპირობებს, ეს კი ხელს უწყობს ნაწლავთა ნორმალურ ფუნქციონირებას და საჭმლის მონელებას. ხელოვნური კვების დროს ეს ვერ ხერხდება. ამიტომ არის, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს ხშირად უნიშნავენ ფერმენტებს. ჩვილისთვის ფერმენტების მიცემა ექიმის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია, რადგან მათი დანიშვნა ყოველთვის არ არის საჭირო – გააჩნია, რით იკვებება ბავშვი, თანაც ფერმენტები ვითარების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.
ბუნებრივი და ხელოვნური კვების გამო ნაწლავური ფლორის შემადგენლობაში არსებული განსხვავება 6-7 თვისთვის ქრება და ნაწლავთა ფლორა მიღებული საკვების შესაბამისად იცვლება.

სიმპტომები. განასხვავებენ პირველად და მეორეულ დისბაქტერიოზს. პირველადი დისბაქტერიოზი შეიძლება იყოს რექაცია სხვადასხვა ცვლილებაზე, რომელიც ასე ხშირად გვხვდება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში (კბილის ამოსვლა, ვირუსული ინფექციები, ახალი საკვების მიცემა).
მეორეული დისბაქტერიოზი რომელიმე დაავადების ფონზე ვითარდება და, როგორც წესი, ამძიმებს მას. ასეთ შემთხვევაში დისბაქტერიოზი ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ გაივლის.
დისბაქტერიოზის დროს ბავშვი მოუსვენრობს ნაწლავთა შეტევითი სპაზმის გამო, რომელიც კვებიდან 1,5-2 საათის შემდეგ აღმოცენდება, ერღვევა ძილი. დისბაქტერიოზს პრაქტიკულად ყოველთვის სდევს თან მუცლის შებერვა და ნაწლავებში საკვების გადაადგილების დარღვევა, რაც ბოყინითა და ღებინებით ვლინდება. ზოგ ბავშვს აღენიშნება ხშირი დეფეკაცია, ზოგი ყოველი კვების შემდეგ გადის კუჭში, ზოგს კი, პირიქით, შეკრულობა ეწყება და კუჭის ამოქმედება მხოლოდ ოყნით თუ ხერხდება. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ვითარდება მალაბსორბციის სინდრომი (წვრილ ნაწლავებში საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევა) და აღინიშნება წონის კლება.
განასხვავებენ დისბაქტერიოზის 4 ხარისხს.
I ხარისხის ანუ კომპენსირებული დისბაქტერიოზის დროს ბავშვს შესაძლოა დაავადების არავითარი სიმპტომი არ გამოაჩნდეს და მიკროფლორის დარღვევა სრულიად შემთხვევით, სულ სხვა მიზნით გაკეთებული განავლის ანალიზით იქნეს აღმოჩენილი.
II ხარისხის დისბაქტერიოზის დროს განავალი თხევადია, მომწვანო, მოსალოდნელია შეკრულობა ან გულისრევის შეგრძნება.
III ხარისხის დისბაქტერიოზის დროს ბავშვს მადა დაქვეითებული აქვს, განავალი – თხევადი, მეტწილად – მწვანე ფერის, ზოგადი მდგომარეობა – გაუარესებული.
IV ხარისხის დისბაქტერიოზისთვის დამახასიათებელია სხეულის მასის დეფიციტი, კანის სიფითრე, მადის დაქვეითება, ხშირი თხევადი, მომწვანო, ლორწოვანი განავალი მკვეთრი მჟავე სუნით. ბავშვს შებერილი აქვს მუცელი და წონაში იკლებს.
ნაწლავებში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ორგანიზმში შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი, მაგალითად, გახანგრძლივებული ალერგიული რეაქცია არაალერგიული პროდუქტების მიმართაც კი, ნაწლავის, ღვიძლის, პანკრეასის, ენდოკრინული სისტემის დისფუნქცია. ასევე, მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების: გასტრიტის, კუჭის წყლულოვანი დაავადების, ნეიროდერმიტის, ბრონქული ასთმის,  ჰიპოვიტამინოზის (განსაკუთრებით – B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის) განვითარება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დიაგნოზს განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სვამენ. განავალი გამოკვლეულ უნდა იქნეს დეფეკაციიდან არა უგვიანეს 2 საათისა. მკურნალობა ინდივიდუალურია.

პროფილაქტიკა. მოზრდილ ბავშვებს კომპენსირებული დისბაქტერიოზის მკურნალობა არ სჭირდებათ, ჩვილებისთვის კი მკურნალობა ნებისმიერი ხარისხის დისბაქტერიოზის შემთხვევაში აუცილებელია, ვინაიდან ამ ასაკში ლაბილური იმუნური სისტემის გამო კომპენსირებადი ფორმა აუცილებლად გადაიზრდება დეკომპენსირებულში. იმუნიტეტის მცირედი დაქვეითებაც კი (რაც შეიძლება გამოიწვიოს კბილის ამოსვლამ, აცრამ, ხელოვნურ კვებაზე გადაყვანამ და ა.შ.) მას არაკომპენსირებად ფაზაში გადაიყვანს.
დისბაქტერიოზის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. უმჯობესია, მისი პროფილაქტიკა დაბადებისთანავე დავიწყოთ. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეძლებისდაგვარად უარი უნდა ვთქვათ წამლების, განსაკუთრებით – ანტიბიოტიკების, მიღებაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს დედის სწორ კვებას. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებით. რეკომენდებულია წვენები და ცოცხალი ხილი. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ძნელად მოსანელებელი (ცხოველური ცხიმი, ტორტი, შებოლილი ხორცი, ძეხვი, სოსისი), ძლიერ ალერგენული (თევზი, შოკოლადი, კაკაო) სურსათი. დაორსულებამდე უნდა ვუმკურნალოთ ინფექციის ყველა კერას (კბილის, ცხვირ-ხახის, შარდ-სასქესო და კუჭ-ნაწლავის ინფექციებს). ორსულმა ბევრი უნდა ისეირნოს, მაგრამ არ უნდა გადაიღალოს.
ზოგადად, დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა გულისხმობს: ბავშვისთვის ძუძუს მიცემას დაბადებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში; ორსულისა და მეძუძური ქალის რაციონალურ, ბალანსირებულ კვებას, განსაკუთრებით – ანტიბიოტიკების გამოყენებისას (ვიტამინებისა და რძემჟავა პროდუქტების ჩართვით); იმ პირთა სანაციას, ვინც უვლის ახალშობილს; კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული ფუნქციონალური და ანთებითი პროცესების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას; ბავშვის ზრდა-განვითარებაზე (მადა, წონისა და სიმაღლის მატება) დაკვირვებას; როგორც ხელოვნურ, ისე ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვების რაციონში ახალი საკვების თანდათან ჩართვას; ხელოვნური კვების დროს ერთი სახის საკვებიდან მეორეზე თანდათანობით გადასვლას.
დისბაქტერიოზის მკურნალობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის დიეტას. იგი ბავშვის ასაკს უნდა ეთანადებოდეს. რაციონში უნდა შედიოდეს რძემჟავა ნარევები და რძემჟავა პროდუქტები. კარგია გვირილისა და პიტნის ნახარშები, განზავებული ბროწეულის წვენი. ჩვილებს დისბაქტერიოზის დროს კი არ უნდა შევუწყვიტოთ ძუძუთი კვება, არამედ რაც შეიძლება დიდხანს გავუგრძელოთ.
მედიკამენტებიდან დისბაქტერიოზის დროს ინიშნება ვიტამინები და ფერმენტები. ნაწლავებში მობინადრე მიკროორგანიზმების დეფიციტის შესავსებად გამოიყენება პრობიოტიკები – პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ამ მიკროორგანიზმებს და პრებიოტიკები – არამიკრობული შემადგენლობის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალური მიკროფლორის განვითარებას. რაც მთავარია, აუცილებელია იმ დაავადების მკურნალობა, რომლის ფონზეც განვითარდა დისბაქტერიოზი.

 

 

დისბაქტერიოზი – Dysbacteriosis – дисбактериоз

ადამიანის ორგანიზმში 500-მდე მიკროორგანიზმი ბინადრობს. მათ რამდენიმე ჯგუფად: ობლიგატურ (აუცილებელ), ფაკულტატურ (პირობითად პათოლოგიურ) და ტრანზიტორულ (შემთხვევით) მიკროორგანიზმებად – ყოფენ. ნაწლავთა ფლორის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ და ადამიანის ორგანიზმს იცავენ. პირველ ყოვლისა, უზრუნველყოფენ ნაწლავის სტაბილურ მიკრობულ შემადგენლობას. სასარგებლო ბაქტერიები გამოიმუშავებენ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში, ხელს უწყობენ ზოგიერთი აუცილებელი ნივთიერების (D ვიტამინის, რკინის, კალციუმის) შეწოვას, B ჯგუფის, C, K ვიტამინების, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავას სინთეზს, ანტიბიოტიკური ნივთიერებების გამომუშავებით თრგუნავენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას და ასტიმულირებენ იმუნიტეტს. როგორც კი სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობა შემცირდება, პათოლოგიური ბაქტერიები გამრავლებას იწყებენ, ტოქსინებს გამოიმუშავებენ და ორგანიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენენ. ერთი სიტყვით, ვითარდება დისბაქტერიოზი ანუ ორგანიზმის მიკრობული წონასწორობის რღვევა.

მიზეზები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (პირის ღრუდან დაწყებული, მსხვილი ნაწლავის ჩათვლით) მიკროფლორაზე გავლენას ახდენს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ფაქტორები. შინაგანი ფაქტორებია ლორწოვანი გარსიდან გამოყოფილი წვენი და კუჭ-ნაწლავის სანათურში არსებულ მიკრობთა ურთიერთობა, გარეგანი – კვება, ანტიბაქტერიული პრეპარატების ჭარბად მიღება, გარემოს ზემოქმედება და სხვა.
დიზბაქტერიოზი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ კუჭში, მხოლოდ წვრილ ნაწლავში ან მხოლოდ მსხვილ ნაწლავში, თუმცა უფრო ხშირია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთდროული დისბიოზი.
დისბაქტერიოზი შეიძლება გამოიწვიოს წვრილი ნაწლავის ფისტულამ, სეკრეტორულმა უკმარისობამ, კუჭისა და წვრილი ნაწლავების ოპერაციამ, სხვადასხვა ინფექციამ, სიმსივნურმა პროცესებმა, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებისა და საფაღარათო პრეპარატების ხანგრძლივმა მიღებამ და სხვა. მსხვილი ნაწლავის დისბაქტერიოზის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბუასილი, ანალური ნაპრალი, დივერტიკული,  პოლიპი,  სიმსივნე,  ეროზიები, კრონის დაავადება.

სიმპტომები. ავადმყოფის ჩივილები იმაზეა დამოკიდებული, რომელი დაავადების ფონზე განვითარდა დისბაქტერიოზი. ზოგადად, დამახასიათებელია ტკივილები, უმეტესად – მუცლის მარცხენა ქვედა და გვერდით მიდამოში (მსხვილი ნაწლავის საპროექციო არეში), იშვიათად – ჭიპის ირგვლივ, ასევე – მუცლის შებერვა, დისკომფორტი და ტკივილის გაძლიერება საკვების, განსაკუთრებით – ცხიმიანი კერძის, რძის, ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ. ბევრს აწუხებს ტენეზმი (ცრუ ჭინთვა), მუცლის ყურყური, ძლიერი შებერილობა. პერიოდულად აღინიშნება ფაღარათი ფაფისებრი განავლით. ზოგჯერ დეფეკაციის მოთხოვნილება საკვების მიღებისთანავე წარმოიშობა. ხშირია ნაწლავთა არასრული დაცლის შეგრძნება თხელი და გაფორმებული განავლის მონაცვლეობით ანდა დღეში რამდენიმეჯერ ლორწოს გამოყოფით. ხშირად ვითარდება დისპეფსიური სინდრომიც: გულისრევის შეგრძნება, უმადობა, მეტალის გემო პირში. ამ ყველაფერს თან ახლავს სწრაფი დაღლა, თავის ტკივილი, ცუდი ძილი, სისუსტე.

დიაგნოსტიკა. აუცილებელია განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, სწორი ნაწლავის ინსტრუმენტული გამოკვლევა.

მკურნალობა. მკურნალობა ითვალისწინებს ნაწლავური ფლორის ნორმალიზებას, ნაწლავთა მოშლილი მოტორიკის აღდგენას და თანმხლები და გამომწვევი დაავადებების მკურნალობას, ასევე – ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებების გამოყენებას.
მეტად მნიშვნელოვანია დიეტა, განსაკუთრებით – დიარეისას. ამ დროს რაციონიდან გამოირიცხება შავი პური, რძე, ცოცხალი ბოსტნეული, ხილი, ცხიმი, სანელებლები. მუცლის შებერვისას დროებით იზღუდება პარკოსანი მცენარეები, კომბოსტო, შაქრიანი საკვები და ყველა სხვა პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავური აირების წარმოქმნას. რეკომენდებულია დიეტა #4, #4ბ.

 

 

Don`t copy text!